მთავარი,სიახლეები

პარლამენტთან საპროტესტო აქციას არბევენ – აქციის მეორე დღე

09.03.2023 • 1007
პარლამენტთან საპროტესტო აქციას არბევენ – აქციის მეორე დღე

8 მარტს, ღამით, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები.

აქცია ამ წუთებშიც [9 მარტი, 00:10 სთ] გრძელდება. დარბევის მიუხედავად რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეები ისევ უბრუნდებიან. პარლამენტის შენობასთან ამოყირავებულია პოლიციის ავტომანქანა.

აქციის უკანონოდ დაშლამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამდე კი, ვაშაძემ ერთსაათიანი ვადა მისცა „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გასაწვევად და 7 მარტის საპროტესტო აქციაზე დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად.

პარლამენტთან მეორე დღეა იმართება აქცია „არა რუსულ კანონს“. აქციები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, როცა პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენების შესახებ“.

  • რა ხდება?

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: