მთავარი,სიახლეები

უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს, ეს პუტინის მეხუთე მარცხია – კულება

01.03.2023
უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს, ეს პუტინის მეხუთე მარცხია – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ 2023 წლის პირველ მარტს რუსეთმა მეხუთე მარცხი იწვნია უკრაინაში – უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს.

ამის შესახებ კულება ფეისბუქზე წერს.

„2023 წლის 1-ელ მარტს პუტინმა იწვნია მეხუთე მსხვილი მარცხი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ – უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი.

ჩვენ გავუძელით ყველაზე რთულ ზამთარს ჩვენს ისტორიაში. იყო სიცივე და სიბნელე, მაგრამ ჩვენ ვიყავით ურყევი.

ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი პარტნიორები და გვეხმარებოდნენ.

გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც, მოსკოვის ხორხოცის მიუხედავად, არ გაიყინა რუსული გაზის გარეშე. ერთი რჩევა რუსეთს – დაიხრჩვეთ თქვენი გაზით და რაკეტებით.

ეს უკვე მეხუთე მარცხია.

პირველი მარცხი იყო, როცა შეტევის პირველივე წუთებიდან პუტინს არ მივეცით შიშით ჩვენი პარალიზების საშუალება.

მეორე, როდესაც ჩვენ ჩავშალეთ რუსული ბლიცკრიგის გეგმა. უკრაინა არც სამ დღეში დაეცა, არც შვიდში, არც ერთ თვეში და არც ერთ წელიწადში. და არასოდეს დაეცემა.

მესამე მარცხი მივაყენეთ რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე: მსოფლიო კოალიცია უკრაინისთვის, რეზოლუციები, იზოლაცია, იარაღი, სანქციები, ენერგეტიკული, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას.

მეოთხე მარცხი – რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა უკრაინის შეიარაღებული ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებებისა და კონტრშეტევების შედეგად.

საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რთული გზაა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ მოვიგოთ. ამისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ და გვჯეროდეს უკრაინის“ – წერს კულება.

2022-2023 წლის ზამთარში რუსეთმა დიდი დარტყმა მიაყენა უკრაინის ენერგოობიექტებს, რის შედეგადაც ქვეყანაში ქალაქებსა და სოფლებს შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მიუხედავად სირთულეებისა, უკრაინამ ენერგოკრიზისს გაუძლო.

______________

ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: