„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ის პერსონალურ სანქციებს ელის, როცა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს დემარშსაც არ ითვალისწინებს.
თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია პროტესტის მასშტაბი ქვეყნის შიგნით.
რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირი დემარშს, რას გულისხმობს იგი და რა ხდება მაშინ, როცა სახელმწიფო დემარშის მოთხოვნას არ ითვალისწინებს? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი.
- ბატონო არმაზ, რა არის დემარში და რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირის ურთიერთობის ამ ფორმას?
დემარში დიპლომატიური ურთიერთობის პრაქტიკაში მიღებული ფორმაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს აფრთხილებს, საყვედურობს. ჩვენ შემთხვევაში ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფო ერთდროულად, ერთ ხმაში გვაძლევს გაფრთხილებას. ეს არის ფაქტობრივად წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის ევროკავშირისგან.
დემარში იშვიათი შემთხვევაა, რადგან იგი უკიდურესი ზომაა. შეგვიძლია გავიხსენოთ თურქეთის შემთხვევა, რომელსაც წლებია აქვს კანდიდატის სტატუსი და ცალკეული შემთხვევები იყო, როცა უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევებზე ევროკავშირს, ცხადია, ჰქონდა რეაქცია, მაგრამ არ ყოფილა დემარში.
ჩვენი შემთხვევა არის უპრეცედენტო, როცა ქვეყანა აცხადებს ფორმალურად სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ დროს ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების დაცვაზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე უარს ამბობს.
ევროპის კავშირმა, მასში შემავალი 27 სახელმწიფოს მთავრობამ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი უფლებების დაცვა ევროპის კავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა იყოს დაცული.
- რა გამოჩნდა „ოცნების“ რეაქციიდან? იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს მოვუყევით, რაც კეთდება სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავადო.
არაფერი ახალი არ გამოჩენილა პერმანენტული უპასუხისმგებლობის გარდა. ეს არის თავხედური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობისა დასავლეთის რეკომენდაციებზე, ევროკავშირის მიმართვაზე, რჩევებსა და სურვილებზე. საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტი თავხედობა ჩაიდინოს, რამაც შეიძლება გაამწვავოს და დაძაბოს ურთიერთობა საქართველოს და ევროპის კავშირს შორის, საქართველო და შეერთებულ შტატებს შორის. ეს არის გააზრებული ნაბიჯი „ქართული ოცნებისა“.
- რა მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა ის, მაგალითად, დემარშის მოთხოვნას არ ითვალისწინებს, რაც გულისხმობს მესამე პრეზიდენტისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მომსახურების გაწევას?
ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. ის კარგად ხვდება, რომ ევროპის კავშირთან და დასავლეთთან დაახლოება მისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. გარემოში, სადაც ოდნავ მაინც დემოკრატიულობა იქნება შესაძლებელი, ის ვეღარ შეინარჩუნებს მიტაცებულ ძალაუფლებას.
„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე.
- რის იმედი აქვს ამ დროს ივანიშვილს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპას ირჩევს?
ის აპირებს აშკარად, რომ განამტკიცოს რეპრესიული მანქანა, შექმნას ისეთი კანონები, რომელიც აგვიკრძალავს მიტინგს და პროტესტის გამოხატვასაც. ჩემი აზრით, აიკრძალება საერთოდ სიტყვის თავისუფლება და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, თუ დღეს არ გამოვხატავთ პროტესტს „ოცნების“ ამ აღვირახსნილი პოლიტიკის გამო.
- თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ მთავრობასთან დაახლოებულმა ორბანმა რატომ დაუჭირა მხარი დემარშს?
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტი: დღეს აღარ დარჩა არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში სახელმწიფო, რომელიც არ გამოხატავს თავის მხარდამჭერ პოზიციებს უკრაინის მიმართ. თითზე ჩამოსათვლელია ეს დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც პუტინის მხარეს არიან. წარმოიდგინეთ, რომ ყოფილ საბჭოთა, შუა აზიის რესპუბლიკებში მკაფიო აზრია იმის შესახებ, რომ უნდა ჩამოშორდნენ რუსულ ორბიტას და დაუკავშირდნენ დასავლეთს.
ამ ფონზე საქართველო ერთადერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნად რჩება, რომელიც შეუნიღბავად უჭერს მხარს პუტინის მმართველობას: არ არის საკმარისად გამოხატული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ვიღებთ რუსულ კანონპროექტს და პირდაპირ ვკლავთ მესამე პრეზიდენტს. ვიქცევით, როგორც ქაჯები.
უნგრეთში დღეს შესაძლოა არის ხელისუფლება ამ შეფერილობით, მაგრამ უნგრეთი არის ცენტრალური ევროპის წარმატებული ქვეყანა, რომლის ხალხიც კარგად აცნობიერებს, რომ ერთადერთი გზა დემოკრატიაა და სამართლის უზენაესობა. უნგრეთის ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადაახვევინებს უნგრელ ხალხს ევროპული გზიდან, ამ ხალხს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საბჭოთა ოკუპაცია, ტანკები და თავისუფლების წართმევაც. შესაბამისად, შინაგანი სურვილების მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლება კარგად იაზრებს, რას ნიშნავს დასავლური ორბიტის მიღმა დარჩება, იგი ანგარიშს უწევს მოსახლეობის სურვილს.
- მოუწევს იგივე სურვილის გათვალისწინება ივანიშვილს საქართველოში?
მხოლოდ მაშინ მოუწევს, როდესაც ჩვენ, საზოგადოება იძულებულს გავხდით, ეს გაითვალისწინოს. სხვა გზა დღეს აღარ არის. იძულების გარეშე „ქართული ოცნება“ პირიქით, რეპრესიულ მანქანას გააასმაგებს. საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ გამპროტესტებელიც აღარავინ დარჩეს.
- რა იქნება ახლა, როცა გაირკვა, რომ დემარშსაც არ ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება?
„ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინებს ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ამ მოთხოვნას. მისთვის დღეს არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, უფრო დიდი საქმე, ვიდრე დღენიადაგ ზრუნვა იმაზე, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება.
„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს მიმართვა და დემარში, ის რეაგირებას მოახდენს მხოლოდ კონკრეტულ სანქციებზე და რეაგირებას მოახდენს მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იქნება ისეთი, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, გაითვალისწინოს ჩვენი ხმა, მოთხოვნა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის კავშირში.
დემარშის შეუსრულებლობის პასუხად ევროპის კავშირი, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებს ძალას, მაგრამ მის ხელშია ზეგავლენის, ზემოქმედების, თუნდაც ზეწოლის ბერკეტები. ევროპის კავშირს ბევრი რამ აქვს არსენალში, რაც შეიძლება აამოქმედოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ფორმალურად აცხადებს, რომ სურს მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
- რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ევროკავშირმა ამ შემთხვევაში?
უმთავრესი ბერკეტი არის ევროპის კავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სწორედ ბრიუსელში ეს 27 სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას ერთობლივად, იმსახურებს თუ არა საქართველო ჰქონდეს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი.
არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობაც, მათ შორის, ფინანსური სანქციები: საქართველო ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სავიზო რეჟიმს…
- თქვენ რაც ახსენეთ, ეს ეხება ქვეყანას, სადაც მოსახლეობის 80 %-ზე მეტს ევროკავშირი სურს და ეს რამდენიმე დღის წინ აქციაზეც გამოჩნდა.
დემარშის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა, ისე, როგორც სხვა უმწვავესი თემები, როგორიცაა რუსული კანონპროექტი აგენტების შესახებ, უზარმაზარი პრობლემაა, რაც შეუქმნა საქართველოს „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის კავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს საკითხები თავისუფლად შეიძლება გახდეს სანქცირების მიზეზი და სანქცირებული იქნებიან კონკრეტული პირები, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი, ასევე ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ დემარშის მოთხოვნას.
დარწმუნებული ვარ, თუ ამ გზით წავიდა საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა, თითოეული ადამიანი, ვინც ამას თავის თავზე აიღებს, ანუ ვინც ხელს მოაწერს საქართველოს კრემლის ორბიტაზე დარჩენას, იქნება სანქცირებული.
თუ საქართველოს მთავრობა არ გაუშვებს მესამე პრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, ეს ჩაითვლება ამ მოთხოვნის შეუსრულებლობად. თუ ხელისუფლება განაგრძობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტობრივად წამებას და არაადამიანურ პირობებში დატოვებს მას, რა თქმა უნდა, ეს ჩაითვლება მოთხოვნის შეუსრულებლობად.
- ფაქტია, რომ სააკაშვილს არ უშვებენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რუსულ კანონსაც იღებენ. როდის შეიძლება დაწესდეს სანქციები, რამაც შესაძლოა ეს პროცესი შეაჩეროს?
ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებაც, რუსული კანონპროექტი აგენტების შესახებ, ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული გეგმა: საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საბოლოოდ ჩაიკეტოს გზა ევროპისკენ, დასავლეთისკენ, რომ ზურგი შეგვაქციოს დასავლეთმა. ეს არის უმთავრესი განზრახვა ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფების.
ყველა ამ უმწვავესი პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთადერთი გზით: თუკი საქართველოს მოქალაქეები გავისიგრძეგანებთ, რა გვჭირს და რატომ. ეს პროცესი შეჩერდება, თუ შევძლებთ პროტესტს იმ მასშტაბით, იმ სიღრმით და დოზით, რომ „ოცნება“ იძულებული გახდეს, შეცვალოს თავისი ჩანაფიქრი. თუ ამას ვერ შევძლებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ჩვენს ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებს.
ვფიქრობ, სულ მალე დადგება დრო, როდესაც საქართველოს მთავრობის მეთაურს, მის წარმომადგენლებს – რატი ბრეგვაძეს და მისნაირებს დასავლეთში აღარავინ არ შეხვდება, ხელს არავინ ჩამოართმევს. იქნება პერსონალური სანქციებიც. ვფიქრობ, ეს გამოაფხიზლებს ჩვენს საზოგადოებას!
- გამოფხიზლება ახსენეთ და ხალხის გამოფხიზლებაა პრობლემა, თუ პოლიტიკოსების, რომლებმაც უნდა მოახერხონ პროტესტის ორგანიზება?
ჩემი აზრით, ორივე პრობლემაა: გამოფხიზლება და პროტესტის ორგანიზებაც. ვფიქრობ, გამოფხიზლების შემთხვევაში პროტესტი იქნება სულ სხვა ხარისხის და ეს სავსებით შესაძლებელია. პოლიტიკური შემადგენელი კი, დღეს ჩემთვის ერთადერთია: პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია გაერთიანდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანუკვარი იდეის ირგვლივ. ამ შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი გაათასმაგდება. ჩვენ რუსთაველზე და სხვაგანაც ვნახავთ იმდენ ადამიანს, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, გაიაზროს თავისი თავხედობა და გადადგას თანმხვედრი ნაბიჯები.