მთავარი,სიახლეები

დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე

01.03.2023 • 1076
დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე

„ეს როგორ შეიძლება? რატომ აკეთებენ ამას? რისი გულისთვის თან? ვიღაცებმა რომ ფულები იშოვონ იმის გულისთვის?“ – ვიდეო, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებული ვაჟა მარუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიციას ტირილით უსვამს კითხვებს, 26 თებერვლის საღამოს გავრცელდა.

იმ დღეს საირმეში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ და ასე მიექციათ ხელისუფლების ყურადღება მათი პრობლემისაკენ, მაგრამ პასუხად ძალადობა მიიღეს.

ვაჟა მარუაშვილი, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსში“ სამუშაოდ ათი წლის წინ მივიდა. ის და მისი 33 თანამშრომელი უკანასკნელი 17 დღეა მინერალური წყლების მწარმოებელი ქარხნის წინ, თოვლსა და ყინვაში საპროტესტო აქციას მართავს.

დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ძირითად მოთხოვნებს, რომელიც დასაქმებულებს 17 დღის წინ ჰქონდათ, რამდენიმე დღეა იანვრის თვის კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნაც დაემატა.

  • რას ითხოვენ „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები 

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები 13 თებერვალს გაიფიცნენ. გაფიცვას წინ უძღოდა მედიაციის პროცესი, რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იყო ჩართული, თუმცა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაცია ვერ შედგა.

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები ითხოვენ:

  • ხელფასების 30%-იანი ზრდას
  • ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს
  • ქარხნის გამართულ მუშაობას და იქ არსებული ანტისანიტარიის მოგვარებას
  • იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურებას

რა გახდა გაფიცვის მიზეზი – რას ჰყვებიან დასაქმებულები და რას პასუხობს მენეჯმენტი

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულთა თქმით, ქარხანაში არ არის უსაფრთხო შრომისთვის საჭირო პირობები, საწარმოში არ აქვს გამწოვი, არ არის გათბობა და საქარხნო დანადგარები მოძველებულია. საწარმოში არის ანტისანიტარია.

დასაქმებულები ამბობენ, რომ მათი შრომითი პირობები სიცოცხლისთვის სახიფათოა. კერძოდ, უწევთ მუშაობა დახურულ სივრცეში, სადაც გროვდება ოზონი, რომელიც წყლის წარმოებისთვისაა საჭირო. დასაქმებულთა მტკიცებით, თუკი სამუშაო სივრციდან ადამიანი ხშირად არ გამოვა, შესაძლოა გაიგუდოს.

გაფიცულ დასაქმებულთა მოთხოვნებს არ იზიარებსკომპანიის მენეჯმენტი. „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე “ბათუმელებისთვის” წერილობით გამოგზავნილ ინტერვიუში აცხადებს, რომ კომპანიის ინტერესია განვითარება და წარმოების ზრდა, რისი ერთ-ერთი წინაპირობაც ტექნიკურად გამართული დანადგარებია. შესაბამისად, ყველაზე მეტად კომპანიის პრიორიტეტია საწარმოო პროცესის სრულყოფა და თანამშრომლების სრული დატვირთვით დასაქმება.

„კომპანია სისტემატურად მოწმდება შრომის ინსპექციის, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საირმე მინერალ ვოთერსს“ გააჩნია ISO 22000 სერტიფიკატი, იცავს ყველა სურსათთან დაკავშირებულ პროცედურებს. პროდუქტი ავტორიზებულ ლაბორატორიებში მუდმივად გადის შემოწმებას.

საწარმოს ტერიტორიაზე შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით, კომპანიის მიერ გატარებულია საჭირო ღონისძიებები.

რაც შეეხება ანტისანიტარიას, წყალი მოდის მთელ ტერიტორიაზე. საწარმოო შენობის მეორე სართულზე კი პერსონალისთვის განთავსებულია საშხაპეები, ხელსაბანები, საპირფარეშოები, კეთილმოწყობილი, აღჭურვილია ცივი და ცხელი წყლით. კომპანია ზრუნავს ჰიგიენის დაცვაზე და მის შენარჩუნებაზე,“ – ნათქვამია კომპანიიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

  • ხელფასი

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები ჰყვებიან, რომ მათი შრომის ანაზღაურება დღეში 44 ლარია. თვის განმავლობაში 24 სამუშაო დღიდან უმეტესად 16-17 დღე მუშაობენ. დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 700-900 ლარია.

დასაქმებულები ჰყვებიან, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამსახურში მისულან, ელექტროენერგია არ ყოფილა და ადმინისტრაციას ასეთი დღე სამუშაო დღედ არ გაუტარებია.

„მე ვარ შემფუთავი ოპერატორი. ჩემი ხელფასი ბოლო 6 თვის განმავლობაში არის 1050 ლარი. თქვენც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენ ბუღალტერს და მოსთხოვოთ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე ხელფასების ოდენობის გასაჯაროება. ჩვენ თანახმა ვართ. ვიმეორებ, გაასაჯაროონ ბოლო 6 თვის ხელფასი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულებმა შალვა ქობალიამ.

მისი თქმით, დეკემბერში ქარხანაში დასაქმებულებმა მაღალი დატვირთვის გამო ზეგანაკვეთურად იმუშავეს, ამიტომ დეკემბრის თვეში სხვა თვეებთან შედარებით მათი ანაზღაურება მაღალი იყო.

შალვა ქობალია და სხვა გაფიცულები კომპანიისგან ითხოვენ ბოლო 6 თვის ამონაწერის გასაჯაროებას და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ნათლად გამოჩნდება რეალურად რა ხელფასზე უწევდათ მუშაობა.

„ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა ხელფასის თაობაზე ინფორმაცია „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ ლევან კასრაძემ.

„ჩვენ ამოღებული გვაქვს ბოლო 6 თვის მონაცემები და მასზე დაყრდნობით ვადასტურებთ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიცხული საშუალო ხელფასი 1473 ლარიდან 1711 ლარამდე მერყეობს, ზოგიერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი კი კონკრეტულ თვეებში 2000 ლარსაც ცდება.

2022 წელს ხელფასების მნიშვნელოვნად, 50%-ით გაიზარდა. ამავე წელს, წარმოებაში დასაქმებულების რაოდენობა 20 ადამიანით გაიზარდა. დღესდღეობით, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია,“ – მოგვწერა ლევან კასრაძემ.

ამასთან, ლევან კასრაძის თქმით, კომპანია საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მზადაა გაასაჯაროოს ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუკი გაფიცულები ამაზე წერილობით თანხმობას მისცემენ კომპანიას.

სოლიდარობა და პროფკავშირების როლი

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა კერძო საწარმოში დასაქმებულებმაც. მაგალითად, „გურია ექსპრესში“ დასაქმებულთა პროფკავშირმა გაფიცულებს ოჯახში დამზადებული პროდუქტები ჩაუტანა.

გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა შრომითმა პროფკავშირმაც.

საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებთან ერთადაა გიორგი დიასამიძე, აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ „გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“.

გიორგი დიასამიძე აქცენტს აკეთებს შრომის ინსპექციაზე და ამბობს, რომ ამ სამსახურის უმოქმედობის შედეგიც არის დღეს მიმდინარე საპროტესტო გაფიცვა.

„შრომის ინსპექცია იყო შესული [საწარმოში]. შრომის ინსპექციამ ის დარღვევები, რაც ქარხანაშია, ვერ აღმოაჩინა. ეს ბადებს ეჭვს, რომ ბექა ფერაძის ხელმძღვანელობის პირობებში შრომის ინსპექცია გადაიქცა კანტორად. შესაბამისად, ამ ყველაფერმა იმოქმედა იმაზე, რასაც დღეს ვუყურებთ,“ – ამბობს გიორგი დიასამიძე „ბათუმელებთან“.

რა გამოარკვია შრომის ინსპექციამ

როდის შეამოწმა და რა დარღვევები აღმოაჩინა შრომის ინსპექციამ „საირმე მინერალ ვოთერსში“ – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შრომის ინსპექციას მიმართა.

მიუხედავად ნახევარ დღიანი ლოდინისა, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი სახელმწიფო უწყებისგან ვერ მივიღეთ.

რას პასუხობს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ადმინისტრაცია გაფიცულებს

„ბათუმელების“ კითხვებს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან კასრაძემ წერილობით უპასუხა. ჩვენ მას ვკითხეთ, აპირებს თუ არა კომპანია გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებას და მათი რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„2022 წლის თებერვალში გაფორმდა მედიაციის პირველი ხელშეკრულება, რასაც კომპანია მკაცრად იცავდა და არანაირი პრეტენზია არ ყოფილა არც დასაქმებულების და არც პროფკავშირების მხრიდან. გაურკვეველი მიზეზების გამო გიორგი დიასამიძის მიერ ინიცირებული იყო მეორე მედიაცია. ამის მიუხედავად დასაწყისშივე სრულფასოვნად ჩავერთეთ მედიაციის პროცესში და მოკლე დროში წარმოვადგინეთ ჩვენი წინადადება.

ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ 27 პუნქტი შეადგინა და მედიაციის პროცესიც ჩიხში შევიდა. ამას ემატება ცრუ ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც ძირითადად, პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძისა და გაფიცულთა ნაწილისგან ვრცელდება.

ყოველდღიურად განვითარებული მოვლენები, პროვოკაციები, გზის გადაკეტვა, იმ თანამშრომლების შეურაცხყოფა, რომლებიც მუშაობენ, გვარწმუნებს, რომ კომპანიის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს და გიორგი დიასამიძის ინტერესი არა თანამშრომლების ინტერესების დაცვა, არამედ საწარმოო პროცესის გაჩერებაა,“ – მოგვწერა ჩვენს კითხვაზე პასუხად „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ ლევან კასრაძემ.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კომპანიამ მიმდინარე გაფიცვით ორი სახის ზიანი მიიღო, რეპუტაციული და ფინანსური.

„საწარმო არასრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას და ვცდილობთ წარმოების შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია ვითარდებოდა და პროპორციულად იზრდებოდა ყველა თანამშრომლის ხელფასი. მაგრამ დღეს, როცა ვსაუბრობთ გაფიცვის დროს მიყენებულ ზარალზე (მაგალითად, საწარმო არ მუშაობს სრული დატვირთვით, ამ ფონზე ადგილი აქვს პროდუქციის ტრანსპორტირების შეფერხებას გაფიცულების მხრიდან დ ა.შ) აქ ხაზი უნდა გაესვას  არაპირდაპირ ზარალსაც, რომელიც წარმოიქმნება იმიჯის შელახვით.

ამიტომ დღეს ზარალის მოცულობაზე ჯერჯერობით რთულია კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ზარალი, რაც ამ გაფიცვების შედეგად კომპანიას ადგება, არ იქნება მცირე. ეს ყველაფერი დაითვლება  და მონაცემები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს“, – ამბობს ლევან კასრაძე.

„ბათუმელებმა“ კომპანიის დირექტორს ჰკითხა, თუ რატომ არ აქვთ ამ დრომდე გაფიცულ თანამშრომლებს მიღებული იანვრის თვის ანაზღაურება და როდის მიიღებენ დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს.   

„შრომის კოდექსის მიხედვით, კომპანია არ არის ვალდებული გაფიცვის დროს დასაქმებულებს გადაუხადოს ხელფასი. ჩვენ იანვრის ხელფასებს გადავიხდით გაფიცვის დასრულების შემდეგ, რაზეც გაფიცულები ჩავაყენეთ საქმის კურსში. ცნობისათვის, წლების განმავლობაში ჩვენ 1 დღეც არ გადაგვიცილებია, ხელფასებს და სხვა სახის ანაზღაურებას თანამშრომლებს დროულად ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სამსახურიდან 1 თანამშრომელიც არ გაგვითავისუფლებია“, – მოგვწერა პასუხად ლევან კასრაძემ.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ შესახებ

შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ საქართველოში 2010 წელს დააფუძნეს. კომპანია საქართველოში მტკნარი წყლის მოპოვების 3 ლიცენზიას 2011 წლიდან 2036 წლამდე ფლობს.

კომპანიის 92 %-ის მფლობელი 25 წლის იაკოვ გვიჩიაა. ის ორმაგი მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეც არის.

კომპანიის დარჩენილ 4-4 %-ს თანაბრად ინაწილებენ  სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქე პირები გია და ხათუნა გვიჩიები [ხათუნა გვიჩია, გია გვიჩიას მეუღლეა].

სენტ-კიტსი და ნევისი არის კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში.

გია გვიჩია პარალელურად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება ფლობენ თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა ცესკოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში ისინიც იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები, სადაც 92 %-ის მფლობელი იაკოვ გვიჩია.

გია გვიჩია დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობს და იქ ეწევა ბიზნესსაქმიანობასაც. ის რუსეთში დიდი ხანის განმავლობაში ლუდის ბიზნესით იყო დაკავებული.

სხვადასხვა ინფორმაციით, 1999 წელს გია გვიჩიამ რუსეთის მთავრობისგან მეგობრობის ორდენი მიიღო, ამავე წელს ის საქართველოში ღირსების ორდენით დაუჯილდოებიათ.

კომპანიის დირექტორი, იანინა მაშკოვაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

„საირმე მინერალ ვოთერსი“ წლების განმავლობაში მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და იღებს სახელმწიფო დაკვეთებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შემსყიდველთა სიაში არის საქართველოს რკინიგზა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: