მთავარი,სიახლეები

თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე

28.02.2023 • 1336
თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე

„შესაძლოა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ სამომავლოდ არანაირი პერსპექტივა არ ექნება არც სწავლას და არც ამ დიპლომებს, თუ ქვეყანა არ წავა დემოკრატიისკენ, არ წავა ევროპისკენ და თუ არ ვიმოქმედებთ იმის შესაცვლელად, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. რუსული კანონი არა მარტო დაანგრევს ჩვენს მომავალს, სერიოზულ რისკებს შეგვიქმნის ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც“, – ამბობს მარიამ პაქსაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

მარიამ პაქსაძე და ილია აბულაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია, „ბათუმელებს“ რუსული კანონის საფრთხესა და იმ ნიჰილიზმზე ესაუბრნენ, რასაც სტუდენტების ნაწილი უპერსპექტივობის გამო განიცდის.

„რუსული კანონი არ არის რაიმე სასიკეთო ცვლილებებისკენ მიმართული, ეს კანონი სჭირდებათ სამოქალაქო სექტორის და მედიის დემონიზებისთვის. რეალურად, ეს კანონი დაანგრევს სამოქალაქო სექტორს და სერიოზულ რისკებს ქმნის ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც.

ამ კანონს იღებენ იმისთვის, რომ გაგვაჩუმონ ისე, როგორც გააჩუმეს ადამიანები რუსეთში, ბელარუსში. ცდილობენ, აღარ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ფესვგადგმულია ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს სიღარიბე, კორუფცია, ნეპოტიზმი და თუ სხვა უკანონობა,“ – ამბობს მარიამი.

მისი აზრით, ამ კანონის შემოტანა მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, დიდი ბარიერი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„რა თქმა უნდა, ეს არის რუსული კანონი, რუსულ მაგალითზეა აღებული და კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს რუსული წესებით თამაშს, დაამონოს საზოგადოება, ჩაახშოს თავისუფალი აზრი, ჩაახშოს თავისუფალი საზოგადოება, რომ არავინ ამხილოს მათი აღვირახსნილობა.

გადავხედოთ, რომელ სახელმწიფოებშია ეს კანონი, რუსეთში და ბელარუსში ხომ?! იქ, სადაც მძლავრია ანტიდემოკრატიული ღერძი და პუტინის რეპრესიული რეჟიმი, გაცამტვერებულია გამოხატვის თავისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება.

შესაბამისად, ეს არის მთავარი აზრი და იდეა ამ კანონის, რომ იგივე გარემო შექმნას საქართველოშიც“ – მიიჩნევს მარიამი.

ის გვესაუბრება იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დადგებიან უნივერსიტეტები, სტუდენტები და მათი მომავალი.

„მე, პირადად, ჟან მონეს პროგრამით ვიმყოფებოდი ევროპაში და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ასევე ვარ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის, „არ გადადოს“ წევრიც და ევროკავშირისგან არაერთი მცირე გრანტიც მიგვიღია, რითაც ისევ ჩვენს ქალაქში არსებულ პრობლემებზე ვიმუშავეთ.

ვმუშაობდით არაადაპტირებული ტრანსპორტის საკითხზე, უსაფრთხო გადასასვლელების თემაზე და სხვა სოციალურ საკითხებზე, რაც ეხება ჩვენს ქალაქს და საზოგადოებას.

ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოურ დაფინანსებას, რადგან რეალურად, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ქვეყანას ხმარდება, ჩვენს ღარიბ ქვეყანაში სამწუხაროდ, ვერ მოიძიებ ფინანსურ რესურსებს ასეთი საქმეებისთვის, რადგან ბიზნესი არ უჭერს მხარს სოციალურ და ახალგაზრდულ პროგრამებს, ამიტომ უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ქვეყანაში, სადაც კორუფცია, ნეპოტიზმი და ბევრი უსამართლობაა, სადაც მოშლილია სასამართლო სისტემა, დონორების მოძიების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავთ. ამიტომ რუსული კანონის მიღებით, ფაქტობრივად, ამ გზის დახშობას ცდილობენ ჩვენთვის“ – გვითხრა მარიამ პაქსაძემ.

მისი აზრით, რუსული კანონი განვითარების შეჩერებას ნიშნავს.

„ჩემი მომავალი, როგორც ახალგაზრდის, წარმომიდგენია განვითარებულ ქვეყანაში და არა ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე სოციალურ პრობლემებზე მიწევს ფიქრი. ფიქრი იმაზე, როგორ ვისწავლო, სად დავსაქმდე და როგორ ვრეალიზდე.

ვფიქრობ, სტუდენტების ნაწილის ნიჰილიზმს სწორედ ეს განაპირობებს. მათ პროტესტს ხშირად არ მოაქვს შედეგი, ვინც ხმას ამოიღებს, ცდილობენ პრობლემები შეუქმნან, უნივერსიტეტშიც შექმნილია გარემო თავისუფალი აზრის ჩახშობისთვის და ეს არის პრობლემა.

დიდი ნაწილი ალბათ ვერ აცნობიერებს იმას, რომ შორეულ პერსპექტივაში ეს სწავლა და დიპლომი არაფერი არ იქნება, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, არ შევცვლით რაღაცებს, არ წავალთ დემოკრატიული გზისკენ, არ წავალთ ევროპისკენ.

ევროპისგან დაშორების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება იმ გაცვლით პროგრამებს, რომლებითაც დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი სარგებლობს და შესაძლებლობა აქვთ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ, მონაწილეობა მიიღონ არაერთ საერთაშორისო პროექტში და განვითარდნენ.

მე, როგორც სტუდენტი, თითქმის ყოველდღე ვფიქრობ ამ საფრთხეებზე და მინდა, რომ სხვა სტუდენტებიც გამოფხიზლდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი კეთდება – უმოქმედობა, ინერტულობა… მოდუნებული არიან, გადართული არიან სხვა, რაღაც პატარა საკითხებზე, რაც რეალურად არაფრის მომცემია“ – გვეუბნება მარიამი.

მისი თქმით, შეუძლებელია ადამიანი აცნობიერებს რუსული კანონით გამოწვეულ საშიშროებას და ამაზე ხმას არ იღებდეს.

მარიამი ასევე საუბრობს უნივერსიტეტში შექმნილ გარემოზე, რომელიც რეალურად მიმართულია არა სტუდენტების პრობლემების მოგვარებაზე, არამედ მათ გასაჩუმებლად.

„ახალგაზრდული რეგიონული ცენტრი“ არსებობს ჩვენთან, რომელსაც რეალურად დიდი დაფინანსება აქვს, მაგრამ ჩვენთვის არაფერი კეთდება.

ხდება მხოლოდ ის, რომ მისი წარმომადგენლები ქმნიან ჩატებს და თვითმმართველობის წევრები ცდილობენ სტუდენტებს ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები და მასალები გააზიარებინონ, ფაქტობრივად, სახელისუფლებო პროპაგანდაზე იმუშაონ.

მე, როგორც სტუდენტს, ამ ყველაფრისგან არანაირი სიკეთე არ მიმიღია, ჩვენი ინტერესები, ღირებულებები განსხვავებულია. მე ვერ მოვემსახურები ვიღაცის პროპაგანდას, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აზრი და თვალი დავხუჭო იმ რეალობაზე, რაც დღეს ამ ქვეყანაშია,“ – გვითხრა მარიამმა.

ილია აბულაძე ბსუ-ს მეორეკურსელია.

მარიამის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება დემოკრატიულ ნორმებს და პრობლემა იქნება საქართველოსთვის.

„რომ არა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტები, მე, როგორც სტუდენტი, ვერ წავიდოდი ევროპის ქვეყნებში, ვერ შევისწავლიდი სიახლეებს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გამოვაკლდებოდი.

სტუდენტების გაცვლით პროგრამაზე – „ერაზმუს+“-ზე, მილიონობით ევრო იხარჯება, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება. რუსული კანონის გამო კი ეს პროგრამა შესაძლოა გაჩერდეს.

„ერაზმუსის“ გარდა კიდევ ბევრი სასარგებლო პროგრამაა სტუდენტებისთვის, ლექტორ-მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის და ყველაფერს საფრთხე ემუქრება.

გერმანული ორგანიზაციები ასევე მუშაობენ კავკასიის ინტეგრაციის პროექტებზე, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და ბუნებრივია, ამ პროექტებსაც ხელი შეეშლება.

ამის გამო, რომ უცხოელი მეგობრები გეხმარებიან, ხელს გიწყობენ განათლებაში, განვითარებაში, პრობლემების მოგვარებაში, ხელისუფლებამ აგენტი გეძახოს და შენი მარგინალიზება მოახდინოს, ვფიქრობ, ეს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა და იმედი მაქვს, ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებებს და არ მიიღებენ ამ კანონს. აუცილებელია გაჩერდეს რუსეთისკენ სვლა“ – ამბობს ილია.

მისი აზრით, სტუდენტები ამ ქვეყნის დიდი ძალაა, ამიტომ აუცილებელია მათ ხმა აიმაღლონ.

„თუ ჩვენ არ გამოვედით გარეთ, არ ვთქვით, რა არის კარგი და რა ცუდი, მაშინ სხვა ვინ იტყვის?!

მე პირადად ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ვარ და ვალდებულიც ვარ გავავრცელო ის ღირებულებები, რაც საერთო გვაქვს ქართველებს და ევროპელებს და ასევე ჩვენი საკუთარი კულტურა გავიტანო სხვაგან და სხვისი კულტურაც მივიღოთ.

გავცვალოთ ინფორმაციები, ერთმანეთს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს განვითარებაში, სწორი ინფორმაციის მიღებაში, რადგან როცა ინფორმირებული ხარ, დაცული ხარ ყალბი ინფორმაციისგან და შესაბამისად, პროპაგანდისგანაც“ – ამბობს ილია აბულაძე.

__________________

მთავარ ფოტოზე: ილია აბულაძე, მარიამ პაქსაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: