მთავარი,სიახლეები

ბათუმში ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ არაფერი იციან

13.01.2023 • 1316
ბათუმში ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ არაფერი იციან

ბათუმში, დაახლოებით 10 დღის წინ, ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები გამოჩნდა – გასაქირავებლად. ბათუმი ველოსგან განსხვავებით, ამ ველოსიპედებს სპეციალური საპარკინგე ადგილები, ველოტერმინალი არ სჭირდება. ველოსიპედის დაქირავება შეიძლება აპლიკაციით, გაჩერება კი დასაშვებია ყველგან, ოღონდ სხვა გამვლელებს ხელი არ უნდა შეეშალოთ.

ბათუმის მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი და ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ჩვენ მაგის შესახებ არაფერი არ ვიცით“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ველოსიპედები განთავსებულია ბათუმის ბულვარშიც, ბულვარის ადმინისტრაციას ვკითხეთ, თუ აქვთ რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობა ველოსიპედების ახალი სერვისის წარმომადგენელთან. „ჩვენი მოიჯარე არ არის“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი, აპლიკაციის თანახმად, შპს kolobike-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის დამფუძნებელი, გურამ თებიძე ადასტურებს, რომ ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები ნამდვილად მისი კომპანიის საკუთრებაა. გურამ თებიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ სატესტო რეჟიმში უკვე ჩაუშვა 70 ველოსიპედი და ვიდრე ნებართვას მიიღებს ოფიციალურად, ცდილობს სისტემური ხარვეზები აღმოფხვრას.

„ბათუმის მერიას ნებართვისთვის უკვე მივმართე. როგორც ვიცი, ჩემი წერილობითი მიმართვა გადაუგზავნეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ამ დღეებში ველოდები პასუხს. ბათუმი ტურისტული ქალაქია, ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ვფიქრობ, ბათუმის განლაგება და არსებული ინფრასტრუქტურა საუკეთესო შესაძლებლობაა ბათუმი ვაქციოთ ველოქალაქად. აღარ გვექნება საცობები, ტროტუარებზე მანქანები. მე, პირადად, სამსახურში ველოსიპედით დავდივარ და იმავეს ვურჩევ სხვებსაც“.

გურამ თებიძის თქმით, მისი ველოსიპედის დაქირავება – 1 წუთი 12 თეთრი ღირს. აქციის ფარგლებში კი უფრო ნაკლებად შეიძლება ველოსიპედის გაყვანა.

ბათუმში ამჟამად 26 კმ სიგრძის ველოინფრასტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ზღვისპირა პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

ბათუმში 2011 წელს ამოქმედდა ველოსიპედების გაზიარების მუნიციპალური სისტემა. მის განკარგულებაშია 370 ველოსიპედი და 23 ტერმინალი. მათი უმეტესობა მდებარეობს ქალაქის სანაპირო და ცენტრალურ რაიონებში. თუმცა 2020 წლიდან სისტემის მუშაობა შეიზღუდა: 370 ველოსიპედიდან უმეტესობა აღარ არის გამოსაყენებლად ვარგისი, ბევრი ტერმინალი მწყობრიდან გამოსულია.

გასული წლის ბოლოს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა გენგეგმა, რომლის მიხედვითაც ბათუმში ახალი ველობილიკები უნდა მოეწყოს.

ბათუმში ამჟამად 26 კმ სიგრძის ველოინფრასტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ზღვისპირა პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

___

ამავე თემაზე:

___

ამავე თემაზე:

ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: