მთავარი,სიახლეები

რუსეთი ომის მხარდასაჭერად პატიმრების შრომას იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

13.01.2023
რუსეთი ომის მხარდასაჭერად პატიმრების შრომას იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 13 იანვრის ანგარიშში ომის დროს წარმოებაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რუსეთის მიერ პატიმართა შრომის გამოყენებაა განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დიდი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის [შეიარაღების] საწარმოო სექტორი სწორედ პატიმართა შრომას იყენებს.

ბრიტანული დაზვერვა 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის ტანკების უმსხვილესი საწარმოს – ურალვაგონზავოდის [UVZ] წარმომადგენლის განცხადებას იშველიებს. მაშინ საწარმოს ხელმძღვანელობამ ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურთან (FSIN) შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საწარმო 250 პატიმარს დაასაქმებდა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პატიმართა შრომის გამოყენება რუსეთში ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება, მაგრამ ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლიდან იძულებითი შრომა კონკრეტულ კრიმინალურ სასჯელად აღდგა.

როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთს მსოფლიოში პატიმართა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 400 000-პატიმრიან „იმპერიას“ კი ზედამხედველობს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ უკიდურეს სისასტიკესა და კორუფციაში.

ბრიტანელი დაზვერვის ექსპერტების შეფასებით, პატიმართა ეს ოდენობა რუსეთის ხელმძღვანელობას უნიკალურ ადამიანურ რესურსებს სთავაზობს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დეფიციტურია მოხალისეები, რომლებიც ომში წასვლას მოინდომებენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულთა შრომა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება შედარებით დაბალტექნოლოგიური იარაღის მწარმოებლებისთვის, როგორიცაა მაგალითად ურალვაგონზავოდი. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საწარმო, წარმოების გაზრდის მოთხოვნით, მოსკოვის ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: