მთავარი,სიახლეები

„ავარიული სახლების“ პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს – ბათუმის საკრებულოს წევრი

10.01.2023
„ავარიული სახლების“ პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს – ბათუმის საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ავარიული სახლების პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის სათათბირო საბჭოს სხდომები კი დახურულია. საკრებულოს წევრი მერიაში შესულ განაცხადებს და პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით ითხოვს – ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც საკრებულოს წევრს მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ, რომელი ავარიული სახლის პროექტი მოიწონეს, რომელ კომპანიას მისცეს ნებართვა. არაფერი ვიცით მათი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი კომპანია მოლოდინის რეჟიმშია. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ სათათბირო საბჭომ და მერმა განიხილეს პროექტები. ჩვენ გვინდა გამჭვირვალედ ვნახოთ, რა პროექტებია ეს. ამ ინფორმაციის მოთხოვნით დღეს წერილობით მივმართე მერიას. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოთხოვნაა სათათბირო საბჭოს სხდომები იყოს ღია და დაინტერესებულ პირს მიეცეს დასწრების საშუალება.“

ავარიული სახლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭოს შექმნას მერს კანონი ავალდებულებს. სამშენებლო კოდექსში სპეციალურად ბათუმისთვის შესული ცვლილების მიხედვით, მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მერი.

ასეთი საბჭო მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შექმნა, ხოლო საკრებულომ დაამტკიცა, თუმცა დღემდე ამ საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ არც საზოგადოებამ და, როგორც რეზო ხარაზი აცხადებს, არც საკრებულოს ოპოზიციამ არაფერი იცის.

მერმა სათათბირო საბჭოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიყვანა.

საბჭოში არ არის ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 10-ზე მეტი წელია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული მიმართულებით მუშაობს. საბჭოში არ მიიწვიეს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ხანია თვითმმართველობის საკითხებზე, მათ შორის, ურბანულ პრობლემებზე მუშაობს და ასე შემდეგ.

საბჭოს ფაქტობრივად საჯარო მოხელეები და საჯარო უწყებაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი წარმოადგენენ.

ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის საკრებულოს წევრი ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს. გასული წლის სხდომებზე საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებდა, რომ საკრებულოს ინფორმაცია არ აქვს ბათუმში კუნძულის მშენებლობის პროექტზე.

 

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: