მთავარი,სიახლეები

ბათუმში კლინიკიდან გაწერეს კაცი, რომელიც საახალწლო პიროტექნიკით დაშავდა

05.01.2023
ბათუმში კლინიკიდან გაწერეს კაცი, რომელიც საახალწლო პიროტექნიკით დაშავდა

კაცი, რომელიც ბათუმში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან გაწერეს – ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო ჰოსპიტალი ბაუ ავრცელებს.

ჰოსპიტლის ცნობით, 31 წლის პაციენტი მარცხენა ხელის მტევნის დაზიანებებით შეიყვანეს ჰოსპიტალში.

„აღინიშნებოდა თითების მრავლობითი მოტეხილობა, მესამე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია, მეორე და მეოთხე თითების ნაფლეთოვანი ჭრილობა ფრჩხილის ტრავმით, დიდი თითის გამშლელი მყესებისა და კუნთების დაზიანება.

პაციენტს ურგენტულ რეჟიმში ჩაუტარდა ოპერაცია, ექიმი-ტრავმატოლოგი – დარინა ცეცხლაძე, ექიმი-ანესთეზიოლოგი – შავლეგ კუტალაძე

ოპერაციის მსვლელობისას მოხდა ამპუტირებული თითის ტაკვის ფორმირება. შენარჩუნებულ იქნა მეორე და მესამე თითების საფრჩხილე ფალანგები. აღდგა დიდი თითის გამშლელი მყესები და კუნთები. გაიკერა შრეობრივად. კანზე დაედო კვანძოვანი ნაკერები, კიდური იმობილიზირდა თაბაშირის ლონგეტით“ – აცხადებენ ჰოსპიტალში.

საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

რამდენი ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით წელს საქართველოში, უცნობია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ბათუმსა და მთელს საქართველოში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან.

საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება.

2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია.

ამავე თემაზე: 

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: