მთავარი,სიახლეები

„პატრიოტი“ უკრაინის დაცვას მალე დაიწყებს – კულება

04.01.2023
„პატრიოტი“ უკრაინის დაცვას მალე დაიწყებს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დღეს, 4 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია და სისტემა უკრაინაში „რაც შეიძლება მალე“ ჩავა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„გასული წელი დავასრულეთ რევოლუციური გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის ამერიკული „პატრიოტის“ სისტემების მიწოდებით, რაზეც შეთანხმდნენ უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერები: ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯოზეფ ბაიდენი. ჩვენ ველით „პატრიოტების“ განლაგებას რაც შეიძლება მალე. მზადება ამ სისტემების გადაცემისთვის უკვე დაწყებულია“ – განაცხადა კულებამ.

ცნობილია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს ამ სისტემებთან მუშაობის სასწავლო კურსი. უკრაინამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა სამხედროების მოსამზადებლად პატრიოტის სისტემებზე სამუშაოდ.

რას არის „პატრიოტი“?

„MIM-104 Patriot“ მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად.

ეს იარაღი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემა და, როგორც წესი, მის მისაღებად შემსყიდველი ქვეყნები მრავალწლიან რიგში დგებიან.

სარაკეტო სისტემას ამერიკაში, სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია Raytheon უშვებს. მისი პირველი მოდიფიკაციები თავდაპირველად ცივი ომის დროს შეიქმნა, თუმცა თანამედროვე სახე მოგვიანებით, მუდმივი განახლებების შედეგად მიიღო.

სარაკეტო სისტემა აღჭურვილია რადარით, რომელსაც მათ შორის შეუძლია ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა, საკომუნიკაციო ნაკვეთურით, მართვისა და კონტროლის ცენტრითა და რაკეტის გამშვებით.

მსგავსი მახასიათებლების გათვალისწინებით, Patriot-ის სარაკეტო სისტემა არის ძალიან მობილური და სწრაფი. სისტემა აღჭურვილია ამწით, რომელიც სწრაფად „ტენის“ გასასროლ რაკეტებს. ყველა კომპონენტი, მათ შორის რადარი, მართვის ცენტრი, კომუნიკაციები, ენერგიის წყარო და გამშვები, დამონტაჟებულია სატვირთო ძარებზე ან მისაბმელზე. რადარის კომპლექტი და სასროლი რაკეტები დამონტაჟებულია ნახევრად მისაბმელებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: