მთავარი,სიახლეები

ბახმუტთან რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ – ISW

29.12.2022 • 868
ბახმუტთან რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ – ISW

„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) რუსეთ-უკრაინის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს და დასძენს, რომ რუსეთის იერიში ბახმუტის მიმართულებით კულმინაციას აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ. თუმცაღა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა მაინც განაგრძოს არაეფექტიანი შეტევები.

ინსტიტუტი, უკრაინულ დაზვერვაზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალები მცირე ჯგუფებით (10-15 ადამიანი) მოქმედებენ.

ამასთან, ინსტიტუტი წერს, რომ რუსული წყაროს თანახმად, ბახმუტის მიმართულებაზე „ვაგნერის ჯგუფი“ და რუსული სადესანტო ძალები მოქმედებენ და უკრაინელების გამოფიტვისკენ მიისწრფვიან, თუმცაღა თავადაც არიან მიახლოებული შესაძლებლობების მაქსიმუმს და ახალი ძალები სჭირდებათ.

ISW აგრეთვე იუწყება, რომ რუსეთი ლუგანსკის ოლქში გადამწყვეტი მოქმედებისთვის ემზადება, თუმცა უცნობია, ის თავდაცვითი იქნება თუ შეტევითი ხასიათის. ამჟამად გრძელდება რუსული ძალების მომარაგება ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. ბოლო დროს რუსული ძალები ლუგანსკში სანგრებს თხრიან და თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ, რაც შეიძლება ან შეტევითი ოპერაციისთვის მზადება, ანდაც უკრაინული კონტრიერიშის მოგერიებისთვის სამზადისი იყოს.

ნაკლებად სავარაუდოა რუსული იერიში ზაპოროჟიეს ოლქში – იქ უფრო თავდაცვითი ოპერაციებია მოსალოდნელი. ზაპოროჟიეს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ ოლქში შეტევაზე უკრაინა გადავა, თუმცა, ეს შეიძლება მალე არ მოხდეს არასახარბიელო ამინდის გამო.

კრემლი, თავის მხრივ, აგრძელებს უარის თქმას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე და აცხადებს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების გადაცემას.

„პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემას მოსკოვში აშშ-რუსეთის ურთიერთობების ესკალაციად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ რეალურად რუსეთი არა უკრაინას, არამედ აშშ-სა და დასავლეთს ეომებიან.

ინსტიტუტში არ მოელიან, რომ პუტინი ნატოსთან სამხედრო კონფრონტაციაზე წავა, ვინაიდან რუსეთი ძლივს აკავებს მხოლოდ უკრაინულ სამხედრო ძალებს და ნატოსთან სერიოზულ კონფლიქტს ვერ გაუძლებს. რუსეთის მიერ განზრახ ესკალაციას ანალიტიკოსები ძალზედ მოულოდნელად აფასებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: