მთავარი,სიახლეები

1 წლის სანდროს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება – დედა დახმარებას ითხოვს

28.12.2022
1 წლის სანდროს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება – დედა დახმარებას ითხოვს

ერთი წლის სანდროს აუცილებელი მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსისთვის ამ ეტაპზე 3000 ლარი სჭირდება. სანდროს ექიმებმა ჰიდროცეფალიისა და მენინგიტის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს. სანდროს დედა, მაკა ზარანდია გვიყვება, რომ ამ დრომდე მან, სულ რაღაც ერთი წლისამ, უკვე ხუთი ოპერაცია გადაიტანა:

ბავშვს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და მას სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მისი მკურნალობა სახელმწიფომ  დააფინანსა, თუმცა არასრულად.

მაკა ამბობს, რომ იმ შედეგის შესანარჩუნებლად, რაც ჩვილმა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მიიღო, რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება აუცილებელია, რისთვისაც მას ამ ეტაპზე 3000 ლარი სჭირდება:

„ყველაფერი მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით დაიწყო. ღამის მორიგე ექიმს რაღაც არ მოეწონა, ყიფლიბანდი აქვს დიდიო, შემდეგ რაღაც წამალი შეუყვანეს… 14 დღე ვიწექით მაღალი სიცხით. სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ, ანტიბიოტიკებს აძლევდნენ, მაგრამ ვერაფერმა უშველა. შემდეგ სხვა საავადმყოფოში გადავედით… საბოლოოდ მენინგიტი და ჰიდროცეფალია დაუდგინეს. ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში გავუკეთეთ ოპერაცია, ჰიდროცეფალიის მილი ჩავუყენეთ, ხუთი მცდელობა დასჭირდა, თუმცა შედეგი მოგვცა, ბავშვს სმენა და მხედველობა აღუდგა. ახლა რეაბილიტაცია გვჭირდება, ეს აუცილებელია“.

მაკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიხაშკარში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვს მარტო ზრდის, ხოლო მეუღლე პატიმარია:

„არავინ მყავს დამხმარე, არც სახლი მაქვს. ბავშვს სოციალური დახმარება – მხოლოდ 150 ლარი ერიცხება. კატეს და სხვა კვლევების საფასურს ჩვეულებრივად ვიხდი, შეღავათები არ მაქვს. ერთი თვე საერთოდ არ მიფინანსებდნენ ნაწილსაც კი, რადგან საავადმყოფოდან ბავშვი ჩემი ნებით წავიყვანე, ხელი მოვაწერე. თერაპიის მხოლოდ 10 ვიზიტს უფინანსებს მთავრობა, მაგრამ არ ჰყოფნის.“

მაკა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: „ჩემნაირი ნატანჯი დედის ლოცვა ასმაგად სიკეთით დაგიბრუნდებათ “

თუ მაკას და სანდროს დახმარებას გადაწყვეტთ:

საქართველოს ბანკი
თიბისი ბანკი
პ/ნ 19001068596
მიმღები – მაკა ზარანდია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: