მთავარი,სიახლეები

საქართველოში 154 ათასზე მეტი “ჟიგულია” დარეგისტრირებული – კვლევა

20.12.2022 • 1239
საქართველოში 154 ათასზე მეტი “ჟიგულია” დარეგისტრირებული – კვლევა

„საქართველოს ავტოპარკის 35% თბილისშია თავმოყრილი, დანარჩენი კი რეგიონებში“, – ამბობს „თიბისი კაპიტალის“ კვლევა, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, თბილისზე მოდის საქართველოში ახლადდარეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილიც.

საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ხუთეული ასე გამოიყურება – მერსედესის მარკის 166 669 მანქანაა რეგისტრირებული, ტოიოტას მარკის 156 682 მანქანა. მესამე ადგილზეა საბჭოური VAZ -ი. ამ ფირმის 154 769 მანქანაა რეგისტრირებული. მეოთხე ადგილზე ოპელის მარკის ავტომობილები [138 138] და მეხუთე ადგილზე ფორდის [92 491] მარკის.

ათეულში ასევე შედის BMW, ნისანი, ფოლკსვაგენი, ჰონდა და მიცუბიში.

რაც შეეხება ახლადდარეგისტრირებულ ავტომობილებს, ბაზრის ანალიზით ირკვევა, რომ ქართველი მომხმარებლები ახლა უპირატესობას ტოიოტას ბრენდის ავტომობილებს ანიჭებენ.

ბოლო 9 თვეში საქართველოში ტოიოტას მარკის 14 641 ავტომობილი დარეგისტრირდა, ფორდის მარკის – 9 310 და  მერსედესის მარკის 6 321 ავტომობილი. ხუთეულში შედის ოპელი [5 075] და ჰიუნდაი [3 910].

საბჭოური VAZ-ის ე.წ. „ჟიგულის“ სიაში მოხვედრას კვლევის ავტორები საქართველოს საკანონმდებლო სისტემით ხსნიან. საქართველოში დღემდე არ არსებობს ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების შესაბამისი მექანიზმი.

„სამწუხაროდ, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია, მხოლოდ ჩვენი ვარაუდი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოში ავტომობილებს რეგისტრაციიდან აქტიურად არ ხსნიან.  ჩვენი ვარაუდით, ამ 154 ათასი „ჟიგულიდან“, შესაძლოა დიდი ნაწილი არ იყოს რეალურად ექსპლუატაციაში. უბრალოდ, ფიქსირდება მათი კვლავ აქტიური სტატუსი“, – ამბობს ანდრო თვალიაშვილი, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი.

მისივე თქმით, მოქალაქეებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ ძველი ავტომობილის რეგისტრაცია გააუქმონ, რადგან ამაზე გადასახადის გადახდა არ უწევთ. შესაბამისად, წლებია VAZ -ი ფორმალურად ლიდერ პოზიციაზე რჩება.

„ავტომობილზე ერთადერთი გადასახადი რაც არსებობს, არის ქონების გადასახადი, როცა ოჯახის შემოსავალი აჭარბებს 40 ათას ლარს. უკვე სავალდებულოა მოძრავი ქონების მითითებაც და ძალიან მცირე თანხაა. თუ მოქალაქის შემოსავალი არ აჭარბებს 40 ათას ლარს, რეალურად შეუძლია ჰყავდეს 100 მანქანა საკუთარ სახელზე და არანაირ გადასახადს არ გადაიხდის. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. მოტივაცია არ აქვს არანაირი მფლობელს, რომ მის სახელზე არ ირიცხებოდეს ძველი რეგისტრირებული ავტომობილები,“ – ამბობს ანდრო თვალიაშვილი.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად ქართული საავტომობილო პარკი ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 35%-ია.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვეყნის საერთო ავტოპარკის 14% იმერეთშია, 10% ქვემო ქართლში, 9% კახეთში, 7% სამეგრელოში, 8% აჭარაში, 6% შიდა ქართლში, 4% სამცხე ჯავახეთში და სხვა რეგიონებში – 8%.

ასევე, ახლადრეგისტრირებული ავტომობილების 41%-იც თბილისზე მოდის.

„ისტორიულად რომ შევადაროთ 2022 წლის 9 თვეში უკვე იმაზე მეტი ახალი ავტომობილი არის საქართველოში დარეგისტრირებული, ვიდრე მთლიანად 2019 წელს,“ – ამბობს ანდრო თვალიაშვილი, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოს საავტომობილო სექტორში ახალ დარეგისტრირებულ ავტომობილებში გაზრდილია გაზზე მომუშავე მანქანების წილი.

რაც შეეხება კვლევის სხვა მიგნებებს, საქართველოში ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს წლიური მაჩვენებელი გადააჭარბებს პანდემიანდელ [2019 წლამდე] არსებულ დონეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: