მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

სტრეპტოკოკ A თურქეთში 3 ბავშვს დაუდასტურდა – რა ვიცით ამ ინფექციაზე

14.12.2022 • 1320
სტრეპტოკოკ A თურქეთში 3 ბავშვს დაუდასტურდა – რა ვიცით ამ ინფექციაზე

თურქეთის სამ სხვადასხვა პროვინციაში, სამი ბავშვის შემთხვევაში დააფიქსირეს ბაქტერიული ინფექციის – სტრეპტოკოკ A-ს პირველი შემთხვევა, რომელმაც ევროპასა და აშშ-ში ამ დრომდე, ჯამში 10-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

თურქული გამოცემა hurriyet-ი იუწყება, რომ სამ ბავშვს ანკარაში, სტამბოლსა და იზმირის დასავლეთ პროვინციაში დაუდგინდა სტრეპტოკოკი A ინფექცია, რომელიც სწრაფად ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

ორი დღის წინ, 12 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის რეგიონში გაიზარდა ბავშვებში ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების, მათ შორის ფატალური შემთხვევები.

ჯანმოს ცნობით, სექტემბრის შემდეგ საფრანგეთში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა 10 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვის სიკვდილი, რომელიც დაკავშირებულია ინვაზიურ A ჯგუფის სტრეპტოკოკულ დაავადებასთან.

რამდენიმე დღის წინ დაავადების შესახებ წერდა CNN-იც. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ამ ინფექციით 6 ბავშვი დაიღუპა.

„სტრეპტოკოკ A-ს შეუძლია გამოიწვიოს მთელი რიგი მძიმე და მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ ის არ არის ფატალური ინფიცირებული ადამიანების უმეტესობისთვის“- წერს გამოცემა.

ევროპის რიგმა ქვეყნებმა (მათ შორის საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ) აღნიშნეს 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების შემთხვევების ზრდა 2022 წელს, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ – ჯანმო.

ბავშვი ანკარის საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს, ხოლო სტამბოლში ბავშვს სტრეპტოკოკი A-თი გამოწვეული მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

სტრეპტოკოკ A ბაქტერია, რომელიც მძიმე დაავადებებს იწვევს, თურქეთში წინა წლებშიც იყო დაფიქსირებული.

hurriyet-თან საუბრისას თურქი პედიატრი ერგინ ჩიფტჩი ამბობს, რომ თურქეთში ამ დაავადების შედეგად სიკვდილის გამოსავალი არასოდეს დამდგარა „მაგრამ საზღვარგარეთ ბაქტერიით გამოწვეული სიკვდილი შემაშფოთებელია. სიფრთხილეა საჭირო“, – განმარტა ჩიფჩიმ.

„ეს განკურნებადი დაავადებაა და ანტიბიოტიკები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტისთვის. ეს არ არის COVID-19-ის მსგავსი დაავადება, რომლის შესახებაც არაფერია ცნობილი“, – განმარტავს ის  –  „ეს არის ძალიან მგრძნობიარე ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ და მისი გადადება მთავრდება ანტიბიოტიკის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში“, ამბობს პედიატრი.

ჯანმო წერს, რომ მოკვლევები მიმდინარეობს, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად, სავარაუდოდ, შემთხვევების ზრდა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ან ახალ შტამთან და არც A ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის ზრდასთან.

ჯანმო: A ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიები სკოლის ასაკის ბავშვებში ბაქტერიული ფარინგიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს ინფექციები ჩვეულებრივ იწვევს მსუბუქ დაავადებებს, მათ შორის ყელის ტკივილს, თავის ტკივილს და ცხელებას, წვრილ, წითელ გამონაყართან ერთად (ალისფერი ცხელება). A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებითა და სხვა დამხმარე ზრუნვით.

ჯანმოს ცნობით, იშვიათ შემთხვევებში, A ჯგუფის სტრეპტოკოკულმა ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია, რომელიც ცნობილია როგორც ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბაქტერიემიის, პნევმონიის ან კანისა და ძვლის ინფექციების სახით (ცელულიტი, ოსტეომიელიტი, ნეკროზული ფაშიიტი).

ბავშვები, რომლებსაც აქვთ ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორიცაა ჩუტყვავილა ან გრიპი, იმყოფებიან ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: