მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია ფერიის სასაფლაოზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს

14.12.2022 • 1769
ბათუმის მერია ფერიის სასაფლაოზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს

ბათუმის მუნიციპალურ სასაფლაოებზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ. შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2023 წლის ბიუჯეტში ქალაქის მერიამ 22 000 ლარი გაითვალისწინა. საერთო ჯამში კი,  მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის მერია მომავალ წელს 1 მილიონ 11 ათას 300 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ამ დაფინანსების ფარგლებში მერიის შესაბამისმა ორგანიზაციამ, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ ორი ქვეპროგრამა უნდა განახორციელოს, გარდა ამისა, ამ თანხაში შედის ადმინისტრაციული ხარჯიც.

„ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის, ჯუმბერ კობალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 12 ვიდეოკამერის დამონტაჟებას გეგმავენ ფერიის სასაფლაოზე, სადაც ძარცვის შემთხვევები დაფიქსირდა: „სხვაგან არ გვაქვს საჭიროება. ფერიის სასაფლაო კი მუდმივ კონტროლს საჭიროებს, იყო ძარცვის და დაზიანების ფაქტები. მოიპარეს ჭიშკარი. ლატუნის [თითბერის] დეტალები“.

ჩაქვის დასახლებაში ბათუმის ახალი სასაფლაოს გახსნა ჯერ ისევ მერიის შეუსრულებელი პროექტების ჩამონათვალში რჩება. სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღემდე არ არის გახსნილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა.

ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი იყო საკრებულოშიც, თუმცა განხილვა ისე დასრულდა, რომ არ გაირკვა, რა გეგმები აქვს მერიას ამ მიმართულებით.

ჯუმბერ კობალაძის ინფორმაციით, მერია განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს: „წერილი გვაქვს გაგზავნილი სამხარაულის ბიუროში, რომ ისევ გადამოწმდეს. თუ კვლავ დაიდება დასკვნა, რომ ადგილი მეწყერსაშიშია, რას ვიზამთ, სხვა ადგილის გამოძებნა მოგვიწევს.“

2023 წელს „ბათუმის სასაფლაოებმა“ უნდა უზრუნველყოს მოქმედი სასაფლაოს მოვლა-პატრონობა – მთელი წლის განმავლობაში სასაფლაოებზე მისასვლელი ბილიკების დაგვა-დასუფთავება, გამწვანება, ამორტიზებული ხეების მოჭრა, საჭირო სამუშაო იარაღებითა და ინვენტარით, მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმით და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, ბალახის, ბუჩქების და ხეების მოვლა, სტრუქტურის წესრიგში მოყვანა.

ასევე, სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა და მომსახურება, ტერიტორიის გამწვანება, ჩაქვისა და სხვა სასაფლაოების ოფისებში ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა.

ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვასთან დაკავშირებით მერია განმარტავს:

„სასაფლაოების პასპორტიზაციის დასრულებით მუნიციპალიტეტს ექნება ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია თავისუფალი, უპატრონო და სამემკვიდრეო სასაფლაოების შესახებ. ამასთან, შექმნილი სრული ბაზა და საფლავების ნუმერაცია გააადვილებს საფლავის ძებნას და მემკვიდრის დადგენას. პასპორტიზაციით უკვე მიღებულია პირველი შედეგები, უსახელო საფლავების მოძიებასა და მეპატრონის დაზუსტების საქმეში.“

კიდევ ერთი ქვეპროგრამა უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს ითვალისწინებს.

მერიის ინფორმაციით, „აღნიშნული ღონისძიებით ხორციელდება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა მათთვის სპეციალურად გამოყოფილ სასაფლაოზე, ხდება მათი რეგისტრაცია, ნომრის მინიჭება და ელექტრონული არქივის შედგენა.“

„ბათუმის სასაფლაოებს“ მუნიციპალური სასაფლაოები, სულ 44 ჰექტარი აქვს მართვაში გადაცემული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: