განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ დაბრუნდა მერი წალკაში – „არსად არ წავალ, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები“

08.12.2022 • 8045
რატომ დაბრუნდა მერი წალკაში – „არსად არ წავალ, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები“

„ჩვენთან შაბათ-კვირასაც ყველა მუხლჩაუხრელი შრომობს, გაუჩერებლივ. დედაჩემი არასდროს მინახავს გაჩერებული, 24 საათი მუშაობს.

ევროპაში ვუყურებდი მოხუცებს, რომლებიც შაბათ-კვირას დადიოდნენ პარკებში, სკვერებში, ძაღლებთან ერთად სეირნობდნენ, ხატავდნენ, კითხულობდნენ, ქსოვდნენ… ძალიან საინტერესო, სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის დანახვა.

წარმოვიდგენდი ხოლმე დედაჩემს და მამაჩემს, ხელიხელჩაკიდებულები როგორ სეირნობდნენ წალკის ლამაზ პარკში და ვიძახდი, ასეთი დრო როდის დამიდგება-მეთქი. აი, ჩემი მშობლები როდის გადადებენ საქმეს გვერდით, მოიცლიან და შაბათ-კვირას შრომის ნაცვლად, ისეირნებენ. ამაზე ვოცნებობ.

აქამდე არასდროს მინახავს დედას და მამას ესეირნოთ. მაქსიმუმ ერთად თუ წავლენ ქორწილში. ჩემ ირგვლივ ყველა ასეა. თუ ვისაუზმებთ ყველა ერთად მხოლოდ. ესეც სწრაფი ტემპით.

მამაჩემი დილით ჩქარ-ჩქარა ჭამს, რომ სამსახურში გაიქცეს და აი, ასე, სულ გადარბენები“, – გვეუბნება 28 წლის მერი ჭელიძე, აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან და განაგრძობს:

„კი, მართალია, არ არის წალკაში და წალკის სოფლებში ისეთი შესაძლებლობები, როგორც სხვა, დიდ ქალაქებში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ეს შესაძლებლობები და ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ არსად არ წავალ.

ის გამოცდილება, რაც მე ევროპაში მივიღე და ვნახე, მინდა, რომ აქ გადმოვიტანო; ის მაგალითები აქ წამოვიღო და ჩემს სოფელს, რეგიონს მოვარგო“.

მერი 12 წლის იყო, როცა ხულოს სოფელ ტუნაძეებიდან ოჯახთან ერთად წალკაში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ძალიან გაუჭირდა. ამბობს, რომ მისთვის სრულიად უცნობ რეალობაში აღმოჩნდა.

„წალკაში ქართულენოვან სკოლაში შევედი. ურთიერთობისას მქონდა გაუცხოების მომენტები წალკაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებთან, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე [ქართულად] ვლაპარაკობდით და ერთმანეთის გვესმოდა. კულტურულად, რელიგიურად განვსხვავდებოდით და ეს ბარიერი იყო ურთიერთობების დასაწყისში, რაც ნელ-ნელა მოიხსნა“, – ამბობს მერი.

სკოლაში კარგად სწავლობდა და მისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა სწავლის ხარისხი ახალ სკოლაშიც შეენარჩუნებინა.

„რადგან ეკომიგრანტები ვიყავით, საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა. ყველა წიგნს ვერ ვყიდულობდი. წიგნებს ხან ვთხოულობდი, ხან ვიწერდი.

მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა პატარა წიგნაკი მომცა, სადაც გაკვეთილების ნაწილი ეწერა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ყველაფერი იმდენად დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე, რომ უფრო მეტად ჩავიკეტე საკუთარ თავში და ბევრჯერ მინატრია, ნეტა, ჩვენს სოფელში დავრჩენილიყავი-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ წალკაში სწავლის უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა იმ დროისთვის, ვიდრე ჩემს სოფელში“.

საბოლოოდ, მერიმ ყველა დაბრკოლებას გაართვა თავი და სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო.

უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სამართალმცოდნეობის მიმართულებით უნდოდა, მაგრამ მის ამ არჩევანს არ იწონებდნენ ოჯახის წევრები, თუმცა მაინც სცადა ამ მიმართულებით ჩაბარება. საბოლოოდ, მერი ბსუ-ში აგრარულ ფაკულტეტზე მოხვდა და მაგისტრატურაც ამ მიმართულებით დაასრულა.

„არ მქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებდი, სად ვხედავდი ჩემ თავს. როცა წლები გავიდა, მივხვდი, რომ ის უნდა მეკეთებინა, რაც მე მინდოდა და არა ის, რაც მოდური იყო“.

მერიმ მაგისტრატურის დასრულებისთანავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარა. ბაკალავრიატზე სწავლის დროსაც თავისი ძალებით ამ მიმართულებით ცდილობდა ცოდნის გაღრმავებას.

ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა სოფელში საცხოვრებლად დაბრუნება:

„მიჯაჭვულობა მქონდა სოფელთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე სოფლის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და აუცილებლად, ჩემი ბოლო იქნება სოფელი. აქ ყოფნის საჭიროებას ვხედავ, ბევრი რამეა გასაკეთებელი“.

მერი სოფელში დროებით დაბრუნდა პანდემიისას და საბოლოოდ წალკაში დარჩენამდე, პანდემიისგან დათრგუნულმა, საზღვარგარეთ გადაწყვიტა 1 წლით წასვლა, მოხალისე მასწავლებლად.

„იქამდე მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი გერმანიაში ნამყოფი, ჯგუფთან ერთად. პირველი შემთხვევა იყო, როცა სრულიად მარტო 1 წლით მივდიოდი საქართველოს გარეთ. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. ჩემ შემთხვევაში იყო არა ის, რომ გოგო ხარ და არ წახვიდე, არამედ ის, რომ უკვე სხვა რაღაცებზე უნდა მეფიქრა. 27 წლის ვიყავი და თუ წასვლა მინდოდა, უფრო ადრე უნდა წავსულიყავი, ახლა კი უკვე ოჯახზე უნდა მეფიქრა“.

მერი საბოლოოდ მოხალისედ წავიდა პოლონეთში და 1 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში იმოგზაურა.

„ეს ჩემთვის გამოცდილება იყო, ცოდნა, რას ნიშნავს იყო საკუთარ თავთან, იყო თავისუფალი. პოლონეთში ჩასვლიდან მალევე გახდა ჩემი მიზანი მაქსიმალურად დამეზოგა ხარჯები მოგზაურობისთვის, მცირე დანახარჯებით ვმოგზაურობდი.

სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვედი წალკაში. ყველას მონატრებული ვყავდი და ძალიან თბილად დამხვდნენ. თუმცა ალბათ მე უფრო მეტად შევიცვალე, ვიდრე აქაურები.

როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, თავიდანვე ვიცოდი, რომ წალკაში უნდა ჩამოვსულიყავი. საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრს ვფიქრობდი, როცა ჩამოვიდოდი, რას გავაკეთებდი. ბევრი გეგმით ჩამოვედი, რომელთა განხორციელებას წალკაში ვაპირებ და დავიწყე კიდეც“.

მერი ლუვრში

მერი წალკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამზადებს სამოქალაქო განათლებაში, რომელთაც სწავლის გაგრძელება იურიდიული მიმართულებით უნდათ უნივერსიტეტში.

„მგონია, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების მოქალაქეებად აღზრდას, გაცნობიერებას, რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის აქტიური მოქალაქე და შენ, ერთმა ადამიანმა, წვლილი შეიტანო შენი სოფლის, რაიონის, ქვეყნის შენებაში, წინსვლაში. ამიტომაც მაინტერესებდა სამოქალაქო განათლება ყოველთვის.

წალკა ძალიან ჭრელია კულტურულად, რელიგიურად, ეთნიკურად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლების სწორად სწავლებას სკოლებში.

ჩემი აზრით, არ გვყავს სამოქალაქო განათლების ბევრი კარგი მასწავლებელი, ვინც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ამ საგნით დაინტერესებას“, – ამბობს მერი.

მერის თქმით, წალკაში დამკვიდრებას ახლა იწყებს. ფიქრობს, რომ წალკას დიდი პოტენციალი აქვს აგროტურიზმის მიმართულებით. უნდა, რომ გესთჰაუზი გააკეთოს, იქამდე კი, დეკემბრის ბოლოს, წალკაში „კრეატიული ხელოვნების სკოლის“ გახსნა აქვს დაგეგმილი ბაღის ასაკისა და პირველი-მეორე კლასის მოსწავლეებისთვის. მერი პოლონეთში მოხალისეობისას ბაღში მუშაობდა და უნდა იქ მიღებული გამოცდილება ადგილობრივ ბავშვებს გაუზიაროს.

„ძალიან სახალისო, ფერადი სკოლა იქნება, სადაც პატარები შემოქმედებითობის, კრეატიულობის მიმართულებით განივითარებენ უნარებს.

დასაწყისში მხოლოდ მე ვიქნები მასწავლებელი და იმის მიხედვით განვსაზღვრავ მასწავლებლების დამატებას, თუ მოსწავლეების რამდენი ჯგუფი შეიქმნება.

როგორც ვიცი, ამ სახის პირველი სკოლა იქნება წალკაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმუშავებს“, – ამბობს მერი.

საუბრის დასასრულს მერიმ გვითხრა, რომ მისი დაკვირვებით, წალკაში საერთოდ არ არის სივრცეები, სადაც სკოლის მოსწავლეები ან ზრდასრულები გართობას შეძლებდნენ.

„გასართობ საშუალებებზე ზედმეტიცაა ლაპარაკი. ძალიან ბევრ სოფელს არ აქვს ინფრასტრუქტურა.

ბევრი ოჯახია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც ელემენტარულად გათბობა არ აქვთ. წალკის ბევრ სოფელში დღემდე არაა გაზიფიცირება. უგზოობისა და ტყის ჩეხის პრობლემებია.

წალკაში მკაცრი ზამთარია. მნიშვნელოვანია, თუნდაც გაზის პრობლემის მოგვარება. გვაქვს პრაქტიკა, როცა მეზობლები, ადამიანები რეგიონებში, სოფლებში ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს თუნდაც საკვებით, შეშით და ა.შ.

წალკიდან ბევრი ახალგაზრდა მიდის თბილისში, ბათუმში და უკან აღარ ბრუნდება, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობას აქ. დაამთავრებენ სწავლას, ჩამოვლენ და სად დაიწყებენ მუშაობას? მაქსიმუმ სკოლაში ან ბანკში.

რომ ჩამოვიდნენ, დასაქმდნენ, სამსახურის გარდა სხვა რაღაცითაც უნდათ დაკავება“, – გვითხრა მერიმ.

მერის თქმით, წალკის, დამბაშის კანიონის გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი დასაქმდა ადგილზე, რამაც აჩვენა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ხელს უწყობს ახალგაზრდების უკან, რეგიონში დაბრუნებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: