მთავარი,სიახლეები

მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 5 ჰექტარ მიწას ყიდის – 1 კვადრატი 324 ლარიდან

21.11.2022
მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 5 ჰექტარ მიწას ყიდის – 1 კვადრატი 324 ლარიდან

აჭარის მთავრობა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის #50 – 52 ში, ზღვის პირველ ზოლში, ხუთ ჰექტარამდე ფართობს ყიდის. ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია კომპანია „Colliers International“-მა აჭარის მთავრობის დაკვეთით შეიმუშავა. აუქციონის ერთ-ერთი პირობაც საინვესტიციო პროექტის ამ კონცეფციის შესაბამისად მომზადება და მთავრობისთვის წარდგენაა.

ქონების საწყისი ფასი 16 მილიონ 020 000 ლარია, ბიჯი: 300 000 ლარი [საწყისი ფასის მიხედვით, ერთი კვ.მეტრის ფასი 324 ლარი გამოდის. აუქციონზე 49 972კვ. მეტრია გატანილი].

ჩაქვის ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია

აუქციონის პირობა აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა, მთელი თავისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. კომპლექსი უნდა მოიცავდეს გამაჯანსაღებელ ან სარეაბილიტაციო ცენტრს, ცალკე მდგომ საზოგადოებრივ ან სავაჭრო დანიშნულების ობიექტებს, ღია აუზს, სარეკრეაციო გასართობ სივრცეს, კაფე-რესტორნებს…

პროექტი ითვალისწინებს  ნავმისადგომისა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობას.

გასაყიდ ნაკვეთებზე ათასობით მრავალწლიანი ხეა გაშენებული, მათ შორის არის წიწვოვნებიც// ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აუქციონის პირობის შესაბამისად, გასაყიდად მომზადებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრემ უნდა ააშენოს ვილები [შესაძლებელია ე.წ. „Beach House“]  ან საცხოვრებელი სახლები [შესაძლებელია ე.წ. „SEMI-DETACHED HOUSE“], ასევე, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.

აუქციონის პირობის შესაბამისად, აქ უნდა მოეწყოს დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, სკვერი და პარკი, სპორტული მოედნები./ ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

კომპანიამ საპრივატიზებო საფასური 3 ეტაპად, 2024 წლის პირველ ივნისამდე უნდა გადაიხადოს.

ქონების მყიდველმა, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, შესყიდული ტერიტორიის გასწვრივ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს გზა, ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკი [ე.წ. პრომენადი], ასევე შიდა მოხმარების გზები შეუფერხებელი საზოგადოებრივი წვდომის პირობით.

ჯამში ფართობზე კომპანიამ 100 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

გასაყიდი ტერიტორიის ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული/ ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის ინფორმაციით, გასაყიდ ტერიტორიაზე შემოღობილი ადგილები თვითნებურად არის დაკავებული:

„ქონების ნაწილზე ფიქსირდება თვითნებურად დაკავებისა და შემოღობვის ფაქტები, მათ შორის კაპიტალური შემოღობვა. ასევე, ქონების ნაწილზე განთავსებული კერძო მესაკუთრის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა, რომელიც შემოღობილია და მოწყობილია ეზო. არის საცხოვრებელი კორპუსის ეზო და სკვერიც.“

შემოღობილი ნაკვეთი გასაყიდ ტერიტორიაზე// ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაკავების თაობაზე ბათუმის მერიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 17 ოქტომბერს აცნობა. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, სამინისტროს მეორე დღესვე, 18 ოქტომბერს, უპასუხა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტს, გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნულზე არ გაგვაჩნია ინფორმაცია.“

მერმა სამინისტროს ასევე აცნობა, რომ ქონების გასხვისების წინააღმდეგი არ არის.

ვის არის დაინტერესებული ქონების შეძენით?

2019 წელს ამ ნაკვეთის მიმართ ინტერესი შპს „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანიმ“  ოფიციალურად დააფიქსირა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურმა განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში დაწერა.

განკარგულება აჭარის მთავრობისთვის ჩაქვის ყოფილი ტურბაზის მთავრობისთვის გადაცემის თაობაზე, შემდგომში მისი გასხვისების მიზნით, საკრებულომ დაამტკიცა.

ამონარიდი განმარტებითი ბარათიდან: დაბა ჩაქვში, ტურბაზა „ჩაქვის“ მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსურად განვითარებისათვის, საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იგეგმება სამი ერთეული მიწის ნაკვეთის განკარგვა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ადგილობრივი ან/და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. შემოთავაზებული საინვესტიციო წინადადებების მასშტაბურობის, ტერიტორიის ერთიანი კონცეფციის განვითარების ხელშეწყობის, ლანდშაფტურ-რეკრეაციული და რეკრეაციული ზონის შენარჩუნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიზანშეწონილად მიაჩნია და ითხოვს განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა.

ამის შემდეგ მთავრობამ „ბათუმელებთან“ უარყო ინფორმაცია „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანისთვის“ ნაკვეთის შესაძლო გადაცემაზე: „აუქციონი გამოცხადდება და გამოვლინდება გამარჯვებული.“

აუქციონის პირობების მიხედვით, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არტეფაქტების და კულტურული ფენების აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველს ასევე დაევალება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება. 

აუქციონი 11 ნოემბერს გამოცხადდა და 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: