მთავარი,სიახლეები

პოლიციელებს ბათუმში ბინები 2 წლის წინ უნდა მიეღოთ, შსს-ს მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია

09.11.2022
პოლიციელებს ბათუმში ბინები 2 წლის წინ უნდა მიეღოთ, შსს-ს მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია

ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე ბინების დასრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 4 468 315 ლარია.

ბათუმში, ადლიის ქ. N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ.

მიუხედავად ამისა, კორპუსების მშენებლობაზე შსს-მ  ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ამუშავა, თუმცა ხელშეკრულება ორივესთან შეწყვიტა და, შესაბამისად, მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია.

შსს-ს დაუსრულებელი კორპუსები ბათუმში, ადლიის დასახლებაში / ფოტო ტენდერიდან

ადლიაში კორპუსების მშენებლობა 2018 წელს კომპანია „აიდურგეომ“ დაიწყო, რომელსაც შსს-მ 2 639 600 ლარი გადაურიცხა; შემდეგ მშენებლობის დასრულებაზე მუშაობდა სხვა კომპანია – „კასპიისპირეთის სამმართველო“, რომელთანაც ხელშეკრულება სამინისტრომ 2022 წლის ივნისში [ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო] შეწყვიტა, ივლისში კი, ამავე კომპანიას 595 562 ლარი გადაურიცხა [შესრულებული სამუშაოს ღირებულება].

2021 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით, „კასპიისპირეთის სამმართველოს“ სამუშაოები 2 843 944 ლარის ფარგლებში უნდა დაესრულებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიამ [შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით] ნახევარი მილიონი ლარის სამუშაო შეასრულა, შსს-მ მშენებლობის დასრულებაზე ტენდერი ამჯერად 4,4 მილიონი ლარით გამოაცხადა [თავდაპირველი გათვლებით კი ორი კორპუსი სამინისტროს 6 599 000 ლარად უნდა დაესრულებინა].

დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის სამინისტროს 3,4 მილიონი ლარი უკვე დახარჯული აქვს. მთლიანობაში რამდენით გაძვირდება პროექტი, ამ ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, სადაც წინადადებების მიღება 2022 წლის 4 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 9 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულმა კორპუსების მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული კორპუსების მშენებლობის დასრულების ვადებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შსს-ს ოფიციალური წერილით 2022 წლის 29 სექტემბერს მიმართა. სამინისტროდან პასუხი კი, ამ დრომდე არ მიგვიღია.

შსს-ს კორპუსები ბათუმში / რენდერი პროექტიდან

ტენდერების/მშენებლობის დეტალები მოკლედ:

  • ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება კომპანია „აიდურგეოსთან“ 2018 წელს 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
  • „აიდურგეოსთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა.
  • ტენდერში გაიმარჯვა „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველომ“, რომლის დამფუძნებელიც ყაზახური კომპანიაა.
  • ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2021 წლის 31 მაისს გაფორმდა 2 843 944 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, კორპუსების მშენებლობა 210 დღეში ანუ 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
  • 2021 წლის 31 დეკემბერს სამინისტროსა და „კასპიისპირეთის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რითაც სამუშაოების დასრულების ვადა შსს-მ 2022 წლის 28 თებერვლამდე გადაავადა. ამის შემდეგ ცვლილება ხელშეკრულებაში კიდევ ორჯერ შევიდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების ვადა ჯერ 2022 წლის 28 აპრილამდე, შემდეგ კი 28 მაისამდე გადაიწია.
  • „ბათუმელებთან“ „კასპიისპირეთის სამმართველოს“ დირექტორი 2022 წლის მაისში აცხადებდა, რომ მშენებლობა 2022 წლის აგვისტოში დასრულდებოდა [თუმცა სამინისტრომ ივნისში ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა].

ამავე თემაზე:

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: