მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავიბრუნოთ ძილი – ნევროლოგის რჩევები

09.11.2022 • 14780
როგორ დავიბრუნოთ ძილი – ნევროლოგის რჩევები

ინსომნია ძილის საერთო დარღვევაა, რომლის დროსაც შეიძლება გაძნელდეს დაძინება, ძილის შენარჩუნება ან გაგეღვიძოთ ძალიან ადრე და ძილი ვეღარ შეიბრუნოთ. ხანგრძლივად უძილობამ შეიძლება დააქვეითოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა, არამედ ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხიც.

რამდენსაათიანი ძილია ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი, ეს ინდივიდუალურია, თუმცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მოზრდილთა უმეტესობას ღამით 7-9-საათიანი ძილი სჭირდება.

  • ქალბატონო ინგა, რა მნიშვნელობა აქვს ძილს და როგორ გვაზიანებს უძილობა?

სტაბილური ფიზიოლოგიური ძილი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებდეს, ადამიანი იყოს შრომისუნარიანი, რადგან სწორედ ძილში ხდება ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ძალების აღდგენა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არის ჩაძინების დარღვევა, ირღვევა ძილის უწყვეტობა, ხდება ნაადრევი გაღვიძება, არასრულფასოვანი ძილი, რომლის შემდეგაც ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად და დილით არ აქვს იმის შეგრძნება, რომ გამოძინებულია. თუ ეს გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, საქმე გვაქვს ინსომნიასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური ექიმის ჩარევა.

დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე ძილი მიჩნეულია ნორმად, თუმცა +- 1 საათი არ მიიჩნევა დარღვევად. ხშირ შემთხვევაში ეს ინდივიდუალურია, ზოგიერთ ადამიანს უფრო ნაკლები დრო ჰყოფნის გამოსაძინებლად, ზოგიერთს მეტი სჭირდება.

  • რა შეიძლება იყოს უძილობის გამომწვევი მიზეზები?

უძილობის გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც პირველადად, თვითონ ძილის დარღვევა, ისე ეს იყოს მეორადად, სხვადასხვა ტიპის სომატური დაავადების ფონზე განვითარებული. ნებისმიერი სომატური დაავადებისას (მაგ. გულსისხლძარღვთა ან ფილტვისმიერი დაავადებები), რომელიც იწვევს ორგანიზმის კომფორტის დარღვევას, შეიძლება განვითარდეს უძილობა.

რაც შეეხება პირველად უძილობას – როცა სომატური პრობლემების არარსებობის შემთხვევაში ადამიანს უჭირს ჩაძინება, სძინავს წყვეტილად ან ეღვიძება ადრე – ამ შემთხვევაში საუბარია ძილის პირველად დარღვევაზე, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ფსიქოგენური, ისე ორგანული ბუნების. ორგანული ძილის დარღვევები გვაქვს ინსულტის, თავის ტვინის სიმსივნის, ტრავმის დროს და ა.შ., ხოლო ფსიქოლოგიური გენეზის ძილის დარღვევები ახლავს თითქმის ყველა ტიპის მენტალურ დაავადებას/პრობლემას, იქნება ეს შიზოფრენია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა თუ სხვა.

ჩაძინების პრობლემა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: გვიან ჭამა, კოფეინის შემცველი სასმელების [ყავა, ჩაი, კოლა]ან ალკოჰოლის მიღება, ასევე ძილზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა გამაღიზიანებელმა, როგორიცაა გარემოს შეცვლა. ამ დროს შეიძლება მოხდეს ადაპტაციის დარღვევა, ან შესაძლოა ვერ ვართ იმ გარემოში, სადაც კომფორტულად გვძინავს, არის ხმაური და ა.შ.

  • რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია პერიოდულად იმ საძილე აბების გამოყენება, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა?

ადამიანი ხშირად გვიან ხვდება იმას, თუ რა აწუხებს და გვიან იაზრებს, რომ ეს პრობლემაა. მაგალითად, დაგვიანებულ მომართვად შეიძლება განვიხილოთ, როცა პაციენტები მკურნალობას იწყებენ ვიღაცის გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდებით, „მეზობელს არ ეძინა, სვამდა ამ წამალს, ამიტომ მეც დავიწყე“ და როგორც წესი, როცა ექიმთან მოდიან, ჩვენ გვიწევს ბრძოლა არა მარტო უძილობასთან, არამედ წამალდამოკიდებულებასთანაც, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს არის ნეიროლეპტიკური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ბარბიტურანტები, რომლებიც კვალიფიციურად უნდა იქნეს დანიშნული.

თუმცა არსებობს უძილობის სახეები, რომლებიც გვარდება ფსიქოთერაპიით ან ძილის ჰიგიენის მოგვარებით.

  • როგორია ძილის ჰიგიენა, როგორ დავიძინოთ?
  • ადამიანი არ უნდა იყოს ზოგადად ეკრანზე დამოკიდებული, ჩაძინებამდე კი (რამდენიმე საათით ადრე) აუცილებლად უნდა მოშორდეს ეკრანს;
  • არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელი დაძინებამდე 4-5 საათით ადრე (შესაძლოა ალკოჰოლმა ერთჯერადად მოგვცეს რელაქსაცია, მაგრამ შემდეგ იწვევს დარღვევას უფრო მეტად, ვიდრე იყო მანამდე);
  • არ დანაყრდეს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე; არ მიიღოს კოფეინის შემცველი სასმელები ძილის წინ;
  • მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, შეიქმნათ ძილისთვის კომფორტული გარემო;
  • ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის, ფეხით სიარული, თუმცა მოწოდებულია აგრეთვე ის, რომ დაძინებამდე 2-3 საათის ფარგლებში მძიმე ფიზიკური დატვირთვა პირიქით მოქმედებს და ტვინის აქტივობას იწვევს. ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ზომიერი.

შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს ადამიანს მედიკამენტური ჩარევა და რატომ უნდა მიეჩვიოს მაინცადამაინც წამლით ძილს.

  • რა არის მელატონინი და რა როლი აქვს მას ჩვენი ძილის მოწესრიგებაში?

როგორც ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი, ძილიც არის ერთ-ერთი რთული პროცესი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც რეგულირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამომუშავებული იმპულსებით და ჰორმონებით. მელატონინი ძილის ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზში და მისი ნაკლებობის ან არარსებობის შემთხვევაში ვითარდება უძილობა, ამიტომ ზოგ შემთხვევაში მელატონინის ხელოვნურად შევსება აგვარებს უძილობის პრობლემას.

  • რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ ადამიანს წლების განმავლობაში დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს?

ადამიანი რომ თავისი ცხოვრების 1/3 ძილში ატარებს, აქედანაც ვხვდებით, თუ რა მნიშვნელოვანია ძილი ორგანიზმისთვის. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს დაკარგული დროა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, რადგან უძილობისას ძალიან ბევრი ფუნქცია გვერღვევა ორგანიზმში.

ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ღამით 5-საათიანი ძილი შეიძლება იყოს ნორმა და არ მოგვცეს დარღვევა, მაგრამ თუ ადამიანისთვის ძილი არის არასრულფასოვანი, ანუ თუ უძილობასთან გვაქვს საქმე, იწყება და ხშირდება ისეთი სიმპტომები, რაც ამა თუ იმ დოზით ყველას გამოგვიცდია – კერძოდ, თუ არ გვძინავს ერთი ღამე, მეორე დღეს ვართ გაღიზიანებული, გვიჭირს კონცენტრაცია, გაფანტულები ვართ, გვიჭირს იმ საქმის კეთება, რომელიც თითქოს რუტინაა ჩვენთვის, თუ ეს გახანგრძლივდა – ადამიანი არის მუდმივად დაძაბული, ეს სიმპტომები ღრმავდება და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ადამიანის შრომისუნარიანობა ქვეითდება, იგი იძულებულია მიმართოს ექიმს, მაშინ, როცა დასაწყისში უფრო მარტივად მოგვარებადი იყო ეს პრობლემა, სხვა დანარჩენი სიმპტომები აღარ წამოვიდოდა დროული გამოსწორების შემთხვევაში.

ჩვენ ვახსენეთ, რომ შეიძლება შფოთვა და ნევროზი იწვევდეს უძილობას, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ხანგრძლივი უძილობა, პირიქით, იწვევდეს შფოთვით აშლილობას, გაღიზიანებადობას და ა.შ.

  • როგორია მკურნალობა?

რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მედიკამენტური ჩარევა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ძილის დარღვევა პირველადია თუ მეორადი.

თუ მეორადია, პირველადი სომატური ფაქტორების საწინააღმდეგოდ ვიწყებთ ბრძოლას.

თუ ძილის დარღვევა გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, მაგალითად, პაციენტს აქვს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია – უნდა ვიმუშაოთ შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაგვჭირდეს საძილე პრეპარატების ჩართვა. მაგრამ თუ არის ძილის პირველადი დარღვევა, რომელსაც არ იწვევს სხვა რომელიმე დაავადება და გარემო ფაქტორები, ვირჩევთ ე.წ. ჰიპნოტიკებს ანუ საძილე პრეპარატებს, რომელთა ჯგუფის შერჩევაც ექიმის მიერ, ინდივიდუალურად წყდება.

MayoClinic – იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ უძილობა და ხელი შეუწყოთ ჯანსაღ ძილს, შეეცადეთ ყოველდღიურად დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით; რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ღამით ძილის გაუმჯობესებას; მოერიდეთ ან შეზღუდეთ დღისით „წაძინება“; მოერიდეთ ან შეზღუდეთ კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარება; შეჰქმენით დასასვენებელი რიტუალი ძილის წინ, მაგალითად, თბილი აბაზანის მიღება, კითხვა ან მშვიდი მუსიკის მოსმენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: