მთავარი,სიახლეები

„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

09.11.2022 • 4026
„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“, – გვეუბნება სამშენებლო მოედნის მეთვალყურე, რომელიც ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მოდენის სტილის შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტს მეთვალყურეობს. ის თავად მშენებელი არ არის.

ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი.

კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი შემნახველი სალაროს შენობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტია“.

კომპანიას  XIX საუკუნის ბოლოს აშენებული, მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ნებართვა აქვს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს.

ძეგლი, რომლისგანაც მხოლოდ ფასადი დატოვეს

„სოდი ინვესტმენტი“ სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით ახორციელებს, დარღვევები არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობისგან მხოლოდ ფასადის ნაწილის დატოვება სააგენტოს თანხმობით და შესაბამისი თანამდებობის პირების ხელმოწერით არის დადასტურებული.

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“ – ეს სწორედ მათი, ამ ხელმომწერების არგუმენტია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ერთი ნაწილი რჩება და ამას რეაბილიტაციას უწოდებენ.

ნებისმიერი კონკრეტული მშენებლობის მდგრადობასა და გარემოსთან შესაბამისობაზე კითხვები იგივე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. ისინი ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები დროს ჩამორჩნენ და არაფერი იციან ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის მიხედვითაც „უკვე ზღვაში შენდება შენობები“ და „მალე მარსზეც აშენდება“.

მესაკუთრე აქ 80-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს

არაერთი თანამდებობის პირი, რომელიც ერთი მხრივ კუნძულის მშენებლობის პრეზენტაციას გულმოდგინედ უკრავს ტაშს და უკვირს ეჭვნარევი მოსაზრებები ზღვასთან ახლოს რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ირწმუნება, რომ კულტურულ მემკვიდრეობას „შორს წასული განვითარება“ და „ახალი ტექნოლოგიები“ რატომღაც ვერ იცავს:

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“.

არადა, იგივე თანამდებობის პირები ბიუჯეტის თანხებით მივლინებებში საზღვარგარეთ ხშირად დადიან, რომ შეისწავლონ როგორ შეინარჩუნეს მემკვიდრეობა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში ან სხვაგან. რას სწავლობენ ისინი ევროპაში, რა გამოცდილებას იღებენ და როგორ იყენებენ ამას, უცნობია, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ხშირად იღებენ ფოტოებს ევროპული ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებული ძეგლების ფონზე.

შენობის ფასადი ქუჩის მხრიდან შეფუთულია, თუმცა წვიმის დროს მეორე მხრიდან ის ისევ სველდება

სწორედ ამ პოლიტიკის გამო ვერ გადარჩა ზვიად გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე მოდერნის სტილის შენობა ბათუმში. ის ერთადერთი ძეგლი არ არის, რომლისგანაც მხოლოდ ფასადი დარჩა, თუმცა სპეციალისტების  შეფასებით ეს შენობა  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის [არტ ნუვო – Art Nouveau] საუკეთესო ნიმუში იყო საქართველოში, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო შენობა ბათუმში და მისი იერ-სახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელი იყო.

არქიტექტორ-რესტავრატორის, გოგოთურ მისრიაშვილის  მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში, რომელიც კომპანია „სოდი ინვესტმენტმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა, ვკითხულობთ:

„დაზიანებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ნაგებობის სიძველე და მოუვლელობაა. მოშლილია წყალსაწრეტი თუნუქის მილები. განსაკუთრებით ეზოს ნაწილში აივნების დაზიანებული გადახურვის გამო დაგროვილი ატმოსფერული ნალექი ასველებს და რეცხავს კედლებს, რის შედეგადაც კედლების ეს მონაკვეთები გაჯერებულია წყლით და დაზიანებული ლინკრუსტი [კედლის ზედაპირი] დახავსებულია.

აღნიშნული დაზიანებების გამო შენობის ამ მონაკვეთში გადაადგილება სახიფათოა.“

რესტავრატორი ასევე ხაზს უსვამს 2010 წელს დაწყებული არასწორი რეაბილიტაციისას ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს.

დაწყებული რეაბილიტაციის პროცესზე არაფერი დაუწერია კომპანია „გეოგრაფიკს“. ამ კომპანიამ  2015 წელს ბათუმში მერიის დაკვეთით ძეგლების აღწერა-შეფასება ჩაატარა.

მაშინ „გეოგრაფიკმა“ თავის დოკუმენტში ძეგლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჩარევის სასურველ ფორმად რესტავრაცია/რეკონსტრუქცია/ადაპტაცია მიუთითა. გარდა ამისა, ეს მისამართი კომპანიას სასწრაფოდ სარეაბილიტაციო შენობების ნუსხაში არ შეუტანია, რაც იმას ნიშნავს, რომ  სპეციალისტებს მისი მდგომარეობა საგანგაშოდ არ შეუფასებიათ და მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

2015 წლის შემდეგ შენობა ისე დაზიანდა, რომ  გადარჩენა მართლაც შეუძლებელი იყო? – თუ ასეა, გამოდის, რომ ძეგლი იმ სახელმწიფო უწყებების გულგრილობამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე, რომლებსაც შენობაზე ზრუნვა და  მისი გადარჩენა ევალებოდათ.

საყურადღებოა ისიც, რომ „გეოგრაფიკი“ ამავე დოკუმენტში სახელმწიფო უწყებებს აფრთხილებდა, რომ სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო იმ ძეგლების მოვლა- პატრონობისთვის, რომლებიც გაყიდული და მიტოვებული იყო.

„სოდი ინვესტმენტი“  საქართველოში საფრანგეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა და მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ასევე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.

სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი, სადაც მცირე ზომის სტადიონიც იყო, სააქციო საზოგადოება [სს]„სოდი ინვესტმენტმა“ შპს „კორაქსესისგან“ შეისყიდა.

რა ფასად გაყიდა „კორაქსესმა“ სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონება წაიკითხეთ აქ.

ამავე თემაზე: 

ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: