მთავარი,სიახლეები

რუსეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

20.10.2022 • 994
რუსეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს თითქმის ათეული ადამიანისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების გაგზავნის უკანონო სქემებთან დაკავშირებით ბრალდებები გაასაჯაროვა. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-დან არალეგალური სქემით გატანილი ტექნოლოგიების ნაწილი, სავარაუდოდ, უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრალდებულმა ასევე სცადა რუსეთში „ბირთვული გავრცელების ტექნოლოგიის“ გაგზავნა, რაც რუსეთის ტერიტორიაზე შეტანამდე იქნა შეჩერებული.

„ეს ბრალდებები ავლენს აშშ-ის ექსპორტისა და სანქციების კანონების დარღვევის ორ ცალკეულ გლობალურ სქემას. მათ შორის ამერიკელი მწარმოებლების მიერ დამზადებული მგრძნობიარე სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებას – უკრაინაში ჩამორთმეული რუსული იარაღის პლატფორმებზე ნაპოვნი მოდელების ჩათვლით. ასევე იმ მექანიზებული სისტემის რეექსპორტის მცდელობა, რომელიც რუსეთში ბირთვულ გავრცელებასა და თავდაცვის სისტემებში შეიძლება გამოიყენებოდეს“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებაში.

ბრალდებები ჩამოყალიბებულია ორ ცალკეულ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ასახავს იარაღის ტექნოლოგიისა და სხვა საქონლის რუსეთში გადატანის ორ განსხვავებულ სქემას.

ერთი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ნიუ-იორკშია შემუშავებული, ვენესუელას ნავთობის 2 ბროკერსა და რუსი ეროვნების 5 პირს ადანაშაულებს ფიქციური კომპანიების შექმნაში, რომლებსაც იყენებდნენ ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების რუსეთში გასაგზავნად. ასევე აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მილიონობით ბარელი ვენესუელური ნავთობის რუსი და ჩინელი მყიდველისთვის მიწოდებისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ეროვნების ერთ-ერთმა პირმა აღიარა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ნაცვლად მოქმედებდა. სავარაუდოდ იგი წერდა, რომ ოლიგარქი „ასევე სანქციების ქვეშაა“.

პროკურორის თქმით, ტრანზაქციის შესასრულებლად, ბრალდებულებმა გააყალბეს გადაზიდვის დოკუმენტები და მათ მიერ შექმნილი ცრუ კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის ათობით მილიონი დოლარი გადარიცხეს. ერთ-ერთი ბრალდებული, სავარაუდოდ, ტრაბახობდა, თუ რამდენად მარტივია ბანკების გაცურება. ამბობდა, რომ „არაფერია სანერვიულო… ეს ყველაზე ჩასვრილი ბანკია ემირატებში“.

რუსი ეროვნების 2 პირი დააკავეს საზღვარგარეთ და ექსტრადაციის პროცედურას გადიან – განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა ოთხშაბათს. შვიდივე პირს წარდგენილი აქვს ბრალდება შეთქმულებაზე მრავლობითი მუხლით. მათგან 5-ს წარდგენილი აქვს  ნავთობის კონტრაბანდის სქემასთან დაკავშირებული საბანკო თაღლითობა, რაც 30-ზე მეტი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, მეორე საბრალდებო დასკვნაში, ლატვიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს კონექტიკუტში წარმოებული აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთში გასაგზავნად. მოწყობილობა გამოიყენება ბირთვული გავრცელებისა და თავდაცვის პროგრამებში“.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დაკავებულია ოთხი პირი – ესტონეთში მცხოვრები 3 ლატვიელი და 1 უკრაინელი.

„საბრალდებო დასკვნა ამტკიცებს, რომ ეს ბრალდებულები ცდილობდნენ კონტრაბანდულად გადაეტანათ ექსპორტზე კონტროლირებადი, მაღალი სიზუსტის ნივთი რუსეთში, სადაც ის შეიძლება გამოეყენებინათ ბირთვულ გავრცელებისა და რუსეთის თავდაცვის პროგრამებში“, – თქვა აშშ-ის პროკურორმა ვანესა რობერტს ევერიმ კონექტიკუტის ოლქიდან. – „ასეთი ქცევით შექმნილი საფრთხე ყოვლისმომცველია“.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 3 ლატვიელი 18 ოქტომბერს დააკავეს ლატვიაში, ხოლო უკრაინელი დააკავეს ივნისში. ისინი შეერთებული შტატების მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. აშშ ასევე ითხოვს მათ ექსტრადირებას.

ჯერჯერობით უცნობია, შეიტანეს თუ არა ბრალდებულებმა ოფიციალური საპროცესო განცხადება.

_________

მთავარ ფოტო: მერიკ გარლანდი

წყარო: CNN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: