„ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით,“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ბათუმის ბულვარში წუხელ მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე.
ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს, ერთ-ერთი რესტორნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 19 წლის კაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა წუხელ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. კონფლიქტის შემდეგ ადგილზე რესტორნის შუშის ფასადის ჩამსხვრევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
გამოძიება გრძელდება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით.