მთავარი,სიახლეები

რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან

18.10.2022 • 1408
რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან

13 ოქტომბერს 13 წლის გოგო ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად შევიდა და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. იმ დღეს იმავე შადრევანში დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა. მათი გადარჩენა მებაღემ შეძლო, გოგონას გადარჩენა კი დაგვიანდა.

ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა და დაამწუხრა. მათი უმრავლესობა ფეისბუქზე აპროტესტებდა მომხდარს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებდა დაეტოვებინა თანამდებობა. ქუჩაში იმავე მოთხოვნით იმ დღეს მხოლოდ 50-მდე მოქალაქე თუ გამოვიდა.

„კორუმპირებულმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია სიკვდილს“, – ამბობდა თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც პროტესტის ნიშნად იმ დღეს მერის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდა და ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით „კორუფცია = სიკვდილს“.

ვაკის პარკში 13 წლის სკოლის მოსწავლის დაღუპვის გამო მოქალაქეების საპროტესტო, მდუმარე აქცია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი.

2009 წელს ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებისას დედა-შვილი დაიღუპა.

11 წლის გოგონას თავში აფეთქებული მემორიალის ნამსხვრევები მოხვდა და დაიღუპა. ხალხი მაშინაც შეშფოთდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმდროინდელ გუბერნატორს დააკისრა და თანამდებობიდან გადააყენა.

„რწმუნებული არის თვალი და ყური პრეზიდენტის, ყველა შემთხვევაში, ის არის პასუხისმგებელი, არის თუ არა პირადად მისი უშუალო მონაწილეობა,“ – ასეთი კომენტარი გააკეთა მაშინ პრეზიდენტმა.

სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კი კომპანიის სამი წარმომადგენელი დააკავეს.

თუმცა ეს შემთხვევა მაინც ვერ გახდა პასუხისმგებლობის მაგალითი, რადგან 2018 წელს მსგავს უპასუხისმგებლობას შეეწირა ქედაში 6 წლის ბავშვის სიცოცხლე. ასი მეტრის დაშორებით, საკუთარი სახლის ეზოში თამაშში გართულ ბავშვს თავში აფეთქებული კარიერის ნამსხვრევები მოხვდა.

ამ შემთხვევაში კომპანიას, რომელიც კარიერის აფეთქებაზე მუშაობდა, სახელმწიფომ მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არც შესაბამისი უწყების მინისტრს და არც სხვა პირებს არ აუღიათ.

2019 წელს თბილისის ზღვაზე ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე 15 წლის ბიჭი დაიღუპა. იმავე ადგილზე, 2020 წლის ივნისში კიდევ ორი ბავშვი დაიხრჩო.

შსს-ს მონაცემებით, თბილისის ზღვის იმ მონაკვეთზე, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, ყოველწლიურად სულ ცოტა სამი ადამიანი მაინც იღუპება.

დაღუპული ბავშვების მშობლები, ასევე კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმომადგენლები, წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ თბილისის მერიას, რომ სიცოცხლისთვის საშიშ ადგილზე ბანაობის ამკრძალავი ნიშნები განეთავსებინა ან მიეღო სხვა შესაბამისი ზომები, რომ ახალი ტრაგედიები აღარ მომხდარიყო. იმავეს ითხოვდნენ 14 წლის დაღუპული მოზარდის, ოთარ შამათავას მშობლებიც და იმაზეც კი იყვნენ თანახმა, რომ სახიფათო ტერიტორია საკუთარი ხარჯებით შემოეღობათ.

სახიფათო ადგილზე მხოლოდ სამწლიანი ბრძოლის შემდეგ დაამონტაჟეს სამი ბანერი წარწერით – „ცურვა აკრძალულია“.

მოქალაქეების საპროტესტო აქცია „თბილისის ზღვაზე“.

2018 წელს თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან მდებარე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ბავშვი. მართალია, ამ შემთხვევაში ის სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მინის ჩამოვარდნამ ერთი ზრდასრული ადამიანი შეიწირა.

უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვას ემსხვერპლა სამი ბავშვი ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ  ხანძარს. მოცეკვავე ბავშვები ვერც ამ შემთხვევაში დაიცვა სახელმწიფომ.

არც მაშინ და არც ახლა, თბილისის ტრაგედიის დროს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.

უპასუხისმგებლობას შეწირული ბავშვების თემა პოლიტიკურ კინკლაობას არ სცდება.

დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ შადრევანში დაღუპული გოგონას გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა.

„თუ რამე გაფუჭდა მუშისა და ხელოსნის ბრალია, თუ რამე გაკეთდა, კალაძემ გააკეთა? მარტო ლენტის გაჭრა არ არის საქმე,“ – თქვა მან.

უმრავლესობის წევრმა, კახა ზარქუამ კი ოპოზიციას უთხრა, რომ კალაძე ყელში ჰყავს გაჩხერილი ოპოზიციას, რადგან „არჩევნებში დაგამთავრათ“, რომ „ხალხი არ დაგიდგათ გვერდით, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ.“

მმართველი პარტიის წარმომადგენლების აზრით, ხალხი არ ითხოვს მერის პასუხისმგებლობას და ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ახირებაა.

უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახა კალაძემ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო და, ზოგადად, რა შემთხვევაში დგება მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? – ვკითხეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს.

მისი შეფასებით, ის პოლიტიკური სისტემა და დემოკრატიის სტანდარტი, რომელიც დღეს საქართველოშია, კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

„საქართველოში პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩეული პოლიტიკოსები, რომლებსაც მაღალი პოზიციები შეიძლება ეკავოთ, ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე, რადგან ისინი, რეალურად, არჩეულები არიან არა, ვთქვათ, მათი  პოლიტიკური ხედვის, დაპირებების ან თუნდაც გამოცდილების თუ კვალიფიკაციის გათვალისწინებით, არამედ პარტიული ერთგულების მიხედვით.

ბუნებრივია, როცა პარტიული ერთგულებით ირჩევენ ან ნიშნავენ პირს, მერი იქნება, მინისტრი თუ სამსახურის უფროსი, მას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ იმ პირის წინაშე, რომელმაც დანიშნა.

ამიტომაც მგონია, რომ ასეთ პირობებში პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ძალიან არაბუნებრივია,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, ასეთ მოცემულობაში კახა კალაძის გადადგომა უფრო იქნებოდა კონტექსტიდან ამოვარდნილი, ვიდრე ის, რომ მას აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბავშვის დაღუპვის გამო.

სულხან სალაძის აზრით, ვერც 2009 წლის შემთხვევა იქნება რელევანტური მაგალითი თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან, რადგან მაშინაც და ახლაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირთან არის დაკავშირებული და არა რომელიმე მაღალჩინოსნის პიროვნულ გადაწყვეტილებასთან.

„როცა სააკაშვილი ამბობდა, რომ გუბერნატორია მისი თვალი და ყური, ცხადია, ამას მოჰყვებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან აქაც პოლიტიკური ერთგულებაა მნიშვნელოვანი.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ცუდი იყო, ვიღაცამ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, არა, მაგრამ აქაც და კალაძის შემთხვევაშიც, ეს არ უკავშირდება პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს.

როდესაც პოლიტიკოსები კითხვას, რჩევას, შენიშვნას იღებენ როგორც აგრესიას, როგორც მათზე თავდასხმას, იქ ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვების შემთხვევაშიც კი ეს ადამიანები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღიქმება სისუსტედ, დამარცხებად იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომელზეც შეიძლება ეს პასუხისმგებლობა მოდიოდეს და არა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად, რომელიც საჭიროა, ვთქვათ, პარტიის სახის შენარჩუნებისთვის ან ზოგადად, ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

„დასავლეთ ევროპის მაგალითები სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ბევრად უფრო მსუბუქ შემთხვევებშიც კი, ისინი გრძნობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ხშირად თავად პოლიტიკური პარტია მიდის ხოლმე ამ გადაწყვეტილებამდე, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ უარესად არ დაუბრუნდეს მას,“ – ამბობს სალაძე.

ვაკის პარკში 13 წლის სკოლის მოსწავლის დაღუპვის გამო მოქალაქეების მდუმარე აქცია პარლამენტთან. წარწერა პლაკატზე: „პროტესტი, დენები აღარ გაუშვათ.“ ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა არის თუ არა ხალხის აქტივობაზე დამოკიდებული? – ვკითხეთ მას. სულხან სალაძის შეფასებით, საზოგადოებრივ პროტესტს ნამდვილად შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება, „ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროტესტი არის ძლიერი.

ამიტომ გვჭირდება უფრო ძლიერი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, უფრო ძლიერი აქტივისტები და საარჩევნო სისტემა, რადგან ქვეყანაში ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ამას მივყავართ უარეს შედეგებამდე.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კახა კალაძეს დაეტოვებინა პოსტი, დატოვებდა თუ არა? დიდი ალბათობით დატოვებდა – გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრები როგორ სწრაფად ტოვებდნენ პოსტებს. გიორგი გახარია იყო გამონაკლისი და იქაც სხვა წინაპირობა არსებობდა.

თუ გადავხედავთ პოლიტიკურ კლასს, მათი დიდი ნაწილი თავისუფალ ადგილას მოდის, ყოველგვარი პოლიტიკური კარიერული ზრდის და გამოცდილების გარეშე. ამოსავალი არის პოლიტიკური ერთგულება და არა პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, გამოცდილება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისივე თქმით, თუ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა, ხვალ შესაძლოა კვლავ იმავე კომპანიებმა მოიგონ სახელმწიფო ტენდერები, რომელთა საქმიანობასაც შეეწირნენ ბავშვები, საზოგადოებას კი ემოციების ჩაცხრობის შემდეგ მალე დაავიწყდეს მსხვერპლი ბავშვები.

_______________________

მთავარი ფოტო: ვაკის პარკში 13 წლის სკოლის მოსწავლის დაღუპვის გამო მოქალაქეები საპროტესტო, მდუმარე აქციით პარლამენტთან მოვიდნენ.
წარწერა პლაკატზე: „მკვლელებო“
ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: