მთავარი,სიახლეები

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ბრძოლაში მარცხის გამო გადაწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

18.10.2022 • 845
რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ბრძოლაში მარცხის გამო გადაწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს ფრთოსანი რაკეტებით, „მიწა-მიწა“ კლასის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებით და ირანის მიერ მიწოდებული ლეტალური აპარატებით – „შაჰედ 136“.

უწყების შეფასებით, სრულიად შესაძლებელია, რომ თავდასხმის კამპანიის სამიზნე უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენებაა.

„სავარაუდოდ, რადგანაც აგვისტოს შემდეგ რუსეთი მუდმივად მარცხდებოდა ბრძოლის ველზე, მან უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაც გადაწყვიტა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 18 ოქტომბრის რელიზში.  

რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

ბოლო თავდასხმა გუშინ, 17 ოქტომბერს, მოხდა. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ „შაჰედებით“ შეუტია კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქს. დედაქალაქში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი.

დაბომბვების შემდეგ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება კატეგორიულად უარყო ირანმა, ამერიკულ მედიაში კი აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ თეირანი მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს და მისთვის დრონების გარდა „მიწა-მიწა“კლასის რაკეტების გადაცემასაც აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: