მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

17.10.2022
კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

„DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტს უნაზღაურდება დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება [პაციენტს] – ოპერაცია, რეანიმაცია, თუ ასე შემდეგ, ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო უხდის [კლინიკას] დიაგნოზის მიხედვით. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი, გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის.

თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის საყოველთაოს პრინციპით დაშვებული თანაგადახდის გარდა დამატებით VIP ოთახის, უმეტესი სერვისისა თუ ექიმის ჰონორარის დაფინანსება, მას შემდეგ, რაც DRG პრინციპი გაეშვება, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება“, – განმარტავს ილია ღუდუშაური, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

DRG დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტრო.

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განმარტებით, ამ მეთოდით დაფინანსების მექანიზმი გამორიცხავს ერთსა და იმავე ჩარევაზე სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებულ ფასს:

„ეს მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ ერთსა და იმავე სერვისზე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კლინიკაში იქნება ერთი და იგივე ფასი და პაციენტებიც შესაბამისად, თანაგადახდას გადაიხდიან თანაბარი პრინციპით“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

  • გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
  • ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
  • მშობიარობა / საკეისრო კვეთა
  • ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
  • კომბუსტიოლოგია [მოზრდილთა სტაციონარული დახმარება]
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
  • სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: