მთავარი,სიახლეები

„თქვენ ნაძირლებო“, – უკრაინელი ჯარისკაცის მესიჯი მამას, რომელიც რუსების მხარეს იბრძვის

14.10.2022 • 2593
„თქვენ ნაძირლებო“, – უკრაინელი ჯარისკაცის მესიჯი მამას, რომელიც რუსების მხარეს იბრძვის

სტატია: The Guardian

________________

24 თებერვლის პირველ საათებში, როდესაც უკრაინაზე რუსული რაკეტების დარტყმებით ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდ თავდასხმა იწყებოდა, მილიონობით უკრაინელის მსგავსად, არტურმაც მოიმარჯვა ტელეფონი ოჯახთან დასაკავშირებლად.

თუმცა, თუ უკრაინელი ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლების უსაფრთხოებაზე ღელავდა, 27 წლის არტურს განსხვავებული გზავნილი ჰქონდა მამისთვის, ოლეგისთვის, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, პრომოსკოვური სეპარატისტული ძალების პოლკოვნიკია.

„თქვენ ნაძირლებო“, – მისწერა მამას.

„იარაღი არ აიღო. კიევი მალევე დაეცემა“, – უპასუხა ოლეგმა ცოტა ხანში.

არტურმა მამის რჩევას არ დაუჯერა, სწრაფად ჩაეწერა მოხალისედ და მონაწილეობდა უკრაინის დედაქალაქის წარმატებულ დაცვაში, რომელიც რუსული ძალების რეგიონიდან გასვლით დასრულდა. ეს აპრილში მოხდა.

ის მალევე ჩაეწერა უკრაინის რეგულარულ არმიაში, გასულ თვეში მონაწილეობდა უკრაინის ბოლო კონტრშეტევებში ქვეყნის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. „გარდიანისთვის“ მიწოდებულ ფოტოებში ჩანს არტურის შესვლა უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებში – იზიუმსა და ლიმანში.

არტური თანამებრძოლებთან ერთად იზიუმში. ფოტო: Libkos

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არტური რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში მყოფ მამასთან კონტაქტს ინარჩუნებდა. მან „გარდიანს“ გაუზიარა მოკლე ტექსტურ შეტყობინებები, რომლებსაც მამასთან ცვლიდა.

„ჩვენ, პირდაპირი გაგებით, ერთი ბრძოლის ველის საპირისპირო მხარეს ვდგავართ. მაგრამ მხოლოდ ერთი ჩვენგანი იბრძვის ჭეშმარიტი მიზნისთვის“, – თქვა არტურმა ვიდეოზარში ზაკარპატიეს ოლქიდან – ის უკრაინის ყველაზე დასავლეთ რეგიონში იყო და თვეების საშინელი ბრძოლების შემდეგ ძალებს იღდგენდა.

არტური ბორისპილში, ქალაქ კიევთან ახლოს, სამხედრო ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ოლეგი, აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონიდან იყო და უკრაინის არმიაში ათი წელი, 2011 წლამდე მსახურობდა.

შვილის თქმით, იმ წელს, არტურის დედასთან განქორწინების შემდეგ, ოლეგი სამსახურის მოსაძებნად რუსეთში წავიდა. ფული სჭირდებოდა და დონეცკის სეპარატისტულ ძალებს შეუერთდა 2016 წელს – მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიიდან 2 წლის შემდეგ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების გასაძლიერებლად თავის სამხედროებს აგზავნიდა.

„შოკში ვიყავი, როდესაც მან მითხრა, რომ დონეცკის მილიციას უერთდებოდა“, – იხსენებს არტური. – „ჩემთვის, როგორც უამრავი უკრაინელისთვის, ეს ომი 2014 წელს დაიწყო. ეს ნიშნავდა, რომ იგი მტერს შეუერთდა“.

არტურის თქმით, ის თვალნათლივ ხედავდა, სეპარატისტებთან შეერთებამდე მამა კონფლიქტში თანდათან როგორ იჭერდა პრორუსულ პოზიციას: „რუსული პროპაგანდა იპყრობდა მას. მეგონა, არ გაებმებოდა, ამაზე ჭკვიანი იქნებოდა, მაგრამ ვცდებოდი“.

მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ინჟინერიაზე სწავლის შემდეგ კინოინდუსტრიაში კარიერის გაგრძელების ხანგრძლივ ოცნებას არტური კიევში გაჰყვა, მათ კონტაქტი შეინარჩუნეს. მაგრამ 2022 წლის თებერვლის შემოჭრის წინ, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა გაიზარდა, ასევე გაიზარდა დისტანცია მამა-შვილს შორის.

მარტის დასაწყისში, კიევიდან რუსი ჯარისკაცების გაძევების შემდეგ, არტურმა მამას ვიდეომესიჯი გაუგზავნა, სადაც დედაქალაქის დაცემის შესახებ მისი ადრინდელი გაფრთხილების გამო დასცინოდა. „გარშემო დავდივარ, მაგრამ ერთ რუსსაც კი ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, ისინი გაუჩინარდნენ. ვერ ვხვდები, სად არიან და შეგიძლია ამიხსნა?“ – ეუბნებოდა მამას ვიდეოში.

ოლეგმა უპასუხა, რომ რუსეთის ბედი მალე შემოტრიალდებოდა და კიდევ ერთხელ ურჩია, იარაღი დაეყარა. არტური იხსენებს: „მაგ მომენტში უკვე დავინახე, რომ მცირდებოდა მისი იმედები რუსეთის გამარჯვებაზე. რაც მეტ ტერიტორიას იკავებდა უკრაინა, ის უფრო სასოწარკვეთილი ჩანდა“.

მამა-შვილმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბუჩის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გახდა ცნობილი. ოლეგმა შვილს უთხრა, რომ ცნობები „ყალბია“, გაიმეორა რუსული ტელევიზიის მტკიცება, რომ დახოცილი მოქალაქეების ფოტოები ბუჩაში დადგმული იყო და ეს მოქალაქეები თავად უკრაინელებმა დახოცეს.

„ვუთხარი, რომ თავად ვიყავი ბუჩაში და საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერ, მაგრამ მივხვდი, რომ მისი მდგომარეობა უკვე უიმედოა. რაიმეში მისი დარწმუნების მცდელობა შევწყვიტე. ეს ენერგიის ფლანგვა იყო“, – ამბობს არტური.

ერთ-ერთი უკანასკნელი კომუნიკაცია არტურსა და ოლეგს შორის მას შემდეგ შედგა, რაც არტურის დანაყოფის დახმარებით იზიუმი გაათავისუფლეს.

„დატკბი, სანამ შეგიძლია“, – მისწერა მამამ.

„შენ, საშინელებათა ფილმებში ცუდი ტიპები რომ არიან, მათ ჰგავხარ. როდესაც ბოროტება მარცხდება, ის ყოველთვის სდებს პირობას, რომ დაბრუნდება“, – უპასუხა ვაჟმა.

სიჩუმე ჩამოწვა, როდესაც „გარდიანმა“ არტურს ჰკითხა, რას იზამს, თუ მამის პირისპირ აღმოჩნდება ბრძოლის ველზე.

„არ მგონია, რომ მისთვის სროლა შევძლო, ან ის შეძლებს მესროლოს მე. ვის შეუძლია საკუთარი მამის მოკვლა?“, – თქვა არტურმა და დაამატა, რომ მსგავსი საშინელი შესაძლებლობის შანსი ძალიან დაბალია, რადგან მამა ახლა დონეცკის სამხედრო ბაზაზეა.

ერთ-ერთ ბოლო წერილში არტურს მამა სწერს: „მაინც ჩემი შვილი ხარ. შენთვის საუკეთესო მინდა, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი იყო“.

„თუმცა, ვფიქრობ, ის ამ ყველაფრისთვის სასამართლოში უნდა დაისაჯოს“, – თქვა არტურმა და დაამატა: „ვისურვებდი, რომ ჩვენი გამარჯვებისა და მისი სამყაროს ნგრევის მოწმე გახდეს“.

არტური ესალმება კატებს ქალაქ იზიუმში, აღმოსავლეთ უკრაინაში. ფოტო: Libkos

არტური ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრს მუშაობს, ბრაზსა და სიძულვილს საკუთარი თავის შთანთქმის საშუალება რომ არ მისცეს.

„მამაჩემმა ჩვენს ოჯახსა და ქვეყანას უღალატა, მაგრამ მე, როცა ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი, სიყვარული მამოძრავებს. ბრმა სიძულვილი ცოცხლად შემჭამდა. მე, უბრალოდ, ომის დასრულებამდე გადავიწვებოდი“, – თქვა მან და დასძინა, რომ ომის შემდეგ სურს ფილმების კეთებას დაუბრუნდეს და იმ ჯარისკაცებს დაეხმაროს, ვისაც პოსტტრავმული აშლილობა შეაწუხებს.

არტურის ისტორია პირველად რუსულმა Help Desk-მა სექტემბერში გამოაქვეყნა. არტურის თქმით, მან თავისი ისტორიის გაზიარება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, ბევრი უკრაინელი იტანჯებოდა მსგავსი ოჯახური პრობლემით.

„მინდოდა, ყველასთვის მიმეწვდინა ჩემი მესიჯი, რომ თქვენ ოჯახის წევრების არჩევანზე პასუხისმგებლები არ ხართ. თუ მამათქვენი კრიმინალია, ეს არ გაქცევთ ნაკლებ პატრიოტად“, – თქვა არტურმა და დასძინა, რომ მისი ოჯახური ისტორიის შესახებ იციან დანაყოფში, რომელშიც იბრძვის, მაგრამ მისი ერთგულება არასდროს დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ: „მათ იციან, რომ მე უკრაინის ერთგული ვარ 100%-ით“.

არტური ქალაქ იზიუმში. ფოტო: Libkos

___

მთავარი ფოტო:

უკრაინელი ჯარისკაცი არტური შედის ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ იზუმში. „დატკბი, სანამ შეგიძლია“, – მიწერა მამამ. ფოტო: Libkos

თარგმანი: ირმა დიმიტრაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: