„მდიდარი არასამთავრობოების კლანი“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც გადაცემა „იმედის კვირაში“ 9 ოქტომბერს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი დადის ქუჩაში, ხელთ აქვს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების – „საიას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „ღია საზოგადოების ფონდის“ და სხვა NGO-ის ხელმძღვანელების ფოტოები და მოქალაქეებს ეკითხება, იცნობენ თუ არა ამ ადამიანებს.
ეს არ იყო ერთადერთი სიუჟეტი, რაც „იმედის“ ეთერში გავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. სიუჟეტების ციკლი იმაზე მოგვითხრობს, რომ ამ ორგანიზაციებს აქვთ ბევრი ფული.
„ისინი იბრძვიან კგბ-ეს მეთოდებით, ებრძვიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იურისტი თინათინ ხიდაშელი. მისი შეფასებით, ამ სიუჟეტების უკან „ქართული ოცნება“ მოიაზრება, რომელმაც აირჩია არა დასავლეთის, არამედ რუსეთის გზა.
„ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელმაც თავის უმთავრეს დანიშნულებად აირჩია, საქართველოში ებრძოლოს დასავლეთს და არა რუსეთს, ებრძოლოს ლიბერალურ დემოკრატიას და არა ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მცდელობებს.
შესაბამისად, ყველაფერი და ყველა, ვინც ამ გზაზე წინაღობას ქმნის, დისკრედიტაციის მანქანაში შეიძლება გაატარონ.
ტიპური კგბ-ს მეთოდებით ებრძვიან ისინი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს. ერთი ტიპური, სტანდარტული კლასიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც თავის დროზე კგბ-ში მუშავდებოდა ხოლმე“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
კგბ-ს სახელმძღვანელო პრინციპია კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცყოფის მიყენებით, მათ შესახებ პირადი მონაცემების გამომზეურებით, მანიპულაციებით ამ ადამიანების დისკრედიტაცია.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ საყურებელია, მაგრამ ამასობაში, ჩვენს ყოველდღიურობად იქცა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ პასუხს და რეაქციას იმსახურებს“, – ამბობს ხიდაშელი.
რისი შიში აქვს ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთ კამპანიას იწყებს? – ხიდაშელს თქმით, არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და სწორედ ამ პროცესში ხედავს ხელისუფლება მთავარ პრობლემას. „აი, ამას ებრძვიან“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
მისი აზრით, აქ არ დგას საკითხი მაინც და მაინც ასე, რომ ხელისუფლება, ვთქვათ, კონკურენტებად მოიაზრებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ამიტომ ებრძვის მათ: საკმარისია ისიც, რომ მათ შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება და „ეს საკმარისია, რომ ისინი მტრად გამოაცხადონ“.
მისი თქმით, ბრძოლის ეს მეთოდი დამახასიათებელია ამ ტიპის რეჟიმებისთვის და საქართველოს ხელისუფლება არ არის პირველი, რომელიც ამ მეთოდს მიმართავს კრიტიკული ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.
„ამის კლასიკური მაგალითები აქვს შექმნილი ვლადიმერ პუტინს და ესენიც, როგორც მისი გზის გამგრძელებლები, იმავე გზაზე დგანან და იმავე საქმიანობით არიან დაკავებული.
მთავარი პრობლემა, რის გამოც ეს გააფთრებული კამპანია დაიწყო დასავლეთის, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების წინააღმდეგ, არის იმის განცდა, რომ ამ ტიპის ძალაუფლების მატარებელი ადამიანების ადგილი, როგორიც არის საქართველოს ხელისუფლება, ევროპულ დემოკრატიაში არ არის. თუ საქართველოს ეს შანსი გაუჩნდა, მაშინ უფრო და უფრო შემცირდება ავტორიტარიზმისკენ გადახრილი მმართველობების როლი და ადგილი ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
მისი შეფასებით, სწორედ ამ პროცესის შეფერხებას ემსახურება არასამთავრობოების წინააღმდეგ მომზადებული გადაცემები, რადგან „მათ ეშინიათ ევროპის, ეშინიათ იმ სტანდარტების, დემოკრატიულობის, რასაც ევროკავშირი ითხოვს“.
„შესაბამისად, ებრძვიან ყველა საშუალებით და ცდილობენ ამ პროცესის მნიშვნელობის შესუსტებას“, – გვითხრა ხიდაშელმა. ის დარწმუნებულია, რომ თუკი „ქართული ოცნება“ 2024 წელს ისევ დარჩება ხელისუფლებაში, აუცილებლად მიიღებს იმ ტიპის კანონს, რომელიც მიიღო თავის დროზე პუტინმა არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
არასამთავრობოებისგან მტრის ხატს ქმნიან. სინამდვილეში კი, ეს ორგანიზაციები რიგით მოქალაქეებს ეხმარებიან. მაგალითად, საია წელიწადში „50 ათასამდე მოქალაქეს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ათეულობით ადამიანს იცავენ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად“.
დაარსების დღიდან 2018 წლამდე „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსება საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, მათ შორის ფონდის სტიპენდიით დასავლეთის უნივერსიტეტებში არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ფონდი აფინანსებდა ჯანდაცვას, კულტურული მემკვიდრეობას, მედიას. ამ ფონდის დამსახურებაა Microsoft-ისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის შექმნა.
რუსეთმა თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურად „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოაცხადა.
„ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი მიდის აქეთკენ. უბრალოდ, ახლა ხელისუფლების პრობლემა იმაშია, რომ მათ ამ ტიპის ლეგიტიმაცია არ აქვთ.“
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი, რომელიც „იმედის“ სიუჟეტების ერთ-ერთი „გმირია“, მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტების ციკლი ცალსახად ემსახურება ორ მიზანს – ერთი, ეს არის თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე და მეორე, ეს არის თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე.
„ამ სიუჟეტებში ხაზგასმული იყო ის, რომ თითქოს ეს ორგანიზაციები საქართველოს საწინააღმდეგო საქმისთვის გვაძლევენ დაფინანსებას.
ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, „იმედის“ სიუჟეტები ცალსახად პრორუსული ნარატივების შემცველია. სამწუხაროდ, ეს ტელევიზია უკვე ყველანაირ ეთიკურ და სამართლებრივ ზღვარს გადავიდა, – მანიპულირებადი და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაციას,“ – ამბობს სიმონიშვილი.
მისი აზრით, ხელისუფლება პროპაგანდის მექანიზმებით დაადგა რუსეთის გზას და ცდილობს შეზღუდოს NGO სექტორის სამოქმედო არეალი. „ცდილობს, ჩვენს დასკვნებსა და შეფასებებს ძალა დაუკარგოს საზოგადოებაში და საზოგადოება განაწყოს არა მარტო ჩვენი, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ასევე გახდა „იმედის“ სამიზნე, იზიარებს სიმონიშვილისა და ხიდაშელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მსგავსი სიუჟეტების მომზადებით ნიადაგს ქმნის არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რეგულაციების შემოსაღებად.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ბევრ არადემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში სწორედ ასეთი რიტორიკის შემდეგ გაჩნდა შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები, ბევრ ადამიანს შეუქმნეს სამართლებრივი პრობლემები, არაერთი ადამიანი დააკავეს კიდეც და იყო ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები და მკვლელობებიც კი.
„ამიტომ გახშირდა თავდასხმები ადამიანებზე, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ორგანიზაციებს, რომლებიც ხარჯავენ საკუთარ ენერგიას, რესურსს და მონდომებას არ აკლებენ დემოკრატიის გაძლიერებას ქვეყანაში, ავტორიტარული ხელისუფლებები განიხილავენ როგორც საფრთხეს.
საქართველოშიც, რაც უფრო მეტად ცდილობს საზოგადოება კონსოლიდაციას, მით უფრო ცდილობს ხელისუფლება გააქროს თავისუფლების ყველა ის კუნძული, საიდანაც შესაძლებელია საფრთხე ემუქრებოდეს,“ – გვითხრა გიორგი მშვენიერაძემ.
მისი თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტი ყველაზე ღარიბი საჯარო ორგანიზაციის ბიუჯეტსაც კი არ აღემატება. „იმაზე აპელირება, რომ თურმე ძალიან მდიდარია არასამთავრობო სექტორი საქართველოში, არის ანტიპიარისთვის გათვლილი, რომ საზოგადოების აგრესია გამოიწვიოს.
ჩვენი უბედურება არის ის, რომ არც ეს ორგანიზაციები არიან მდიდრები და ხალხიც ძალიან ღარიბია, რადგან ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე.
მისი თქმით, ამგვარი სიუჟეტების მომზადებით, ხელისუფლება ცდილობს დემოკრატიას შეუქმნას პრობლემები ქვეყანაში, რადგან „ეს სჭირდება ივანიშვილის ოლიგარქიულ კეთილდღეობას და მასთან დაახლოებული პირების კეთილდღეობას“.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საუბრობს იმაზე, თუ რატომ აზიანებს მსგავსი სიუჟეტები, როგორც მედიაგარემოს ქვეყანაში, ასევე დემოკრატიას.
„ის, რასაც „იმედი“ აკეთებს, მოკლედ რომ ვთქვათ, არის მანიპულაცია. ასეთი ტიპის გაშუქებით ჟურნალისტები ცდილობენ, საგანგებოდ მოიგონონ რაღაც სქემები, ტყუილები, რომ დაარწმუნონ საზოგადოება იმაში, რასაც ამბობენ“.
ზვიად ქორიძის შეფასებით, მანიპულაცია ყველაზე ცუდი და მიუღებელი პროფესიული „დანაშაულია“, რადგან მანიპულაციის დროს ჟურნალისტი განგებ ამახინჯებს სინამდვილეს და ქმნის იმ ტიპის სინამდვილეს, რომელიც მისი ან სხვა ვიღაცის ინტერესებშია და არანაირად არ შედის მოქალაქის ინტერესში, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
„მანიპულაცია პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხია. პროპაგანდა ზუსტადაც ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს რაღაც კონკრეტული მიზანი, ამოცანა და ამისთვის ამახინჯებ უტყუარ ინფორმაციას, რომ მიაღწიო სასურველ მიზანს.
ნებისმიერ შემთხვევაში პროპაგანდა ეფუძნება მანიპულაციურ ხერხებს და ამ შემთხვევაში, მანიპულაციური სიუჟეტები მზადდება არა მხოლოდ არასამთავრობოების წინააღმდეგ, ასევე რაღაც ჰიპოთეტურ საომარ მზადყოფნასა და ომის გაჩაღებაზე, მეორე ფრონტის შექმნაზე ქვეყანაში. მანიპულაციურია საუბარი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც.
როცა ასეთ სიუჟეტებს აკეთებს ჟურნალისტი და ატყუებს საზოგადოებას, ეს შესაძლოა შედიოდეს იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში, რომლებიც აი ამ მოსაზრებებზე აგებენ საკუთარ პოლიტიკურ ხედვას და ამიტომაცაა, რომ ამ სიუჟეტების და მმართველი პარტიის პოლიტიკოსების ნარატივი ემთხვევა ერთმანეთს.
ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ორივეს და ამისთვის სჭირდებათ პროპაგანდისტული მექანიზმების გამოყენება,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი თქმით, როცა ჟურნალისტი დადის ქუჩებში და მოქალაქეებს აჩვენებს თუნდაც საჯარო პირების ფოტოებს და კითხვას სვამს – „ვინ არიან ეს ადამიანები?“, პასუხის მიუხედავად კი იწყებ მათ ლანძღვას, ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტის მიზანი არ არის სიმართლის დადგენა, არამედ ვირტუალური სინამდვილის, რომ დააჯეროს მაყურებელი აი, ამ ადამიანების შესახებ არავინ არაფერი იცის, ანუ არ არიან მნიშვნელოვანი პერსონები.
თუ ეს ხალხი არაფრით საინტერესო არ არის, თუ მათ არავინ იცნობს, მაშინ რატომ დადიხარ მათი პორტრეტებით ქუჩაში?
სინამდვილეში იმიტომ დადის, რომ ზუსტად იცის, რომ ეს ადამიანები არიან აქტიური მოქალაქეები, არიან ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში, სწორედ იმ ამოცანებით და ბერკეტებით, რაც გააჩნია არასამთავრობო სექტორს და ეხმარებიან საზოგადოებას, რომ ჩვენი სახელმწიფო გახდეს უფრო თანამედროვე, ძლიერი.
ეს ძალიან კარგად იციან იმ ჟურნალისტებმა და წამყვანებმაც, რომლებიც ასეთ მანიპულირებულ სიუჟეტებს აკეთებენ, მაგრამ ისინი მაინც თანხმდებიან ამ მანიპულირებას,“- ამბობს ზვიად ქორიძე.
რატომ არის „იმედის“ სიუჟეტები რუსული მოდელი? ზვიად ქორიძის თქმით, ეს მხოლოდ რუსული მოდელი არ არის, არამედ ტოტალიტარული მოდელია, რომელიც მუშაობდა საბჭოთა კავშირში, კუბაში, მუშაობს ირანში, ჩინეთში, კორეაში და ყველა იმ ქვეყნებში, სადაც არის ტოტალიტარიზმი, სადაც სრულიად იგნორირებულია ადამიანის უფლებები.
„მტრების ძებნა გჭირდება იმისთვის, რომ მათ დააბრალო შენი უსუსურობა, შენი უმაქნისობა, შენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ამიტომ ეძებ მტრებს.
მაშინ, როცა ძალიან კარგად იცი, რომ არასამთავრობო სექტორი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამეცადინებული, რომ საქართველოს დასავლური განვითარების ვექტორი არ დაზიანდეს, ზუსტად იმისთვის მუშაობს, რომ საქართველო გახდეს თანამედროვე, სამართლებრივად ძლიერი სახელმწიფო, სადაც ყველა ინსტიტუცია მუშაობს იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და მოქალაქე იყოს დაცული.
ეს ძალიან კარგად იციან პოლიტიკოსებმაც და იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც ასეთი ტიპის დაკვეთილ სიუჟეტებს აკეთებენ,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი აზრით, ხელისუფლებამ იცის, რომ მას არ უნდა ევროინტეგრაცია, არ უნდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, რომ გახდეს საქართველო წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამით უკვე უჩენს ძალიან დიდ რისკებს საქართველოს. იჭერს თადარიგს – მისი მთავარი ამოცანაა, რომ ამ პროცესში ჯოხი გადატეხოს არასამთავრობო სექტორზე.
„ამ სიუჟეტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის, რომ აუდიტორიას მიაწოდოს ტყუილი იმის თაობაზე, რომ თურმე არასამთავრობო სექტორი უტეხს სახელს ევროპაში საქართველოს და ამით აზიანებს საქართველოს ინტერესებს, მაშინ, როცა პირიქითაა.
არასამთავრობო სექტორი ცდილობს დაეხმაროს ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ცდილობს იპოვოს გზა, არასამთავრობო სექტორი საზოგადოებას მიუგდოს საჯიჯგნად, მათ დააბრალოს, მაგალითად ის, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.
ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ამ ტიპის პროპაგანდისტული სიუჟეტებით ცდილობს ნიადაგი მოამზადოს იმისთვის, რომ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები თუ მედია, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, ისევე, როგორც ეს გააკეთა რუსეთში პუტინმა.
„ეს ორგანიზაციები საგრანტო დაფინანსებას იღებენ დასავლური ფონდებიდან, ამიტომ კეთდება ამდენი აქცენტი ამაზე, რომ შემდეგ თქვან, ამ ქვეყნების აგენტები არიან და ასრულებენ აგენტურულ დავალებას საქართველოს დასაზიანებლად.
მაშინ, როცა ევროპისა და აშშ-ს ინტერესი არ არის საქართველოს ევროინტეგრაციის დაზიანება. პირიქით, ევროკავშირს უნდა საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საც და ჩვენც, მოქალაქეებსაც გვინდა ევროინტეგრაცია და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 20 ივნისს მიტინგზე თბილისში.
აი, ამ გზაზე ყველა წინაღობის დაძლევა უნდა ხელისუფლებას, მთელი პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს,“ – გვითხრა ზვიად ქორიძემ.
მისი თქმით, სწორედ ასე წარმოუდგენია ხელისუფლებას ეს პროცესი, ამიტომ ჩართო მანიპულაციური მანქანა და მთავარი როლი ამ პროცესში იმ ჟურნალისტებს მიანიჭა, რომლებიც ატყუებენ საზოგადოებას.
ზვიად ქორიძის აზრით, საზოგადოებამ არა მარტო უნდა უყუროს ამ პროცესს, „არამედ უნდა მიანიშნოს, რომ ასე ჩალით არ არის ქვეყანა დახურული“ და თუ უნდა ხელისუფლებას, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, „ასეთი ვირეშმაკული ხერხებით ვერ გამოძვრება სიტუაციიდან.“
ზვიად ქორიძის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებით საქართველოს დაუკარგავს ევროინტეგრაციის შანსს, საზოგადოებას აუცილებლად ეყოფა იმის რესურსი, რომ პასუხი გასცეს მას.