„დაახლოებით 90% ვერ აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩაში, ამის ბევრი ობიექტური მიზეზია, რაც არ არის მძღოლობის მსურველის ბრალი,“ – გვითხრეს ბათუმისა და თბილისის 6 ავტოსკოლაში, სადაც მართვის მოწმობის გართულებულ და გაძვირებულ გამოცდებზე საუბრობენ, თუმცა არ სურთ ვინაობის გამხელა. „ჩვენ დაგვაბრალებენ, ვერ ასწავლესო“, – დასძინეს მათ.
შსს-ში ადასტურებენ იმას, რაც ავტოსკოლებში დაასახელეს ერთ-ერთ პრობლემად: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაზე დიდი რიგია და, მაგალითად, დღეს ან ხვალ გამოცდა რომ ვერ ჩააბარო, კანონი ერთთვიან ვადას გაძლევს გამოცდის ხელახლა ჩასაბარებლად, მაგრამ ნოემბრის ბოლომდე ბათუმში ყველა ადგილი დაჯავშნილია იმის მიუხედავად, რომ სავალდებულო 90 ლარს იხდი.
პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს ასე გადაუწყვეტია: თუ 250 ლარს გადაიხდი, ერთ კვირაში გახვალ ხელახლა გამოცდაზე.
სამოქალაქო ორგანიზაციაში კი, რომელიც გზების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს, მიიჩნევენ, რომ რიგი ლოგიკურად აღარ იქნება, როცა მართვის მოწმობის მიღების მსურველები დაინახავენ, რეალური მომზადებაა რომ გახდა საჭირო.
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის წესები 2022 წლის აპრილიდან შეიცვალა, როცა B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა: პირველი ეტაპი ისევ დახურულ მოედანზე ტარდება, მეორე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
ბათუმის რომელ ქუჩებში ტარდება პრაქტიკული გამოცდა, ნახეთ აქ.
თეორიული გამოცდის საფასური ისევ 55 ლარია, უფასოა დახურულ მოედანზე პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებაც, ხოლო თუ ვერ აბარებ, შეგიძლია ერთ კვირაში ისევ უფასოდ სცადო. მოედანზე შეგიძლია ყოველდღიურად დღეში თითოჯერაც სცადო გამოცდის ჩაბარება, თუმცა თითო მცდელობის საფასური 31 ლარია.
რაც შეეხება ქუჩაში გამოცდის ჩაბარებას – გეგმური გამოცდის საფასური 90 ლარია. არაგეგმური – 250 ლარი.
„პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, იმავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის დაშვება შესაძლებელია ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების შემთხვევაში დაუშვებელია იმავე დღეს პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ვადაზე ადრე დაშვება [დაჩქარებული მომსახურება]. ამასთან, დაუშვებელია აღნიშნული მომსახურების 7 კალენდარული დღის განმავლობაში ერთზე მეტჯერ გაწევა,“ – მოგვწერეს მომსახურების სააგენტოდან.
შსს-ს ეს უწყება გასცემს მართვის მოწმობას.
„მაგალითად, ბათუმში, ქუჩაში გამოცდის დროს გამოსაცდელმა პირმა უნდა გაიაროს პუშკინის ქუჩა,“ – გვიყვება ბათუმში ერთ-ერთი ავტოსკოლის მასწავლებელი. – „ვასწავლით წესებს, რომ ქვეითთა გადასასვლელთან უნდა გააჩეროს ყველგან, ისიც აჩერებს მანქანას და ამ დროს ტყდება ალიაქოთი, უსიგნალებენ, უყვირიან, სხვები განაგრძობენ მუშაობას, შენ რატომ აჩერებ?
მართალია, ამ დროს ქულას არ გაკლებენ, მაგრამ იძაბები, იბნევი.
მოთხოვნები ძალიან მკაცრია, ასე ერთიანად არ უნდა ყოფილიყო ეს მოთხოვნები, ჩემ შემთხვევაში ვინც გადის გამოცდაზე, დაახლოებით 1% აბარებს მხოლოდ პრაქტიკას,“ – გვითხრეს ავტოსკოლაში.
ავტოსკოლებში ადასტურებენ, რომ მომზადების ფასიც გაორმაგდა – ერთი საათი ღირდა 20 ლარი, ახლა 40 ლარია.
ბათუმის კიდევ ერთ ავტოსკოლაში ასევე გვითხრეს, რომ საგზაო წესების შესაბამისი ნიშნები არ არის იმ ქუჩებზე, სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილი ბარდება:
„დატვირთული ქუჩებია შერჩეული, მაგალითად, პუშკინი, ჭავჭავაძე… მეორეა, რომ შესაბამისი ნიშნები უნდა არსებობდეს, რომელი ზოლი საით წასვლის საშუალებას მოგცემს გზაჯვარედინზე, არ არის ეს მოწყობილი, არის მხოლოდ საგზაო მონიშვნები, რაც ისეთ ადგილებზეა, რომ რეაგირებას უკვე ვეღარ ასწრებს ადამიანი და უწევს ამ ზოლების გადაკვეთა.
მეორე პრობლემაა ის, რომ ძვირი გახდა ეს გამოცდა. ადრე უწევდათ 40 ლარის გადახდა პრაქტიკული და ახლა არის 90 ლარი. თუ 250 ლარი არ გადაიხადე, რაც კვირაში ერთხელ გასვლის საშუალებას გაძლევს, შესაძლოა ორი თვე ვერ გახვიდე 90 ლარით ხელახლა პრაქტიკულ გამოცდაზე. ძალიან დიდი ნაკადი დაგროვდა,“ – აღნიშნეს ბათუმის კიდევ ერთ ავტოსკოლაში.
თბილისის ავტოსკოლებში კი გვითხრეს, რომ პრობლემაა რიგები და გაძვირებული სახელმწიფო სერვისი.
„მინიმუმ 2 თვე ელოდებიან, ჩემთან დაახლოებით 10-დან 7 აბარებს, პირველივეზე ვერა, მაგრამ მეორე, მესამე ცდაზე აბარებენ… მათ უწევთ ქუჩაში, რეალურ სივრცეში ყველა სირთულის გადალახვა, რაც უნდა იცოდნენ,“ – გვითხრა ვიქტორია ზადანმა, „სარაჯიშვილის ავტოსკოლის“ მასწავლებელმა. მან მაღალი ციფრი დაასახელა, ვინც პრაქტიკულ გამოცდას წარმატებით აბარებს და ვინაობის დაფარვაც არ ისურვა.
„შიდა მოედანზე გამოცდის ჩაბარება გახდა უფასო… ქალაქში გამოცდის ჩაბარებას აქვს თავისი ხარჯი,“ – გვიპასუხეს შსს-ს „მომსახურების სააგენტოს“ პრესცენტრში, სადაც ვითხოვეთ დასაბუთება: რის გამო გაძვირდა მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება?
სააგენტოს პრესცენტრში განმარტეს, რომ მომსახურების საფასური კანონითაა განსაზღვრული და ვერ გვეტყვიან, რის საფუძველზე გახდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება 90 ლარი, ურიგოდ – 250 ლარი.
რაც შეეხება რიგებს – მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში რიგების არსებობას ადასტურებენ, თუმცა შენიშნავენ, რომ პერიოდულად ადგილი თავისუფლდება. „ასევე შეუძლიათ გავიდნენ გამოცდაზე სხვა რეგიონში, სადაც ადგილი თავისუფალია,“ – დასძინეს მომსახურების სააგენტოში.
რამდენი ადამიანი აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩებში? – მომსახურების სააგენტოში სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მოწოდებისთანავე გაგაცნობთ.
„სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, დაახლოებით 20 პროცენტი აბარებს გამოცდას ქუჩაში, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გამოდის, რომ დიდწილად მოუმზადებელი ადამიანები ცდილობენ მართვის მოწმობის აღებას,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს მართვის მოწმობის გამოცდის რიგებზე ეკა ლალიაშვილს, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს.
ეკა ლალიაშვილის დაკვირვებით, რეალურად თეორიული გამოცდისთვისაც არ არიან მზად ის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდას ვერ აბარებენ ქუჩაში.
„ეს ავტოსკოლები, რომლებიც ჩივიან, ხრიკებს უფრო ასწავლიან… როცა მომზადებულია კანდიდატი, მოწესრიგებული, ასეთ დროს თეორიულთან ერთად პრაქტიკულსაც ჩააბარებს. თეორიულს ახლა 3 დღეში სწავლობენ. პრაქტიკულს კი, 3 დღეში ვერ ისწავლი. დახურულ სივრცეში ამას კიდევ ახერხებდნენ, ღია სივრცეში სხვა რეალობაა.
წლებია შევეჩვიეთ, რომ მარტივად ბარდება ეს გამოცდა… ამას სჭირდება მეტი საუბარი, კამპანია მომსახურების სააგენტოსგან, მაგრამ შეძლება სააგენტოსთვის ეს არ იყოს ცუდი, მეტი შემოსავალი აქვს აქედან. კანდიდატებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფულს ხარჯავენ, ჯობია, უკეთესად მოემზადონ,“ – უთხრა ეკა ლალიაშვილმა „ბათუმელებს“.