ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

02.10.2022 • 2400
„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია.

„ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის გარეშე ვერ მოეწყობა. მერია კი, შენობების დემონტაჟს არ დათანხმდა.

„არსებული ხელოვნური ნაგებობების დემონტაჟი, ფაქტობრივად, მოსახლეობის გასახლების გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამ პროექტით კი, მდინარე ბარცხანის ნაპირზე, გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდიდან 42 მეტრ სიგრძეზე აშენდება რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი ნაგებობა, ხოლო მის გაგრძელებაზე – 298 მეტრ სიგრძეზე [სარკინიგზო ხიდამდე] – არსებულ ნაპირდამცავ ნაგებობაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის ე.წ. კბილი.

წითელი ხაზით აღნიშნულია მდინარე ბარცხანის კალაპოტში ასაშენებელი ნაპირსამაგრი, ხოლო ლურჯი ხაზით – რკინა-ბეტონის კბილი / ფოტო პროექტიდან

პროექტში, რომლის მიხედვითაც ეს კონსტრუქცია უნდა მოეწყოს მდინარე ბარცხანაზე, ქალაქის ბიუჯეტიდან 167 ათას 872 ლარია გადახდილი.

პროექტი შპს „უნივერსალ პროჯექტმა“ მოამზადა.

დოკუმენტების მიხედვით, [მდინარე ბარცხანაზე] სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა კომპანიას მერიის სამმართველომ 2022 წლის მარტში დაავალა.

ამავე წლის აგვისტოში კომპანიამ მერიის სამმართველოს მისწერა, რომ „საპროექტო გადაწყვეტილების მიღებისას ვერ ხორციელდება ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც არ გამოიწვევდა მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდგომი შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.“

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ბარცხანაზე, გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დღევანდელი მდგომარეობით აშენებული ხელოვნური ნაგებობები ჰიდროლოგიური კვლევის მიხედვით ვერ აკმაყოფილებს მდინარის მაქსიმალური დონის დაფარვის პარამეტრებს. მოწყობილი ხელოვნური ნაგებობები არ ითვალისწინებს წარეცხვის დონეს, რის გამოც მდინარემ სტიქიის დროს გამოურეცხა რკ/ბეტონის კედელს საძირკველი და დააზიანა აღნიშნული მონაკვეთი.

საჭიროა ბაქრაძის და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული რკ/ბეტონის ერთმალიანი ხიდიდან მდინარის მარჯვენა მხარეს არსებული ნაპირსამაგრისა და შენობა-ნაგებობების დემონტაჟი არსებულ ძველ ხიდთან ერთად, რომელიც არ ფუნქციონირებს და აპატარავებს მდინარის კალაპოტს. ყოველივე აღნიშნულის ნაცვლად უნდა მოეწყოს რკ/ბეტონის კედელი კბილით, წარეცხვის დონის და წყლის მაქსიმალური დონის გათვალისწინებით.

გთხოვთ განიხილოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადება წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, წერილობით კონკრეტულად განგვისაზღვროთ, თუ როგორ გავაგრძელოთ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ მერიის სამმართველოში გაგზავნილ წერილში.

კონტრაქტორი კომპანიის წერილი სამმართველოში განიხილეს და აგვისტოს თვის ბოლოს მიწერეს: „გეძლევათ რეკომენდაცია საპროექტო გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად შეზღუდოთ მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდგომი შენობა-ნაგებობების დემონტაჟის აუცილებლობა.“

მდინარის მარჯვენა ნაპირზე კერძო საცხოვრებელი სახლებია, მარცხენა ნაპირზე კი, ნავთობტერმინალი.

რა გადაწყვიტა კომპანიამ ნაპირსამაგრი კონსტრუქციის დაპროექტებისას – ეს ჩანს განმარტებითი ბარათიდან, რომლის მიხედვით:

  • ტოპოგრაფიული და ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად საჭირო კედლის დასაპროექტებლად უნდა დაინგრეს მდინარის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები.
  • წყალუხვობის პერიოდში მდინარე არსებულ ნაპირსამაგრის დონეს აჭარბებს და მოწყობილი ხელოვნური ნაგებობები არ არის საკმარისი მოსული ხარჯის გასატარებლად.
  • საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადავწყვიტეთ არსებული, ძველი რკ/ბეტონის საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი, რომელიც ამცირებს კვეთს და ხელს უწყობს წყლის დაგუბებას.
  • ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია და არსებული ხელოვნური ნაგებობების დემონტაჟი მოსახლეობის გასახლების გარეშე შეუძლებელია, პროექტი ითვალისწინებს არსებული ნაპირსამაგრი კედლებისთვის რკ/ბეტონის კბილის მოწყობას, წარეცხვის დონის გათვალისწინებით, რაც თავიდან აგვარიდებს, ბაქრაძის ქუჩის დასაწყისში მომხდარ ფატალურ შედეგს.
  • გზის დასაწყისში გათვალისწინებულია დანგრეული კედლის სრულად დემონტაჟი და გატანა ნაგავსაყრელზე.
  • მის ნაცვლად კი ახალი რკ/ბეტონის ნაპირსამაგრის მოწყობა კბილით, რომელიც მიუხედავად წამოჭრილი პრობლემებისა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან წერილობითი და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაპროექტდა მაქსიმალურად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.“

პროექტის მიხედვით, „ფუნდამენტისა და ტანის მოწყობა გათვალისწინებულია ბეტონით, რომელიც ადგილზე უნდა მოიზიდოს ბეტონმრევი მანქანებით და  ჩაბეტონდება ყალიბში ვიბრატორის გამოყენებით. კედლის ტანზე ყრილის მხარეს უნდა მოეწყოს ორფენიანი ჰიდროიზოლაცია ბიტუმით, გრუნტის წყლების მოსაცილებლად გათვალისწინებულია სადრენაჟო ხვრელების მოწყობა პლასტმასის მილებით. კედლის უკან ყრილი კი, უნდა მოეწყოს კარიერიდან მოზიდული გრუნტით.“

ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება და, პირობის მიხედვით, 2023 წლის 29 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 16 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 21 ოქტომბერს დასრულდება.

განახლება: 2022 წლის 10 ოქტომბერს კომისიამ კორექტირება შეიტანა ხარჯთაღრიცხვაში. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანასთან ერთად შეიცვალა ტენდერში წინადადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღებიც. შესაბამისად, ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 26 ოქტომბერს და ხუთ დღეში, 31 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოების მიწოდების ვადა კი – 2023 წლის 29 აპრილამდე – დარჩა უცვლელი.

ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბაქრაძის ქუჩის დასაწყისში არსებული დამცავი ჯებირი ერთი წლის წინ დაანგრია და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოურეცხა. ადიდებულმა მდინარემ ამ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოებიც წაიღო. სტიქიამ მოსახლეობა 2020 წელშიც დააზარალა, რის გამოც ქალაქის მერიამ რამდენიმე ოჯახი სხვაგან ქირით გადაყვანა.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: