მთავარი,სიახლეები

რა გააოცებთ ტურისტებს ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“?

19.09.2022 • 2311
რა გააოცებთ ტურისტებს ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“?

„საოცრებათა მოედანი“ ხალხმრავლობით გამორჩეული ერთ-ერთი ტურისტული ადგილია ბათუმის ბულვარში. ამ მოედანზეა ანბანის კოშკიც. რას ვხედავთ პირველად, როცა „საოცრებათა მოედანზე“ შევდივართ? – მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, მწვანე გაზონებზე შემომდგარ ავტომობილებს და დანაგვიანებულ გარემოს.

18.09.2022 წელი. „საოცრებათა მოედანი“ ბათუმში.

მწვანე გაზონი, რომელსაც „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ხედავთ, ერთ დროს, ქვის მრგვალი ბურთებით იყო შემოსაზღვრული. ახლა კი ეს ბურთები, თითქმის მთელი გაზონის გასწვრივ ამოგლეჯილია და ირგვლივ მიმოფანტული.

18.09.2022 წელი. ეს ქვის ბურთულები გაზონზე ვერტიკალურად უნდა იყოს განთავსებული, ახლა კი ასე ყრია მინდორზე.

ქვის ბურთები მიმოფენილია მოედნის მთელ პერიმეტრზე – გაზონზე შემომდგარი ავტომანქანების ქვეშ და მიმდებარე სკვერებშიც კი.

18.09.2022 წელი. „საოცრებათა მოედანი“ ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მწვანე საფარი მოუვლელია, გაუკრეჭავი, რომელიც ავტომანქანების პარკინგად არის ქცეული. 

18.09.2022 წელი. ავტომობილი „საოცრებათა მოედანზე“ პირდაპირ მწვანე გაზონზე დგას.

18.09.2022 წელი. ამ გაზონის გასწვრივ ქვის ბურთები იყო განლაგებული. თუმცა როგორც ფოტოზე ვხედავთ, ამ ნაწილში მხოლოდ ერთი ქვის ბურთია შემორჩენილი, სხვები კი მოგლეჯილია.

მოედანზე გახსნილი ღია კაფეების წინ განთავსებული საყვავილეები ახლა სანაგვე ურნებად გამოიყენება.

18.09.2022 წელი. ამ ყუთებში წესით მწვანე ნარგავები უნდა იყოს, თუმცა როგორც ვხედავთ მათ სანაგვე ურნების დანიშნულება აქვს დღეს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში ვკითხეთ, რატომ არის ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილი ასეთი მოუწესრიგებელი, რატომ არ გაკეთდა თუნდაც ტურისტული სეზონისთვის მოედანი და აპირებს თუ არა წლის ბოლომდე მაინც აღადგინოს მოედნის დაზიანებული ინფრასტრუქტურა?

ერთ-ერთი ხალხმარავლი ადგილი ბათუმში მოუწესრიგებელია.

უწყებაში გვიპასუხეს, რომ ადგილზე გავლენ, დაათვალიერებენ ტერიტორიას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. მოგვიანებით კი ასეთი პასუხი გაგვცეს:

„ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბორდიურების აღდგენა რეგულარულად ხორციელდება. ხშირად ხდება გარკვეული ადგილების ავტოსადგომად გამოყენება, ქვის დამცავი ბარიერების თვითნებურად გადაადგილება, რის შედეგადაც ზიანდება ინფრასტრუქტურა“.

თუმცა, ფოტოზე ასახული მდგომარეობა აჩვენებს, რომ ამ ტერიტორიაზე „რეგულარული“ სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა.

მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში არ თქვეს, რა ზომები ტარდება მწვანე გაზონზე დაპარკინგებული ავტომანქანების ტერიტორიიდან გასაყვანად და როდის დაიბრუნებს საოცრებათა მოედანი თავდაპირველ იერ-სახეს.

ბათუმის მერიას მსგავსი პასუხი ჰქონდა ევროპის მოედანთან დაკავშირებითაც, როცა დაზიანებულ ინფრასტრუქტურის შესახებ დავუსვით კითხვები. მერია მაშინ ამბობდა, რომ ინფრასტრუქტურას მოსახლეობა აზიანებს, თუმცა რას აკეთებს პრობლემების აღმოსაფხვრელად, ამაზე ნაკლებად საუბრობს.

____________________

მსგავს თემაზე:

დაზიანებული ქვის ბოძები ბათუმში, ევროპის მოედანზე [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: