მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოწინავე მე-3 კორპუსი ხარკოვში სავსე იყო ალკოჰოლდამოკიდებული მოხალისეებით – ფორბსი

19.09.2022 • 10598
რუსეთის მოწინავე მე-3 კორპუსი ხარკოვში სავსე იყო ალკოჰოლდამოკიდებული მოხალისეებით – ფორბსი

უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილი 80 ათასი სამხედროსა და ათასობით განადგურებული სამხედრო ტექნიკის დეფიციტის შესავსებად, რუსეთმა ზაფხულში ახალი საარმიო კორპუსი შექმნა, თუმცა ერთი შეხედვით ძლევამოსილი დანაყოფი ხარკოვიდან გაიქცა და თავისი ძვირადღირებული ტექნიკა დატოვა – რუსეთის მე-3 საარმიო კორპუსის შესახებ სტატიას Forbes აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით, მე-3 საარმიო კორპუსი ძლევამოსილი სამხედრო ფორმირებაა, რომელიც რამდენიმე 10 000-კაციანი ბრიგადისგან შედგება. ეს ბრიგადები კიდევ 10-ზე მეტ ბატალიონად იყოფა და მათ შეიარაღებაში ასობით ტანკი – T-80, T-90 და უამრავი სხვა ჯავშანტექნიკაა.

„სინამდვილეში კორპუსი სავსე იყო ხანდაზმული და ცუდად მომზადებული, ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებული მოხალისეებით. როდესაც მე-3 საარმიო კორპუსი ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის შესაჩერებლად მოწინავე პოზიციებზე გადაისროლეს, ის უბრალოდ… ჩამოიშალა,“ – წერს გამოცემა.

რუსეთის ახალშექმნილი დანაყოფი ხარკოვიდან გაიქცა.

გამოცემის ინფორმაციით, მე-3 საარმიო კორპუსმა გაქცევისას დატოვა ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებსაც მათზე მიხატული განსხვავებული ნიშნით, სამკუთხედში ჩახატული წრით ცნობენ.

„მე-3 საარმიო კორპუსი, რომელიც მოსკოვიდან 320 კილომეტრში, მულინოშია ბაზირებული, რუსეთის საუკეთესო მცდელობა იყო, როგორმე შეევსო თავისი დანაკარგები უკრაინასთან 200 დღიანი ომის შემდეგ. ის, რომ ამ კორპუსმა უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა, რუსეთისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია,“ – წერს Forbes.

გამოცემის ცნობით, მე-3 საარმიო კორპუსის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია, ის შეიძლება განაახლონ, თუმცა მარცხის შემდეგ, კრემლს ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.

„ორმო, რომელიც მე-3 საარმიო კორპუსს უნდა ამოევსო, ახლა კიდევ უფრო ღრმაა. ხარკოვის კონტრშეტევა რუსეთის არმიას ასობით ერთეული ტექნიკა და შესაძლოა, ათასობით სამხედროც დაუჯდა. დანაკარგებს შორისაა ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიის დიდი ნაწილი,“ – ხაზს უსვამს გამოცემა.

მე-3 საარმიო კორპუსის მარცხის შემდეგ, მე-4 კორპუსის შექმნის შესაძლებლობაზე წერდა დღეს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამას რეალურად მიიჩნევენ იმ ფონზე, რომ რუსეთის რეგიონებში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ძალიან გააქტიურდა მუშაობა მოხალისეთა ახალი ბატალიონების შესაქმნელად.

თუმცა ISW-ის შეფასებით, ამგვარი ფორმირებები რეალურ გავლენას ომის მიმდინარეობაზე ვერ ახდენს, რადგან ისინი ძალიან განსხვავებული საბრძოლო გამოცდილების, მომზადებისადა მოტივაციის მქონე ხალხისგან შედგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: