მთავარი,სიახლეები

უახლოეს კვირებში უკრაინამ შესაძლოა ხერსონის დასავლეთ ნაწილი დაიბრუნოს – ISW

19.09.2022
უახლოეს კვირებში უკრაინამ შესაძლოა ხერსონის დასავლეთ ნაწილი დაიბრუნოს – ISW

ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევა ძლიერდება, რუსები მის შენელებას ცდილობენ და უკეთ დაცულ პოზიციებზე იხევენ – ასე აფასებს ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე, გარკვეულ მონაკვეთებზე, მარცხი განიცადეს დაუკომპლექტებელმა რუსულმა დანაყოფებმა, რამაც უკრაინის დამცველებს წინსვლის შესაძლებლობა მისცა.

ISW-ის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ უკრაინელთა უწყვეტი დარტყმები დნეპრის გასწვრივ, ხერსონის ოლქის დასავლეთით, რუსეთის სახმელეთო კავშირის ხაზებზე, კიდევ უფრო ართულებს რუსეთის არმიის ლოგისტიკას. უკანასკნელი ცნობები ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან საარტილერიო შეტევები მკვეთრად შემცირებულია, ოკუპირებულ ხერსონში კი წყლისა და საკვების დეფიციტია.

ISW-ის პროგნოზით, უახლოეს კვირებში, უკრაინის ძალები ხერსონის ოლქის მთელ დასავლეთ რაიონს თუ არა, მის დიდ ნაწილს მაინც დაიბრუნებენ.

„რუსები ცდილობენ უკეთ დაცულ პოზიციებზე გადაადგილდნენ, მათ მიერვე კონტროლირებული ტერიტორიის ფარგლებში, რათა ხარკოვის მსგავსი ქაოსური უკან დახევა აიცილონ თავიდან,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის ცნობით, უკრაინის ძალები განაგრძობენ პოზიციების გამყარებას ხარკოვშიც, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

„დონეცკის ოლქი ჯერჯერობით ერთადერთი რეგიონია, სადაც რუსეთის არმია ჯერ კიდევ ცდილობს შეტევებს,“ – წერენ ექსპერტები და დასძენენ, რომ არსებობს ცნობები უკრაინელთა ცალკეული კონტრშეტევების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ უკრაინა ამ რაიონში მსხვილმასშტაბიან კონტრშეტევას გეგმავს.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო და უფრო მეტ გათვლას აკეთებს არარეგულარულ, ცუდად გაწვრთნილ მოხალისეთა დანაყოფებზე.

ანალიტიკოსების ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთის მე-3 საარმიო კორპუსმა ხარკოვში მარცხი განიცხადა, რუსეთმა შესაძლოა მე-4 საარმიო კორპუსის ფორმირება დაიწყოს. ISW ამ შესაძლებლობას რეალურად მიიჩნევს იმ ფონზე, რომ რუსეთის რეგიონებში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ძალიან გააქტიურდა მუშაობა მოხალისეთა ახალი ბატალიონების შესაქმნელად.

ISW აღნიშნავს, რომ მე-3 საარმიო კორპუსმა, რომელსაც პოზიციები ხარკოვის ოლქში ეკავა, ვერ შეძლო ეფექტიანი თავდაცვა და „გაიბნა“. ანალიტიკოსების შეფასებით, ამგვარი ფორმირებები რეალურ გავლენას ომის მიმდინარეობაზე ვერ ახდენს, რადგან ისინი ძალიან განსხვავებული საბრძოლო გამოცდილების, მომზადებისა და მოტივაციის მქონე ხალხისგან შედგება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: