მთავარი,სიახლეები

ბათუმში 1200-მდე ბავშვი საბავშვო ბაღში რიგს ელოდება

17.09.2022 • 862
ბათუმში 1200-მდე ბავშვი საბავშვო ბაღში რიგს ელოდება

„ამჟამად თქვენს მიერ შერჩეულ ბაღში ადგილი არ არის. გთხოვთ დაიკავოთ რიგი. აირჩიეთ ბაღები ვარიანტების მიხედვით “ – ამ ფრაზას ბათუმში ბავშვის დარეგისტრირებისას თითქმის ყველა მისამართზე დაგიწერთ სპეციალური სისტემა, სადაც ბავშვი ბაღში მისაღებად უნდა დაარეგისტრიროთ.

დღეს, 17 სექტმბერს, ბათუმელებმა რამდენიმე მისამართი შეამოწმა. როგორც ირკვევა არის ისეთი ბაღებიც, სადაც თავის რიგს ასზე მეტი ბავშვი ელოდება. განსაკუთრებით 3-წლიანების ჯგუფები შევამოწმეთ, თავის რიგს ჯერ კიდევ ელოდებიან 4-5 წლის ბავშვებიც.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით დიასამიძე გვარწმუნებს, რომ წელს ბაღში აღსაზრდელების მიღების საკითხი დღის წესრგში ისე მწვავედ აღარ დგას, როგორც გასულ წელს. მისი ინფორმაციით, წელს ბაღი 3170-მა სკოლის ასაკის ბავშვა დატოვა, შესაბამისად, ამდენივე ადგილი გამოთავისუფლდა.

სიტემაში დარეგისტრირებული, თუმცა ბაღში მიღების რიგში მყოფი ბავშვების რაოდენობას დავით დიასამიძე ვერ აზუსტებს, იმ მიზეზით, რომ დასვენების დღეს გადამოწმებას სისტემურად ვერ შეძლებს. მისი ვარაუდით ამ დროისთვის შესაძლოა თავის რიგს დაახლოებით 150-მდე ბავშვი ელოდებოდეს:

„ეს მოძრავი პროცესია. ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია წარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში, ამიტომაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა მშობლებმა უკვე დაარეგისტრირეს ბავშვები, რომლებსაც, მაგალითად, ნოემბერში ან დეკემბერში შეუსრულდებათ 3 წლის ასაკი. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ, რომ მთელი წლის ანმავლობაში გაიარონ რეგისტრაცია.“ – განმარტავს დავით დიასამიძე.

სარეგისტრაციო სისტემას თუ დავაკვირდებით რიგები თითქმის ყველა ბაღშია, მათ შორის 3 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფებშიც.

მაგალითად, სარეგისტრაციო სისტემა გვიჩვენებს, რომ ბათუმის პირველ ბაღში, 26 მაისის ქუჩაზე, თავის რიგს სამწლიანების ჯგუფში 31 ბავშვი ელოდება, ოთხწლიანების ჯგუფში 3, ხუთწლიანების ჯგუფში კი, რიგში ერთი ბავშვია.

მე-5 ბაღში, სამწლიანების ჯგუფში რიგში 24 ბავშვია; მე-17 ბაღში [9 მარტის ქუჩაზე] კი, თავის რიგს 66 ბავშვი ელოდება.

სისტემა აჩვენებს, რომ ბავშვები მოლოდინის რეჟში არიან თითქმის ყველა უბანში, გარდა თამარის დასახლებისა.

დავით დიასამიძის ინფორმაციით 3 ოქტომბერს ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი ბაღი იხსნება, რომელიც 250 აღსაზრდელს მიიღებს: „ვაპირებ ბავშვების მშობლებს, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩებზე მცხოვრებლებს, შევთავაზო დროებით ამ ბაღში ატარონ ბავშვები.“

საერთო ჯამში სისტემას თუ დავაკვირდებით თავის რიგს 1200 -მდე დარეგისტრირებული ბავშვი ელოდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ლიმიტი კი, ამ დროისთვის, ჯამში 8 080 ადგილია.

2022 წლის ბოლოს ბათუმში სამი ბაღის მშენებლობა უნდა დასრულდეს, ახალი ბაღები ბაგრატიონის ქუჩაზე, თამარის დასახლებასა და ჩაქვში, 2023 წლის იანვარში უნდა აგაიხსნას.

გადაბეჭდვის წესი