მთავარი,სიახლეები

სუსთან „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

13.11.2021
სუსთან „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

ბათუმში, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააკავეს. დაკავებულს ადვოკატი ვერ პოულობს.

სუსის შენობასთან დღეს,  13 ნოემბერს, „გირჩის“ წევრები და „სირცხვილიას“ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ ლოზუნგით – „რამდენს დაგვაკავებთ?“ ისინი გუშინ სუსის შენობასთან „გირჩის“ ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ.

„მოგვთხოვეს, დაგვეტოვებინა ტროტუარი, არ გვიხსნიდნენ რატომ. თამარი იღებდა ვიდეოს და უთხრეს, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. შემდეგ წაგვართვეს ტრანსპარანტი, რომელზეც გვეწერა: რამდენს დაგვაკავებთ? და საბარგულში როცა დებდნენ, ამას იღებდა თამარი. ამ დროს დააკავეს თამარ კურატიშვილი,“ – ამბობს „გირჩის“ წევრი ნათია გაბრავა.

„დაკავებულს ვერ მივაგენით. როგორც მითხრეს, ის კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ თავმჯდომარემ, გიორგი მჟავანაძემ.

თამარ კურატიშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

„ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მითხრეს, რომ იქ არ მიუყვანიათ. პოლიცია და ცხელი ხაზიც ვერ მაწვდის ინფორმაციას, სად გადაიყვანეს დაკავებული, პროცესში დახმარება ვთხოვე სახალხო დამცველსაც,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსის ბათუმის ოფისის წინ თამარ კურატიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით დააკავეს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.

შსს-ში ასევე ვერ გვითხრეს, სად იმყოფება ამ დროისთვის დაკავებული თამარ კურატიშვილი.

ინფორმაციის განახლება: ადვოკატს შსს-დან აცნობეს, რომ დაკავებული აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაშია. ადვოკატი თამარ კურატიშვილს ჯერ არ შეხვედრია. 

21:00 საათზე ადვოკატმა ლელი ბჟალავამ გვითხრა, რომ თამარ კურატიშვილს პოლიციის მთავარ სამმართველოში არ შეახვედრეს და არც შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცეს. ადვოკატს სამმართველოში უთხრეს, რომ დაკავებული ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ, რადგან ბათუმში ადგილი აღარ არის.

„მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მეგობრებთანაა… თამარს ჩამორთმეული აქვს ტელეფონი და მას ვერავინ უკავშირდება. ეს არის არაადამიანური მოპყრობა და დაცვის უფლების წართმევა, რადგან ადვოკატს არ შეახვედრეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლელი ბჟალავამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: