მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება

21.07.2022 • 1683
ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება. ეს სპორტული ფესტივალია – გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს ქვიშის ფეხბურთში,  ტექბოლში, ფრენბურთში, რაგბისა და ფუტვოლეიში შეეჯიბრებიან.

ბათუმის ბიუჯეტში ქვიშის ფესტივალისთვის 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხის განსაკარგად ტენდერი ახლახანს გამოცხადდა.

ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე გაიმართება.

„სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ქვიშის მოედანი ხელსაყრელი ადგილია. საკმაოდ სანახაობრივი და ჯანსაღი სპორტული სახეობებია. ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, რადგან ტენდერის დონეზეა ამ ეტაპზე.

ტენდერის ნაწილი გუშინ გამოცხადდა, დღეს მეორე ნაწილი გამოცხადდება. თვის ბოლომდე გვექნება ზუსტი მონაცემები, თუ როდის გაიმართება ღონისძიება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სპორტული ცენტრის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა გორგოშაძემ.

მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობას 500 ადამიანი მიიღებს.

ცნობილია, რომ ფესტივალი ქვიშის ფეხბურთით გაიხსნება.

ბათუმის სპორტული ცენტრის ბიუჯეტი წელს 235 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში დაიხარჯება.

სპორტული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, წლის ბოლომდე იგეგმება ღონისძიებები ქუჩის კალათბურთში, გაიმართება ღია ფესტივალი ყინულის ჰოკეისა და ნიჩბოსნობაში. ასევე, წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჰოკეისტებისთვის, ნიჩბოსნებისთვის და მოჭიდავეებისთვის საჭირო ინვენტარის და ეკიპირების შეძენა.

_________________

ფოტო: ბათუმის სპორტული ცენტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: