მთავარი,სიახლეები

უკრაინა დასავლური შეიარაღების გამოყენებისას პრობლემებს აწყდება – WSJ

20.07.2022 • 11720
უკრაინა დასავლური შეიარაღების გამოყენებისას პრობლემებს აწყდება – WSJ

უკრაინა დასავლური შეიარაღებისა მიღებისა და გამოყენების სერიოზულ პრობლემებს აწყდება, რადგან ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პრობლემებია რემონტის თვალსაზრისითაც – ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

მასალაში აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იღებს თანამედროვე და ეფექტიან შეიარაღებას, რომელმაც უკვე შეცვალა ვითარება ბრძოლის ველზე – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა ბევრად ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ რუსული არმიის მნიშვნელოვან ობიექტებზე, თუმცა ამ შეიარაღების ათვისებასა და გამოყენებას თან უამრავი პრობლემა ახლავს.

უკრაინა იღებს М777-ებს აშშ-ისგან, ავსტრალიისა და კანადისგან; თვითმავალი ჰაუბიცებს –  Caesar-ს საფრანგეთისგან, Panzerhaubitze 2000-ს გერმანიისგან, M109-ს აშშ-ისგან და Krab-ს პოლონეთისგან. ამ სისტემებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ; საბრძოლოს მასალებიც კი თითოეულს განსხვავებული სჭირდება. NATO-მ არაერთხელ სცადა ამ პროცესის სტანდარტიზაცია, თუმცა ჯერჯერობით არცთუ დიდი წარმატებით.

სხვადასხვა კალიბრი აქვს ჭურვებს – 39-დან 52-მდე, ქვემეხებს – სხვადასხვანაირი ნაწილები, ტექნიკური მომსახურების განსხვავებული მოთხოვნები, დატენვის განსხვავებული მექანიზმები, ასევე სრულიად განსხვავებულია ნაწილების მიღების ჯაჭვები. ეს ყველაფერი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაში ქაოსს ქმნის.

„ახლანდელი მიდგომა, როდესაც თითოეული ქვეყანა უკრაინას გადასცემს შეიარაღების კომპლექტს ნაწილებად, ძალიან მალე იქცევა ლოგისტიკურ კოშმარად უკრაინის ძალებისთვის, რადგან თითოეულ კომპლექტს სჭირდება სწავლების, მომსახურებისა და ლოგისტიკის განსხვავებული სისტემა,“ – უთხრეს გამოცემას ლონდონის შეიარაღების სამეფო ინსტიტუტში.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის რადამ შექმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საერთაშორისო მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღებასა და გამოყენებას.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ დასავლურმა შეიარაღებამ ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ფრონტზე ვითარების სტაბილიზება ამერიკული „ჰაიმარსების“ დახმარებით მოხერხდა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით კი, უკრაინის არმიამ კონკრეტულ პოზიციებზე რუსეთის ძალებთან პარიტეტს მიაღწია, თუმცა ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის ეს შეიარაღება საკმარისი არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: