Batumelebi | კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად – Batumelebi
RU | GE  

კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად

ხვალ, 15 აპრილს აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ეს იქნება კენჭისყრის გამართვის მეოთხე მცდელობა ამ თანამდებობაზე დავით კვაჭაძის ასარჩევად.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება უკვე გამოსცა. თუ უმაღლესი საბჭო უსკოს ახალ თავმჯდომარეს ამჯერადაც ვერ აირჩევს, ახალი კანდიდატის შესარჩევად მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. ეს კი უსკოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი რიგითი წევრის შესარჩევად მესამედ გამართული კონკურსი იქნება.

დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს – ერთი უსკოს თავმჯდომარის, ხოლო მეორე წევრის არჩევაა. უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატის დავით კვაჭაძის მიმართ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა არაერთხელ გამოხატეს. ისინი მიიჩნევენ, რომ „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი დავით კვაჭაძე, რომელიც მათივე ინფორმაციით, 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შტაბში მუშაობდა, პარტიულ დირექტივას ყოველთვის დაექვემდებარება.

დეპუტატები არც კოლეგის, ირაკლი ჯაშის შვილის მამუკა ჯაშის მხარდაჭერას გეგმავენ.

პირველი კონკურსი უსკოს თავჯდომარისა და წევრის შესარჩევად 2015 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა.

თავმჯდომარის პოსტზე შვიდმა პირმა შეიტანა განაცხადი, მათგან სამი პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე შეარჩია კომისიამ.

პროფესიით იურისტი პაატა ჯალაღონია აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2014 წლიდან 2015 წლის იანვრამდე ის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 -2013 წლებში კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიწვეული სპეციალისტი იყო.

დავით კვაჭაძე კი 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობს. ის უარყოფს „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფრომაციას და ამბობს, რომ პარტიული არ არის.

29 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა წარუდგინა.

4 თებერვალს უმაღლსმა საბჭომ კანდიდატურას კენჭი უყარა – უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა. კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა.
კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა” – თემურ კახიძემ და სულხან ღლონტმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ასევე დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ [8 დეპუტატი].

18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის მეორედ უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა.

ამის შემდეგ მთავრობამ უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევად ახალი კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ, როგორც დეპუტატებს ასევე პროცესზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ არჩილ ხაბაძე ახალ კანდიდატს კომისიის მიერ შერშეული კანდიდატებიდან წარუდგენდა უმაღლეს საბჭოს.

არჩილ ხაბაძის თქმით, ეს ჩანაწერი კანონში ბუნდოვანია.

რა წერია კანონში:

„… თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.  ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომისის თავმჯდომარე თემურ კახიძე არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი