მთავარი,სიახლეები

„მათემატიკას არა აქვს სქესი“ – ვინ არის უკრაინელი მეცნიერი, რომელმაც ფილდსის მედალი მიიღო

07.07.2022 • 1449
„მათემატიკას არა აქვს სქესი“ – ვინ არის უკრაინელი მეცნიერი, რომელმაც ფილდსის მედალი მიიღო

2022 წლის 5 ივლისს მარინა ვიაზოვსკა გახდა მეორე მათემატიკოსი ქალი, რომელმაც ფილდსის მედალი მიიღო ამ ჯილდოს არსებობის 86-წლიან ისტორიაში.

ფილდსის მედალი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ოთხ ადამიანზე გაიცემა, ახალგაზრდა მეცნიერებზე, რომელთა ასაკიც 40 წელს არ აღემატება.

მარინა ვიაზოვსკა 37 წლისაა. ის კიევში დაიბადა, ინჟინრების ოჯახში. კიევში დაამთავრა სკოლა და მიიღო უმაღლესი განათლება.

„უკვე პირველ კლასში მივხვდი, რომ დათვლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე წერა-კითხვა. მოგვიანებით საკმაოდ კარგად გავერკვიე მათემატიკაში, მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ ვუნდერკინდი“ – უთხრა მარინა ვიაზოვსკამ შვეიცარიულ გამოცემა NZZ-ს ინტერვიუში, ფილდსის მედლის მიღების შემდეგ.

მარინა ვიაზოვსკამ უკრაინაში ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი დაამთავრა, გერმანიაში, კაიზერლაუტერნის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის წოდება, ხოლო ბონის უნივერსიტეტში – დოქტორის ხარისხი.

ვიაზოვსკას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მათემატიკაში მიღწევებისთვის, მათ შორის, სალემის პრემია [გაიცემა 1968 წლიდან], სატერის პრემია, ფერმის პრემია და ა.შ. ფილდის პრემიაზე იგი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარადგინეს.

მარინა ვიაზოვსკა. კადრი ვიდეომასალიდან

ვიაზოვსკა ქმართან, ფიზიკოს დანილო ევტუშინსკისთან ერთად, ამჟამად შვეიცარიაში, ლოზანაში ცხოვრობს და ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობს.

იგი მეორე ქალია ფილდსის პრემიის ისტორიაში, რომელმაც ეს მედალი მიიღო.

„მათემატიკას სქესის პრობლემა არ აქვს. როგორც ცოდნის სისტემა, ის ბრმაა სქესისა და რასის მიმართ, მაგრამ მათემატიკური საზოგადოება ჩვენი საზოგადოების ნაწილია, რომელსაც აქვს ყველა სახის პრობლემა, მათ შორის – გენდერული. ის, რომ მე ვარ მხოლოდ მეორე ქალი, რომელმაც მიიღო ფილდსის მედალი, უნდა იყოს საფიქრალი მათემატიკოსების საზოგადოებისთვის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ,“ – თქვა ვიაზოვსკამ NZZ-ს ინტერვიუში.

ვიაზოვსკას მშობლები უკრაინაში ცხოვრობენ. მისმა დებმა და დისშვილებმა დატოვეს უკრაინა ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ მშობლები და ბებია კიევში დარჩნენ, რადგან 85 წლის ბებიამ, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაიტანა ოკუპაცია, უარი თქვა უკრაინის დატოვებაზე.

ფილდსის მედლის გადაცემის ცერემონიაზე ვიაზოვსკამ პატივი მიაგო 21 წლის მათემატიკოსს, იულია ზდანოვსკას, რომელიც მარტში ქალაქ ხარკოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„კიევში ჩემი მასწავლებლები მისი მასწავლებლებიც იყვნენ. იულია შუქით სავსე ადამიანი იყო და მისი დიდი ოცნება იყო უკრაინაში ბავშვებისთვის მათემატიკის სწავლება.

ომის პირველ დღეებში ის მოკლეს ხარკოვზე თავდასხმისას.

როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან, თქვენ ფიქრობთ: რა აზრი აქვს ჩემს მასწავლებლად მუშაობას, თუ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები უბრალოდ იკარგებიან ამ საშინელ ომში?

როცა ვინმე იულიას მსგავსი კვდება, ეს მომავლის სიკვდილს ჰგავს.

იულია ზდანოვსკა

ახლა უკრაინელები იხდიან ყველაზე მაღალ ფასს ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის,“ – თქვა ვიაზოვსკამ.

ფილდსის მედალი ყველაზე პრესტიჟულ მათემატიკურ ჯილდოდ მიიჩნევა. მარია ვიაზოვსკას გარდა წელს ჯილდო გადაეცა ფრანგ ჰუგო დიუმინილ-კოპენს, ბრიტანელ ჯეიმს მეინარდს და სამხრეთ კორეელ ჯუნ ჰას.

პირველი მათემატიკოსი ქალი, რომელმაც ფილდსის მედალი მიიღო 2014 წელს, ირანელი მერიემ მირზახანი იყო, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი მედლის მიღებიდან 3 წლის შემდეგ, მკერდის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

_____________

მთავარ ფოტოზე: მარინა ვიაზოვსკა. ფოტო: quantamagazine.org

გადაბეჭდვის წესი


ასევე: