მთავარი,სიახლეები

კუნძულ ზმეინიზე რუსეთმა 900 მლნ დოლარის აღჭურვილობა დაკარგა

01.07.2022 • 1520
კუნძულ ზმეინიზე რუსეთმა 900 მლნ დოლარის აღჭურვილობა დაკარგა

შავ ზღვაში მდებარე, უკრაინის ცნობილ კუნძულ ზმეინიზე, რომელიც უკრაინამ 30 ივნისს დაიბრუნა, რუსეთმა 900 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა დაკარგა – ამის შესახებ უკრაინული „ფორბსი“ წერს.

გამოცემამ დათვალა, რა ღირებულების აღჭურვილობა დაკარგა რუსეთის არმიამ ზმეინიზე და მის წყლებში, მას შემდეგ რაც კუნძული დაიკავეს 2022 წლის თებერვალში.

ყველაზე დიდი დანაკარგი იყო რუსული სარაკეტო კრეისერი „მასკვა“, რომლის ღირებულება 750 მლნ დოლარი იყო. კრეისერი მონაწილეობდა ზმეინის დაპყრობაში. სწორედ ამ კრეისერის მისამართით გაისმა ახლა უკვე ძალიან ცნობილი ფრაზა – „რუსკი ვაენი კარაბლ, იძი ნა *უი!“. კრეისერს უკრაინულმა მხარემ 13 აპრილს „ნეპტუნის“ რაკეტები ესროლა, რის გამოც „მასკვას“ ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა.

გარდა ამისა, „ფორბსის“ ცნობით, ზმეინის წყლებში განადგურდა მინიმუმ რვა საზენიტო სისტემა, რომლის ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო და სხვადასხვა კლასის ოთხი ხომალდი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ დოლარი იყო.

ჯამში გამოცემა ვარაუდობს, რომ რუსეთმა ზმეინიზე 915 მლნ აშშ დოლარის ტექნიკა იზარალა, თუმცა, უკრაინული „ფორბსი“ აქვე აღნიშნავს, რომ დააჯამეს მხოლოდ ის დანაკარგები, რის შესახებაც ცნობილია და რუსეთის ზარალი შესაძლოა ამაზე დიდი იყოს.

შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი 30 ივნისს დაიბრუნა უკრაინამ. რუსეთმა განაცხადა, რომ კუნძული „კეთილი ნებით“, თავად დატოვეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დატოვეს კუნძული, რადგან ვეღარ გაუძლეს უკრაინის არტილერიის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: