მთავარი,სიახლეები

„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

12.04.2016 • 3203
„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს. სინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“, 18 თებერვალს გაავრცელა მიმართვა აჭარის მთავრობის სახელზე. ამ დრომდე მიმართვას ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია და, შესაბამისად, არც ერთი მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის (შედგა მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვედრა მთავრობის წევრების, არასამთავრობო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობით, თუმცა მხარეებმა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ვერ მოვახერხეთ).

17 აპრილს 13:00 საათზე, ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და მივმართავთ აჭარის მთავრობას, შეაჩეროს უკანონო ხელშკრულება, რომელიც სსიპ „ბათუმის ბულვარს“ გაფორმებული აქვს შპს „სასტუმრო ოაზისთან“. ამ ხელშეკრულების მიზანია, მომზადდეს ბათუმის ბულვარის კონცეფცია.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის მიცემული დავალება საფრთხეს უქმნის  ბათუმის ბულვარს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აჭარის მთავრობას კი არ აღმოაჩნდა ნება და უნარი, მოქალაქეების პროტესტის შემდეგ მაინც რომ წარემართა პროცესი საზოგადოებრივი ინტერესის და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის  შესაბამისად.

ბულვარის კონცეფციის პროექტის და ტოპო-გეგმის მოსამზადებლად 2015 წლის 7 ოქტომბერს,  სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ მთავრობისგან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების  უფლება მოიპოვა და ხელშეკრულება  შპს „სასტუმრო ოაზისს“ გაუფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 240 000 ლარია. კომპანიამ კონცეფციის პროექტი 2016 მაისში უნდა წარმოადგინოს.

2015 16 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“, „ბათუმის ბულვარის პირველი ეტაპის სამუშაო ვარიანტის“ პრეზენტაცია გაიმართა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა,  შპს “სასტუმრო ოაზისის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც 1600 კვ. მეტრის ხეივნის სხვადასხვა თემატიკის სივრცეებად დაყოფას და ბულვარის შუა ხეივნის კაფეებისა და რესტორნებისთვის ათვისებას ითვალიწინებს, აქამდე არ შეცვლილა.  კომპანია მუშაობას ისევ იგივე რეჟიმში განაგრძობს.

ჯერ კიდევ იანვარში მოქალაქეთა ჯგუფმა მთავრობასთან მიღწია შეთანხმებას: ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებასთან დაკავშირებული სამუშაოები ამ ეტაპზე  შეჩერებულია (სამუშაოებს რეაბილიტაციის ფარგლეებში კომპანია „ლიმტომი“ ახორციელებდა), თუმცა შპს „ოაზისი“ იმავე  მიდგომით განაგრძობს კონცეფციაზე მუშაობას, რაც, ჩვენი აზრით, მთლიანდ შეცვლის ბათუმის ბულვარის  სახეს და მას ისტორიულ ღირებულებას დაუკარგავს.

მათთვის, ვისთვისაც ბათუმი არის დასაცავი ღირებულება, ვიკრიბებით ევროპის (ერას) მოედანზე, 17 აპრილს, კვირას, 13:00 საათზე. ერთად დავიცვათ ძველი ბულვარი, არ დავუშვათ, რომ რეკრაციული ზონები და კულტურული მემკვიდრეობა ცალკეული ინვესტორების ინტერესებს შეეწიროს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: