შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ახალ ფორმატში ჩატარებას იუწყება. ზაფხულში გამოცდებზე მასწავლებლები სწავლების მეთოდიკას აღარ ჩააბარებენ – ეს ტესტების 30 პროცენტია. ცენტრის ინფორმაციით, სწავლების მეთოდიკის საკითხების ამოღება საგამოცდო ტესტებიდან განათლების სამინისტროსა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა იყო. რას გამოიწვევს სამინისტროს ახალი ინიციატივა და მიადგება თუ არა ამით ზიანი საგანმანათლებლო სისტემას? – თემაზე „ბათუმელები“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს ესაუბრა.
რას ნიშნავს საგამოცდო ტესტებიდან სასწავლო მეთოდიკის საკითხების ამოღება და რა იყო ამის მიზანი?
ახალი ფორმატით ჩატარება ნიშნავს იმას, რომ დავალების 30 პროცენტი, რომელიც გვქონდა ტესტში და რომელიც ამოწმებდა მეთოდურ ნაწილს – როგორ ვასწავლოთ – აღარ იქნება ტესტში; მხოლოდ საგნობრივ ცოდნას შევამოწმებთ. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ მეთოდური კომპონენტი – „როგორ ვასწავლოთ“ უნდა გაძლიერდეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით, საუნივერსიტეტო პროგრამებით და ა.შ. სპეციალური ტრენინგ-კურსების გავლა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისაც პედაგოგობა სურს. მათ 60-კრედიტიან პროგრამას შესთავაზებენ.
მაგრამ მათთვის, ვინც წლებია სკოლაში მუშაობს, რატომ გახდა სწავლების მეთოდიკის თავიდან სწავლება აუცილებელი?
ისინი გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ ტრენინგებს. ეს იმიტომ, რომ განვითარების სქემა ახალი კვალიფიკაციის შეძენაზეა ორიენტირებული და უფრო ნაკლებად – შეფასებაზე.
იმ პედაგოგებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საგნობრივი გამოცდა, სწავლების მეთოდიკის ნაწილში ჰქონდათ პრობლემა? ანუ ამ ნაწილს ვერ ძლევდნენ და ამის გამო ამოიღეს ის?
ერთიანად ამის თქმა რთულია, სხვადასხვა საგანში ეს სხვადასხვაგვარად იყო. ზოგიერთი საგნის პედაგოგებს, პირიქით, ეადვილებოდათ ამ ნაწილის შესრულება და იყვნენ პედაგოგები, ვისთვისაც რთული იყო. ამიტომ, იმის თქმა, რომ პედაგოგებს უჭირდათ სასწავლო მეთოდიის ნაწილის დაძლევა, სწორი არ იქნება.
მაშინ მაინც და მაინც სწავლების მეთოდიკაზე რატომ გაკეთდა აქცენტი?
იმიტომ, რომ ამის სწავლება 60-კრედიტიანი პროგრამის, ტრენინგების… სხვადასხვა სახით შეიძლება. სახელმწიფო დახარჯავს რესურსს, მასწავლებლებს რომ ასწავლოს, როგორ ასწავლონ.
პედაგოგებმა, რომლებიც 30-40 წელია სკოლაში მუშაობენ, კიდევ უნდა ისწავლონ, როგორ ასწავლონ?
მასწავლებლობა არის რეგულირებადი პროფესია. ეს იმას ნიშნავს, რომ სტანდარტი – როგორ უნდა ვასწავლოთ და რა უნდა ვასწავლოთ, პერიოდულად იცვლება. თუ მე 30 წელი ვასწავლი სკოლაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწავლა არ მჭირდება. შეიძლება იყოს ახალი მეთოდი სწავლების, რომელიც მე არ ვიცი. მეცნიერება, კვლევა გვთავაზობს ახალ-ახალ გამოწვევებს. თუკი პედაგოგებს შევთავაზებთ სწავლების ახალ მეთოდებს და ვაჩვენებთ როგორ უნდა ვიმუშაოთ, ცხადია, ეს მათ კვალიფიკაციას წაადგება.
მასწავლებელთა განვითარების პროფესიული ცენტრი მუდმივად ატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ტრენინგს. გამოდის, მათ ვერაფერი მიიღეს ამ ტრენინგებისგან?
ამაზე საუბარი გამოცდების ცენტრის პრეროგატივა არ არის. ჩვენ ამ ტრენინგების შემფასებლად არ გამოვდგებით. უბრალოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რას გვაჩვენებს ჩვენი გამოცდა. გამოცდა კი აჩვენებს იმას, რომ პედაგოგებს სჭირდებათ დახმარება როგორც საგნობრივ, ასევე მეთოდურ ნაწილში. თუკი ამ ეტაპზე ერთში მაინც დავეხმარებით, ეს უკვე კარგია. ტესტებიდან ამ ნაწილის ამოღება ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ შემსრულებლები და დიაგნოსტიკოსები.
პედაგოგსთვის, რომელიც ამბობს, რომ დრო არ ჰყოფნის ამოცანის ამოხსნაში ან ანალიზისთვის, რა შეღავათი იქნება მეთოდიკის ნაწილის ამოღება?
მეთოდიკის ნაწილი არ ამოუღიათ შეღავათისთვის, ვინმეს გამოცდების ჩაბარება რომ გავუადვილოთ. 30 პროცენტის გამოკლება არ ნიშნავს, რომ ტესტები ამდენი პროცენტით შემცირდება. ამოღებული ტესტების ნაწილი საგნობრივი საკითხებით შეივსება, თუმცა ტესტების ფორმატი შეიცვლება. გარდა ამისა, წელს მეორე სიახლე გვაქვს, – ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადავდივართ. ეს, თავისთავად, ცოტა უფრო მეტ დროს მოითხოვს. მაგალითად, საგამოცდო დრო დაწყებით საფეხურზე ისევ 5 საათი დარჩა, მაგრამ დავალებების რაოდენობა შემცირდა. ეს გაკეთდა მეთოდიკის ხარჯზე, რადგან ნაწილი საგნობრივი დავალებებით შეივსო, თუმცა დავალებების რაოდენობა მაინც უფრო მცირეა იმაზე, ვიდრე იყო შარშან. თუ I-VI კლასების მასწავლებლების ტესტები იყო 80-ქულიანი, ახლა გახდა 65-ქულიანი. იმ დროს, რომელიც გამოუთავისუფლდებათ 15 დავალების ხარჯზე, ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის გამო, ტექნიკურ ასპექტებს მოახმარენ.
როდის უნდა ისწავლონ პედაგოგებმა სწავლების მეთოდიკა, ვინ ასწავლის და რა დროა ამისთვის საჭირო?
დეტალურად არ ვიცნობ არც სამუშაო პროცესს და არც იმას, რა იგეგმება და როგორ, ეს ალბათ მასწავლებელთა პროფესიულმა ცენტრმა და უნივერსიტეტებმა უნდა იცოდნენ. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ამბობენ, შესთავაზებენ მრავალფეროვან განმავითარებელ პროგრამებს. კრედიტები უნდა მოიპოვონ ადამიანებმა მრავალფეროვანი აქტივობების შედეგად და მათ შორის, ამბობენ, რომ შესთავაზებენ მეთოდიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ ახალ ტრენინგებს. რას იზამენ, როგორ და როდის, ეს ჩვენი კომპეტენციის სფეროში არ შედის. „მე სულ უნდა ვისწავლო“ – ამ ტრენინგების იდეა ეს არის. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, უფრო მეტი დახმარება პედაგოგებს სწორედ საგნობრივი ცოდნის მიღებაში სჭირდებათ და არა მეთოდიკაში. უფრო მეტი სირთულე ტექნიკური საგნების მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით, სწორედ საგნობრივი ცოდნის დეფიციტშია.
მაშინ მეთოდიკის მიმართულებით რატომ იგეგმება ტრენინგები და არა საგნობრივი ცოდნის მიმართულებით?
აბა, რა გითხრათ, ალბათ ისიც იქნება.
ითქვა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი აქვს და წინასაარჩევნოდ პედაგოგების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს ხელისუფლება. თქვენ რას ფიქრობთ?
თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ამით საქმე გავუმარტივეთ პედაგოგებს, ეს არასწორია. ჩვენ ტესტის სირთულეს ვინარჩუნებთ.