განათლება,მთავარი,სიახლეები

195 000 ლარი ჯარიმა გერმანიის მიერ პროფესიულ განათლებაში გამოყოფილი თანხის ვერათვისების გამო 

28.05.2022 • 2686
195 000 ლარი ჯარიმა გერმანიის მიერ პროფესიულ განათლებაში გამოყოფილი თანხის ვერათვისების გამო 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საინვესტიციო პროექტებში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი 3.4 მლნ ლარი, რომელიც პროფესიული განათლებისთვის იყო გამოყოფილი, სახელმწიფომ ვერ აითვისა, რისთვისაც 195 000 ლარით დაჯარიმდა.

„ბათუმელები“  განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა თუ რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ გამოყოფილი თანხის ათვისება და კონკრეტულად რომელი კომპონენტისთვის გამოყო დონორმა აღნიშნული თანხა.

განათლების სამინისტრომ კომენტარისთვის „პროფესიული უნარების სააგენტოში“ გადაგვამისამართა, სადაც ჯერ შეგვპირდნენ განმარტების გაკეთებას, მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ  3.4 მლნ ლარის აუთვისებლობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

პროფესიული უნარების სააგენტო  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საბიუჯეტო ორგანიზაციაა.

აუდიტის ამავე დასკვნის მიხედვით, განათლების მიმართულებით სახელმწიფომ სხვა პროექტებიც ჩააგდო გასულ წელს.

მაგალითად, „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სკოლების 63 პროცენტში დაგეგმილი იყო მაღალგამტარიანი ოპტიკური არხებით უზრუნველყოფა. „ხოლო დანარჩენი სკოლებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან რადიო ტექნოლოგიით, უნდა გაუმჯობესებულიყო კავშირის სიჩქარე.

მიღწეული მაჩვენებლის მიხედვით, შესრულებულია სკოლების 63%-ის უზრუნველყოფა, ხოლო დანარჩენი სკოლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის“, – წერს აუდიტი.

ხარვეზები გამოვლინდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ბიუჯეტის ნაწილშიც, რომელიც არაქართულენოვანი სკოლების 80 პროცენტის ქართულის, როგორც მეორე ენის, კონსულტანტ მასწავლებლებითა და დამხმარე მასწავლებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა.

როგორც აუდიტი წერს, „მიღწეული მაჩვენებლის მიხედვით, 164 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში საკადრო დეფიციტის შესავსებად მივლენილი იყო 245 მასწავლებელი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით“. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლით ვერ ხერხდება იმის დადგენა, არაქართულენოვანი სკოლების რა წილი დაიფარა“, – ამბობს აუდიტი დასკვნაში.

პროგრამის ფარგლებში – „ინფრასტრუქტურის განვითარება“, რომელიც სკოლების 90 პროცენტის აღჭურვას ითვალისწინებდა, როგორც სასკოლო ავეჯით, ასევე სპორტული ინვენტარით, ბოლომდე ვერ განხორციელდა. „მხოლოდ 299 საჯარო სკოლაში განხორციელდა მერხებისა და სკამის, ასევე დაფის დარიგება“.

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ წელს წარმოდგენილი პროგრამების შესრულების ანგარიშებში მიღწეული მაჩვენებლები 10%-ით და მეტით განსხვავდებოდა მიზნობრივი მაჩვენებლისგან.

„142 ცდომილება დაფიქსირდა 2021 წელს მიღწეული შედეგების შეფასების ინდიკატორების 40%-ში.

აქედან, განმარტება წარმოდგენილი არაა ან ეს წარმოდგენილი განმარტება ზოგადი ხასიათისაა, 45%-ში“, – წერს აუდიტი.

აუდიტის თქმით, სამიზნე მაჩვენებელთან შეუსაბამობა სახელმწიფომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებითა და ვითარების გაუარესებით ახსნა. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, ზოგ შემთხვევაში, იმავე მასშტაბის გადახრა ფიქსირდებოდა პანდემიამდე პერიოდშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: