კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

გელათზე დროებითი სახურავის შეცვლას წირვის რიტუალები და წვიმაც უშლის ხელს – სააგენტო

28.05.2022 • 11259
გელათზე დროებითი სახურავის შეცვლას წირვის რიტუალები და წვიმაც უშლის ხელს – სააგენტო

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „გელათის მონასტრის“ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის ფერდებზე ძველი დროებითი სახურავის მოხსნა, ახალი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის საფარის მოწყობა და ამჟამინდელი კრამიტის საფარის მოხსნა, 2022 წლის 31 მაისი ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვერ დასრულდება. ამ სამუშაოებში 205 675 ლარზე, ტენდერის გარეშე იხარჯება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შპს „კაპიტელინჟინერინგისთან“ 2022 წლის 3 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, რითაც სამუშაოების შესრულების ვადა ერთი თვით, 30 ივნისამდე გადაიწევს.

სააგენტოს ხელშეკრულება „კაპიტელინჟინერინგისთან“ აქვს გაფორმებული.

„ვინაიდან არსებული სამუშაოები ითვალისწინებს: თუნუქის სახურავის, მოჭიქული კრამიტისა და კირდუღაბის მოხსნას და შემდგომ ისევ თუნუქის სახურავის მოწყობას, აქედან გამომდინარე სამუშაოები უნდა სრულდებოდეს დადებითი მეტეო პირობების დროს და მოსალოდნელი წვიმის და ქარის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიფაროს თუნუქით და შეწყდეს სამუშაოები;

ასევე გასათვალისწინებელია შაბათ-კვირას წირვის რიტუალები, რომელიც გრძელდება შუადღის 13:00 საათამდე და სამუშაო დღეებში მიმდინარე სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები, რა პერიოდშიც სამუშაოები შეჩერებულია. ვინაიდან მაისის თვე წვიმებით და ქარის ხშირი რაოდენობით ხასიათდებოდა, სამუშაოების წარმოებისათვის მისაღები პერიოდი საკმაოდ მცირეა, რა დროშიც შეუძლებელია დაგეგმილი სამუშაოების 31 მაისამდე დასრულება“, – აღნიშნულია ეროვნული სააგენტოს განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა თანხმობისთვის – სახელშეკრულებო ვადის ცვლილებაზე.

ეროვნული სააგენტო თავის განაცხადში ასევე აღნიშნავს, რომ „სამუშაოების მიმდინარეობის ვადების ცვლილების აუცილებლობა ასევე განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სააგენტოსთვის არ იყო ცნობილი როდის გამოიცემოდა მთავრობის განკარგულება, შესაბამისად, ვერ განისაზღვრა ტაძარზე ჩასატარებელი ფიზიკური სამუშაოების პერიოდი“.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამარტივებულ შესყიდვაზე ძეგლთა დაცვამ შესყიდვებს 2022 წლის 28 მარტს მიმართა, ხოლო, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2022 წლის 19 აპრილს გამოსცა. მხოლოდ ამის შემდეგ, 2022 წლის 3 მაისს გააფორმა ხელშეკრულება სააგენტომ „კაპიტელინჟინერინგისთან“ და სამუშაოების შესრულების ვადად, 2022 წლის 4 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდი მიუთითა.

ამჯერად კი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის 25 მაისის წერილში მითითებულია, რომ „ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები ვერ სრულდება წვიმიან, ნალექიან, ნისლიან, ქარიან და არასტაბიურ ამინდიში, მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა ვადის ცვლილების აუცილებლობა, რასაც თავდაპირველი მომართვის დროს სააგენტო ვერ გაითვალისწინებდა“.


გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

„სრულიად წარუმატებელი“ უწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ერთი წლის წინ და აღნიშნა, რომ მისი ფუნქცია არ არის, ეძიოს პასუხისმგებელი პირი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო, უნიკალური ფრესკები დაზიანდა.

ამავე თემაზე:

ვინ იმუშავა გელათის რესტავრაციაზე და რა კავშირები აქვთ მათ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან

 

მთავარი ფოტო: გელათი / „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: