მთავარი,სიახლეები

პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

05.05.2022
პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში შპს „გრინკო გორგასალმა“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო.

კომპანიის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დაიწყეს ბელეტაჟის ტიპის სახლის დანგრევა, რომლის ადგილასაც „გრინკო გორგასალი“ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს.

ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომელთა აივნებიც გორგასალის ქუჩაზე გადიოდა.

გორგასალზე, სადაც 14-სართულიანი უნდა აშენდეს. ბელეტაჟს უკვე ანგრევენ და ადგილს სამშენებლოდ ამზადებენ

ოჯახებმა, ვისაც ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში ბინაში შემავალი მზის შუქის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, პრემიერ-მინისტრს სთხოვს დახმარებას. მოქალაქეებმა წერილი შეიტანეს საქართველოს მთავრობაში, ღარიბაშვილმა კი წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გადმოამისამართა.

„როდესაც თბილისში დავრეკეთ ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, გვითხრეს, რომ მიიღეს განცხადება და საქმე ისევ ბატონ თორნიკეს დააწერეს რეაგირების მიზნით. პირდაპირ მითხრეს კონტროლზეა აყვანილიო. ეს მოხდა 29 აპრილს. ვხედავთ, რომ არაფერი არ მოხდა. დაიწყო სამუშაოები. არავინ რეაგირებას არ ახდენს. უბრალოდ, ტელეფონით გვაცნობეს კონტროლზე აყვანილიაო, მაგრამ არავინ საკონტროლოდ არ მოსულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ლინდა შალამბერიძემ, ის ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებთა ინტერესებს იცავს.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა გზა აღარ რჩება, დაგეგმილი მშენებლობის შეჩერების ერთადერთ გზად მოქალაქეებს სასამართლო რჩებათ.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის აჭარის მთავრობას მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია განიხილავს წერილს და პასუხი განხილვის დასრულების შემდეგ გახდება საჯარო.

____

„ბათუმელები“ გორგასლის 116-ში დაგეგმილ მშენებლობაზე 21 აპრილს წერდა. პროექტის მიხედვით, კომპანია „გრინკო გორგასალი“ მშენებლობას 501 კვ. მეტრზე გეგმავს. აქედან კომპანიამ 375 კვ.მეტრი მიწა ამავე მისამართზე მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლის მფლობელისგან შეიძინა, 126 კვ.მეტრი კი  შპს „ბი აი სი“-სგან, რომელმაც ფარნავაზ მეფის #113/121-ში მდებარე კორპუსი ააშენა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბი აი სი“-ს და „გრინკო გორგასლის“ მესაკუთრეები ერთი და იგივე პირები არიან. მათ ჯერ #113/121-ში ააშენეს კორპუსი, ახლა კი თავიანთი აშენებული და გაყიდული ბინის მესაკუთრეებს ფანჯრების წინ კედელს უშენებენ.

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: