კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება

21.03.2016 • 3813
ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება

ხელოვნების, ისევე როგორც მეცნიერების ისტორიაში, ქალები ნაკლებად ჩანან, რის გამოც ქალისა და კაცის თანასწორობაზე საუბრისას, ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ შემორჩნენ ხელოვნების ისტორიას გენიოსი ქალები? რამდენად სათანადოდ არიან ქალები წარმოდგენილი დღეს მეცნიერებაში,ხელოვნებაში და რამდენად სწორად ფასდება მათი შემოქმედება? “ბათუმელების” კითხვებს ხელოვნებათმცოდნემ, ფემინისტმა თეო ხატიაშვილმა უპასუხა.

 


თეო, რეალურად რამ განაპირობა ის, რომ ხელოვნების ისტორიაში ნაკლებად ჩანან ქალები?

მიზეზები, რის გამოც ქალები სათანადოდ არ არიან ხელოვნების სფეროში წარმოჩენილნი, კომპლექსურია და ეს მიზეზები არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, ან ერთი კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელი. მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები ვერ იყვნენ ხელოვნების სფეროში სათანადოდ წარმოჩენილნი, იყო ის, რომ მათ არ ჰქონდათ განათლების უფლება.
ის, რომ შემოქმედება უფრო ირაციონალურია, ფანტაზიასა და წარმოსახვაზეა დაფუძვნებული, სიმართლეა, მაგრამ ეს შეხედულება ცოტა რომანტიზებულია. შემოქმედებას აუცილებლად სჭირდება ცოდნა იმ სფეროსი, რაშიც ჰქმნი. მაგალითად, ანტიკურ ეპოქაში არსებობდა სკოლები, სადაც მოსწავლეები ადამიანის ანატომიურ აღნაგობას სწავლობდნენ, რათა შემდეგ ეს ცოდნა ქანდაკებაში გამოესახათ. ქალები აქ სწავლის საშუალებას მოკლებულნი იყვნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით შემთხვევები, თითქოს უკვე ემანსიპირებულ საქართველოშიც, მაგალითად, პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის საკმაოდ გახმაურებული შემთხვევა, როცა ქალს, მის მიმართ არსებული სტერეოტიპების გამო მაინც უწევდა საკუთარი თავის დამალვა და თავის ნაშრომს მიაწერდა კაცი პოეტის ფსევდონიმს.

 

რამდენად დაცულია გენდერული თანასწორობა ხელოვნების სფეროში დღეს?

როცა დროთა განმავლობაში ქალებისთვის გაჩნდა მინიმალური საშუალებები, რომ მათ დაეწყოთ წერა, ხატვა, გაჩნდნენ ხელოვანი ქალებიც. ეს ფემინისტური მოძრაობის თანმდევი პროცესია, – ქალები იბრძვიან თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ჰქონდეთ მინიმალური საარსებო წყარო, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული მამებზე, ძმებსა და ქმრებზე. მიუხედავად ამისა, დღესაც კი, ხელოვნებაში გენდერული თანასწორობა არ არის მიღწეული, ჯერ კიდევ ბევრი სტერეოტიპი არსებობს, მათ შორის დასავლურ, თითქოს უკვე პრობლემებმოგვარებულ და ემანსიპირებულ საზოგადოებაშიც.
ხშირად ქალი რეჟისორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზე, რომ მათ შემოქმედებაზე საუბრისას აუცილებლად აკონკრეტებენ გენდერს, როცა რეჟისორი კაცების შემთხვევაში ხაზს არასოდეს უსვამენ ამას. თითქოს კინო, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი, ეკუთვნის მხოლოდ მამაკაცებს, ისინი ქმნიან, ისინი მოიცავენ მთელ სივრცეს და თუ არსებობს რაღაც პატარა ნიშა, რომელიც დიდსულოვნად დაუთმეს ქალებს ამ მამაკაცურ კულტურაში, მაშინ გჭირდება იმის დაკონკრეტება, რომ ეს არის ქალი მხატვარი, ქალი პოეტი, ქალი რეჟისორი და ასე შემდეგ.
უთანასწორობის მაგალითია ის, რომ ქალი რეჟისორები უფრო ფართოდ არიან წარმოდგენილნი ეგრეთ წოდებულ ექსპერიმენტულ და დოკუმენტურ კინოში (ალბათ ესეც არის იმის მიზეზი, რომ ისინი არ არიან ცნობილები საზოგადოებისთვის, რადგან მეინსტრიმში უფრო პოპულარული მხატვრული კინოა). ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ კინოინდუსტრია, რომელიც არა მხოლოდ ხელოვნებაა, არამედ ფულის კეთების წყაროც, უნდობლობას იჩენს ქალის, როგორც მენეჯერის მიმართ, რომელსაც შეიძლება ბევრი ფული ანდო. დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ კინოს არ სჭირდება დიდი ბიუჯეტი, იგი შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარითაც გაკეთდეს.
სტერეოტიპი, რომ ქალი თითქოს უფრო მფლანგველია, იმსხვრევა ყოფით რეალობაში, სადაც ოჯახურ მეურნეობას სწორედ ქალი უძღვება. უთანასწორობა გამოიხატება ქალი კინემატოგრაფისტებისა და ქალი მსახიობების ფინანსურ ანაზღაურებაშიც. კინო ინდუსტრიაში (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში) ქალების შრომა გაცილებით უფრო ნაკლებად ფასდება, ვიდრე კაცებისა.

 

რას ნიშნავს “ქალური ხელოვნება” და არსებობს თუ არა რეალურად ის?

არ არსებობს ქალური და კაცური კინო, არსებობს კარგი და ცუდი კინო, რომელთა ავტორებიც შეიძლება იყვნენ ქალებიც და კაცებიც. როცა საუბრობენ “ქალურ ხელოვნებაზე”, ამას უყურებენ ირონიულად. ამაში იგულისხმება, რომ ეს არის მსუბუქი, ზერელე, არასიღრმისეული, სენტიმენტალური შემოქმედება, რეალურად კი ამოსავალი არის ქალური პრიზმა.
არა მხოლოდ ლიტერატურასა და მხატვრობაში, არამედ კინოში, ქალებმა მოიტანეს ხედვა ძალიან ყოფით ნიუანსებზე, თანმიმდევრულად რუტინული ცხოვრება არის გადმოცემული, ყველაფერი არის ნაცნობი, ყოველდღიური და სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა. მაგალითად, ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმში “კრედიტის ლიმიტი”, რომელიც ქალისა და მასთან ერთად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიაცაა, აქცენტია ისეთ თემებზე, რაც მტკივნეულია ქალისთვისაც და კაცისთვისაც. კაცები ტრავმირებულნი არიან იმის გამო, რაც მათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქალებთან ერთად გამოიარეს, მაგრამ ამაზე საუბარი ქალს უფრო უადვილდება, ვიდრე კაცს, რადგან სწორედ პატრიარქალური კულტურა უჩიჩინებს კაცს, რომ ის უნდა იყოს ძლიერი, რომ ის არის ოჯახის ბურჯი და როდესაც რეალობა აცდენილია ამ წარმოდგენას, ეს მისთვის უდიდესი ტრავმაა.
კაცს ამაზე ლაპარაკი უფრო უჭირს, ვიდრე ქალს, ქალი უფრო მოქნილია, შეუძლია ადაპტირება თუნდაც ძალიან მტრულ გარემოში. მას კულტურამ ასწავლა, რომ ის ყოველთვის მეორეხარისხოვანია, მაგრამ უნდა გადაირჩინოს საკუთარი თავი. ამიტომ, თუნდაც დიდი ტკივილის ფასად, შეიძლება ილაპარაკოს ინტიმურ, გაცილებით სენსიტიურ თემებზე ძალიან შიშვლად და ამით მიიქციოს საზოგადოებას ყურადღება.

 

ამდენად აქტიურად იყენებენ ქალები ხელოვნებას, როგორც აქტივიზმს, იგივე ქალთა უფლებების დასაცავად? რამდენად სვამენ ასეთ აქცენტებს ხელოვანი ქალები საქართველოში?

ეს ტენდენცია არ არის გამოკვეთილი, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ასეთი ხელოვანები საქართველოში. საბჭოთა კავშირმა ბევრი კარგი იდეის დისკრედიტირება მოახდინა, მათ შორის არის ფემინიზმის იდეაც, რის შედეგადაც დაგვრჩა, მაგალითად, არასწორად გაგებული 8 მარტი, როცა გვგონია, რომ ეს მხოლოდ ქალისთვის ყვავილის ჩუქების დღეა. ხშირად ქალებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი არ გამოხატავენ ამ პრობლემებისადმი პროტესტს, ამბობენ, რომ ისინიც სტერეოტიპულად ფიქრობენ და ა.შ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალიც ამავე კულტურაში გაიზარდა და მასაც ასე ჩაუნერგეს თავში ყველაფერი.
იმის გააზრება, რომ რეალურად ეს ყველაფერი პირობითობაა, შემუშავებული გეგმაა და არ არის ბუნებრივი – სულაც არ არის მარტივი. რაკიღა ფემინიზმის იდეა საზოგადოებაში არის დისკრედიტირებული, ხელოვანებს ქალთა უფლებებისა და მათი პრობლემების წინ წამოწევის დროს ერთგვარი კომპლექსი უჩნდებათ. საზოგადოების დამოკიდებულების გამო ქალს არ სურს ერქვას ფემინისტი ავტორი, ფემინისტი შემოქმედი. ურჩევნია დარჩეს სტერეოტიპების ტყვეობაში და მწვავე პრობლემებისგან მოწყვეტით აკეთოს სხვა რამ, მაგალითად, აბსტრაქტული, ლამაზი ხელოვნება, როგორსაც საზოგადობა მოელის, ზოგადად, ქალისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: