მთავარი,სიახლეები

საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით

09.03.2016 • 1404
საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ნუ შეიტანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც  დეპუტატ ირაკლი (მაილო) ჯაშს ეკუთვნის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოსაზრებებს ამ საკუთხზე გთავაზობთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზაციამ გაავრცელა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში 1 მარტს დარეგისტრირებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში ცვლილებებს, რომლის მიზანიც განმარტებითი ბარათის მიხედვით არის: „ერთმანეთისგან გამიჯნოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უსკოს კომისიის წევრების არჩევის საკითხი. უფრო ნათელი გახადოს უსკოს არჩევის პროცედურა“.

განმარტებით ბარათში დეკლარირებული მიზნის მიღწევა ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, რადგან მოქმედი კანონი ამ თვალსაზრისით საჭიროებს დახვეწას და უფრო  ნათლად დარეგულირებას. თუმცა, კანონპროექტის ტექსტის ანალიზისას ცხადი ხდება, რომ კანონპროექტით ხარვეზების გასწორების გარდა ასევე იცვლება სხვა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, მცირდება უსკოს წევრთა ასარჩევად უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა.

მოქმედი კანონდებლობით, უსკოს წევრის ასარჩევად აუცილებელია უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ცვლილების თანახმად კი საკმარისი გახდება დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის  ერთი მესამედისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად უსკოს წევრის ასარჩევად საკმარისი იქნება უმაღლესი საბჭოს 18 წევრიდან 7-ის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც მოქმედი კანონით ამისთვის მინიმუმ 11 წევრის ხმა არის აუცილებელი. ეს უსკოს დაკომპლექტების წესის არსებითი ცვლილებაა, ხდება უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირება. გაუგებარია, თუ რა აუცილებლობით არის ნაკარნახები ამ გადაწყვეტილების მიღება, განმარტებითი ბარათის მიხედვით, სადაც კანონპროექტის მიზნები არის აღწერილი, ამ ცვლილების შესახებ არაფერია ნახსენები და მხოლოდ მოქმედი კანონის ხარვეზების გასწორებაზეა საუბარი. მხოლოდ განმარტებით ბარათის იმ ნაწილში, სადაც კანონპროექტის არსზეა საუბარი ნახსენებია, რომ „…უსკოს თავმჯდომარის და წევრის არჩევის საკითხი იცვლება და შესაბამისობაში მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან. უსკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.“ თუმცა ასევე სრულიად გაუგებარია თუ რა იგულისხმება ამ წინადადებაში, რადგან მოქმედი კანონიც შესაბამისობაში არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცვლილებები მოქმედ კანონში ხარვეზების გასწორების გარდა ითვალისწინებს უსკოს წევრის არჩევის კვორუმის დაწევას, რაც არსებითი ცვლილებაა და შეამცირებს უსკოს წევრის/თავმჯდომარის ლეგიტიმაციას. კანონპროექტში არ არის მოყვანილი ამ ცვლილების აუცილებლობის დასაბუთება, განმარტებით ბარათში ფაქტობრივად მხოლოდ ხარვეზების გასწორებაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ამ ცვლილების შეტანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: