ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

13.01.2022 • 1615
პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა.

ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი.

ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში შექმნილი შესაბამისი პროდუქციის რეალიზაციით ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევით.

ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებას

  •  უფლება აქვს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა და მიიღოს შემოსავალი მხოლოდ ისეთი აქტივობებიდან, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე.
  • ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დაცული უნდა იყოს ის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები და მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ახალი წესის მიხედვით:

  • სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები, უნდა მოხმარდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების მიღწევასა და მისი ფუნქციების შესრულებას.

ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შესაძლოა, პროფესიული განათლების მასწავლებლისა და პროფესიული სტუდენტის შრომითი რესურსის გამოყენება იმ დაშვებით, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.

მასწავლებლის ან/და სტუდენტის მიერ გაწეული შრომა კი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიიღებს უსასყიდლოდ, მმართველობითი აღრიცხვისა და სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისთვის დაანგარიშებული უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სექტორში არსებული საშუალო სახელფასო განაკვეთის (საათობრივი/დღიური/თვიური) ოდენობით. პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაანგარიშება მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სექტორში არსებული მინიმალური სახელფასო განაკვეთის (საათობრივი/დღიური/თვიური) ოდენობით.

„სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები“ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 12 იანვრის დადგენილებით დაამტკიცა. დადგენილება ამავე წლის 13 იანვარს ამოქმედდა.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / პროფესიული განათლება /ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: