ბათუმი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

12.01.2022
როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

„გავწამდით. ცუდ დღეში ვართ. სასტუმროში როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენი მდგომარეობა რომ შეაფასოთ, ერთ დეტალს გეტყვით – მაგალითად, სარეცხი მოგვაქვს მემედ აბაშიძეზე, ანუ ჩვენს კორპუსში. ვრეცხავთ, ვაშრობთ და მიგვაქვს უკან. ასე ბევრ რამეზე. ისიც კი არ ვიცით, როდის შეიძლება გაამაგრონ ჩვენი კორპუსი, არავინ არაფერს არ გვეუბნება, როდის შევძლებთ სახლში დაბრუნებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსიდან გასახლებულმა ერთ-ერთმა ქალმა. ეს კორპუსი ბათუმში 8 ოქტომბერს დანგრეული სახლის გვერდით დგას და აქ მცხოვრებლები ნგრევიდან მალევე, ღამის საათებში გაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში, მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი 2022 წლის 15 თებერვლამდე უნდა მომზადდეს. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი – კორპუსის გამაგრების სამუშაოების შესყიდვაზე. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოში უთხრეს.

მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „სამშენებლო საპროექტო ჯგუფთან“ 60 ათას ლარზე, ტენდერის გარეშე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სრული დოკუმენტაცია 2022 წლის პირველ თებერვლამდე უნდა წარმოადგინოს.

„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ეს ავარიული კორპუსი 26 მაისის N13 კორპუსის [რომლის ნაწილიც 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა] მომიჯნავედ მდებარეობს.

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მემედ აბაშიძის N56-დან 36 ოჯახია დროებით გაყვანილი.

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, სულ 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის.

ამავე თემაზე:

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

მთავარი ფოტო: ავარიული კორპუსი ბათუმში, მემედ აბაშიძის 56-ში / ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: