მთავარი,სიახლეები

რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი

20.12.2021 • 1386
რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი

„სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ საკუთარი ხელფასიდან უწევთ ოჯახებში განსახორციელებელი ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება,“ – აღნიშნულია კვლევაში „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება“.

ეს კვლევა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ მოამზადა ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევა აღწერს იმას, თუ რამდენად შეიცვალა სოცმუშაკების სამუშაო გარემო.

სოცმუშაკები 2019 წელს გაიფიცნენ და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათ „ზრუნვა ცარიელი ხელებით“ უხდებოდათ, რაც ეფექტური ვერ იქნებოდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ემსახურებოდნენ.

გაფიცვის შემდეგ ათეულობით სოცმუშაკს სამსახურის დატოვება მოუწია. მათგან რამდენიმე მათგანი ახლა იმ კვლევის ავტორია, სადაც აღწერილია, რამდენად ასრულებს ხელისუფლება სოცმუშაკების მასობრივი გაფიცვის შემდეგ დადებულ პირობებს.

კვლევის მიხედვით, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1-ელ ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 13 ღონისძიებიდან სრულად შესრულდა მხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო 1 ღონისძიებას სტატუსი არ მიენიჭა. ამ ღონისძიებებს შორის იყო სოცმუშაკების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ხელფასის მატება და ადამიანური რესურსების გაუმჯობესების საკითხები.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტრანსპორტირების საკითხის სრულად უზრუნველყოფა ყველა უწყებაში კვლავ მწვავე პრობლემას წარმოადგენს,“  – აღნიშნულია კვლევაში.

„ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა ტაქსის კომპანიებთან და ასე გადაადგილდებიან სოცმუშაკები, მაგრამ არსებობს ლიმიტები, რაც ზოგჯერ ქმნის პრობლემას. სოცმუშაკი ვერ ეტყვის მოქალაქეს, რომ ლიმიტი ამოწურულია და ამიტომ ვერ მივა მასთან,“ – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ სოფო ხვთისიაშვილი,  ყოფილი სოცმუშაკი და სოცმუშაკების სამუშაო გარემოზე მომზადებული კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

სოფო ხვთისიაშვილის თქმით, ამ დრომდე სისტემა ეტაპობრივად ზრდის სოცმუშაკების შრომის ანაზღაურებას და ამ მიმართულებით დადებული პირობა სრულდება – თუკი გაფიცვის დროს სოცმუშაკის საშუალო ანაზღაურება 650 ლარი იყო, დღეს სოცმუშაკების საშუალო ხელფასი 1200 ლარია.

„2022 წლისთვის ხელზე სოცმუშაკები აიღებენ 1500 ლარს… თუმცა სოცმუშაკობის პოპულარიზაცია ისევ მთავარ პრობლემად რჩება. სისტემაში ცხადდება კონკურსები პერიოდულად და ვერ აჰყავთ კადრები,“ – ამბობს სოფო ხვთისიაშვილი.

„მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ სოციალური მუშაკის კადრის დამატების საჭიროება და აუცილებლობა თითოეულ უწყებაში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, რაზეც არის შემდგომ დამოკიდებული საქმეთა გადატვირთულობა და პროფესიული გადაწვის რისკები,“ –  ვკითხულობთ კვლევაში.

გაფიცვის დროს სოცმუშაკები ჰყვებოდნენ, რომ თითო სოცმუშაკს 100-მდე საქმე ჰქონდა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ პირობებში ეფექტური მუშაობა. კვლევის ავტორების შეფასებით, ამ მიმართულებით სოცმუშაკების მდგომარეობა არ შეცვლილა.

სოციალური მუშაკები აიყვანეს მუნიციპალიტეტებში, თუმცა, კვლევის ავტორების შეფასებით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ დრომდე არ არის ახალი კადრების ფუნქცია-მოვალეობები.

„ის, რომ სოციალურ მუშაკთა დასაქმება მუნიციპალიტეტებში არ ყოფილა ღია და გამჭირვალე პროცესი, მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური მუშაობის ეფექტურ განხორციელებას აღნიშნულ უწყებაში.

კვლევით გამოვლინდა, რომ კვლავაც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ადგილობრივ თვითმმართველობაზე.

შესაბამისად, ამ ეტაპზე სოციალურ მუშაკებს სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვის იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობები. ზოგან სხვა პოზიციის ადამიანს შეუთავსეს სოციალური მუშაობა, ზოგან კი საერთოდ არ ჰყავთ ასეთი კადრი,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

_____________

ფოტოზე: სოციალური მუშაკების გაფიცვა, 2019 წლის მარტი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: