მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები სხდომას უადგილობის გამო ვერ დაესწრებიან – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

26.11.2021 • 1101
მოქალაქეები სხდომას უადგილობის გამო ვერ დაესწრებიან – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში საკრებულოს სხდომა გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს უკვე ჰყავს ახალარჩეული საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს ძველი შემადგენლობა აპირებს, რასაც ახალი საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს. ამ საკითხს გუშინ, 25 ნოემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა ძველ და ახალ საკრებულოს წევრებს შორის.

საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში. სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

დღეს, საკრებულოს სხდომის დაწყების წინ, განცხადება გაავრცელა ძველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ. მისი თქმით, სხდომას მოქალაქეები ვერ დაესწრებიან.

იგი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების გამო დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება.

„…მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან დაესწრონ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვას. გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოს აპარატის მიერ მოქალაქეებსა და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებზე გაცემული საშვთა რაოდენობა უკვე აღემატება სხდომათა დარბაზში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, ასევე, ვითვალისწინებთ რა სახელმწიფოს მიერ დადგენილ კოვიდრეგულაციებს, დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება, რისთვისაც მოქალაქეებს ვუხდით ბოდიშს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სხდომის მიმდინარეობას თვალყური ადევნონ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური facebook გვერდის ლაივსტრიმინგის საშუალებით, რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მასმედიისა და პრესის წარმომადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულო დღეს ბიუჯეტის განხილვასთან ერთად საკუთარი ხელფასების მომატების საკითხსაც განიხილავს.

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება მერიის თანამშრომლების ხელფასები. თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით – 1000 ლარით ბათუმის ახალარჩეული მერის ხელფასი იზრდება. არჩილ ჩიქოვანი ითხოვს, რომ მისი ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდოს. მისი მაკონტროლებლის, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იქნება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: